საქართველოს ეროვნული ნაკრები 13 ივნისს, ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მორიგ საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონეთს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ გუნდებს შორის პირველი შეხვედრა „დინამო არენაზე" სტუმართა გამარჯვებით - 4:0 დასრულდა. პოლონელები „სიკვდილის ჯგუფად" შერაცხილ D ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ და ნამდვილად საოცარ ფეხბურთს დემონსტრირებენ. მიუხედავად ამისა, თემურ ქეცბაიას წასვლის შემდეგ, „ჯვაროსანთა" ბანაკში საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა და გარკვეული იმედება მატჩის წინ, ალბათ, ყველა ქართველს აქვს.
კახა ცხადაძის გუნდი საკუთარი თამაშის ძიების პროცესშია. უკანასკნელ შეხვედრებში მათ არაერთი სათამაშო სქემა და ფორმაცია გამოსცადეს, რომელთა ნაწილი საკმაოდ წარმატებული გამოდგა. აღსანიშნავია, რომ პოლონეთთან თამაშამდე, საქართველოს ეროვნული გუნდი 9 ივნისს, ტესტ-მატჩში, უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩვენი ხვალინდელი მეტოქე საკმაოდ სერიოზულ ძალას წარმოადგენს თანამედროვე ფეხბურთში. სწორედ ასეთ მეტოქესთან თამაშით შეიძლება საკუთარი სუსტი და ძლიერი მხარეების პოვნა.
ცხადაძემ ავსტრიულ შეკრებაზე საკმაოდ ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ დისკვალიფიკაციის გამო პოლონეთთან შეხვედრას ეროვნული ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა გამოტოვებს. სწორედ ამიტომ, ცხადაძემ უკრაინასთან მატჩშიც არ ისურვა კანკავას გამოძახება.
მეკარეები: გიორგი ლორია („ოლიმპიაკოსი", საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი („ტოსნო", რუსეთი), როინ კვასხვაძე („ოთელოსი", კვიპროსი).
მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი („ინტერი", აზერბაიჯანი), გურამ კაშია („ვიტესი", ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე („ომონია", კვიპროსი), კახა ალადაშვილი („სკა ენერგია", რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი („ტოსნო", რუსეთი), ლაშა დვალი („ქასიმფაშა", თურქეთი), ლაშა სალუქვაძე („ინტერი", აზერბაიჯანი), ლაშა თოთაძე („დინამო", საქართველო).
ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი („კარპატი", უკრაინა), კახა მახარაძე („ფახთაქორი", უზბეკეთი), ჯანო ანანიძე („სპარტაკი", რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე („ვოლინი", უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი („ვიტესი", ჰოლანდია), გოგიტა გოგუა („სკა ენერგია", რუსეთი), ლევან ყენია („სლავია", ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი („გენკი", ბელგია), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო").
თავდამსხმელები: ლევან მჭედლიძე („ემპოლი", იტალია), მათე ვაწაძე („ორჰუსი", დანია), გიორგი ჭანტურია („კლუჟი", რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე („ინტერი", აზერბაიჯანი).
აღსანიშნავია, რომ ნაკრებში დაბრუნდა ორი უნივერსალი - კახა ალადაშვილი და გოგიტა გოგუა. კახა სავარაუდოდ დაცვის მარჯვენა ფრთაზე ითმაშებს, სადაც ლობჟანიძე უკვე წლებია საშინლად გამოიყურება და გუნდის ყველაზე სუსტ რგოლს წარმოადგენს. გაურკვეველია, ცხადაძემ რატომ არ გამოიძახა თბილისის „დინამოს" მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე, რომელმაც საკმაოდ კარგად ჩაატარა კლუბში უკანასკნელი მატჩები, დაცვით პოზიციებზე თითქმის შეუცდომელი იყო და შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდა. ამასთანავე, ახალგაზრდა „დინამოელს" უდაოდ აქვს საკმარისი ტექნიკური მონაცემები საიმისოდ, რომ შეტევებში ჩართვისასაც შეძლოს მეტოქის ფეხბურთელთა გაბითურება. ერთადერთი პრობლემა კაკაბაძესთან დაკავშირებით ისაა, რომ იგი ინდივიდუალურად თამაშს ანიჭებს უპირატესობას და კოლექტიური შეტევების წარმართვა უჭირს. ესეც ასაკის ბრალი უნდა იყოს, იმედი ვიქონიოთ, რომ იგი მომავალში „ჯვაროსნების" შეუცვლელი წევრი გახდება.
რაც შეეხება გოგუას, იგი ნამდვილად აკლდა ეროვნულ ნაკრებს. ცხადაძე ფლანგურ შეტევებს ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობდა. ახლა მის შემადგენლობაში ნავალოვსკისა და გოგუას სახით, საოცრად მებრძოლი ფლანგელები იმყოფებიან, რომლებსაც ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ საკუთარი არეების დაპყრობა.
კარში ლორიას იმედი ნამდვილად გვაქვს, დაცვის ხაზიც საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურება, შემტევი ნახევარმცველების კუთხით კი - აღარ ვიცით, ვინ ვათამაშოთ... ყაზაიშვილმა საოცარი სეზონი ჩაატარა და ძირითად შემადგენლობაში ადგილს ნამდვილად იმსახურებს. ბოლო პერიოდში ოქრიაშვილთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმის მიუხედავად, ამ ბიჭის ტალანტი უდავოდ თვალშისაცემია და მისი გამოყენებაც სწორად შეიძლება. ყენია ბოლო პერიოდის სანაკრებო თამაშებში მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ანანიძე საკუთარი ადგილის დასამკვირდებლად იბრძვის, გიორგი პაპუნაშვილი კი, საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უდავოდ ყველაზე მოკაშკაშე ვარსკვლავია. ამ ბიჭს ყველა უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებს. პაპუნაშვილი იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ბურთთან შეხებისთანავე მაყურებელს სუნთქვას გიკრავს და მოუთმენლად ელი, თუ რას მოიმოქმედებს. რაც შეეხება კობახიძეს, პირადად ჩემი აზრით, ამ ფეხბურთელის ადგილი ეროვნულ ნაკრებში მხოლოდ სათადარიგოთა სკამზე თუ მოიძებნება. ვინაიდან მას საკმაოდ დამაჯერებელი სისწრაფე და გამოცდილება გააჩნია საიმისოდ, რომ მატჩის მიწურულს ნებისმიერ მეტოქესთან გაამწვავოს თამაში.
რაც შეეხება შეტევას, ლევან მჭედლიძემ და მათე ვაწაძემ გოლების გატანას მოუხშირეს, გიორგი ჭანტურია კი, საკლუბო მატჩებში კვლავინდებურად სახიფათოდ გამოიყურება მოედანზე და კარიერის უკეთეს კლუბში გაგრძელების მიზნით, ეროვნულ ნაკრებში დამაჯერებლად თამაშის მოტივაცია გაუორმაგდება.
„ჯვაროსნებს" შემადგენლობის თვალსაზრისით, საკმაოდ კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავთ, თუმცა ორი პოზიცია: მარჯვენა მცველი და ბურთის ამომტანი საყრდენი ნახევარმცველი, კვლავინდებურად პრობლემატურად რჩება. მარჯვენა მცველის პოზიციას სავარაუდოდ ალადაშვილი დაიკავებს, ნახევარდაცვაში კი ფაქტია, რომ ორი საყრდენით ვითამაშებთ. სამწუხაროდ, კანკავას არყოფნა სერიოზულად დაეტყობა გუნდის თამაშს. მისი ჩანაცვლება დაუშვილს დაევალება, მას კი მეწყვილეობას მახარაძე გაუწევს, რომლის თამაშითაც, პირადა მე, ნაკრების ბევრი ერთგული გულშემატკივრის მსგავსად, ნამდვილად არ ვარ მოხიბლული. გაუგებარია, რატომ არ არის გამოძახებულთა შორის მათე ცინცაძე, რომელმაც საკლუბო დონეზე არაერთხელ დაამტკიცა, რომ მზადაა ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ ითამაშოს. მათე ასაკიდან გამომდინარე, ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, თუმცა შეუპოვრად იბრძვის ბურთისთვის, კარგად ხედავს მოედანს და მშვენიერ გადაცემებს აკეთებს. განა სწორედ ასეთ ბურთის ამომტანს არ ეძებს ცხადაძე?
კახა ცხადაძემ ნაკრები რამდენიმე ფორმაციით ათამაშა, თუმცა მათგან ყველაზე უკეთ 4-2-3-1 და 3-5-2 გამოირჩა. პირველი საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება, ვინაიდან გუნდი უმეტესად 6 ფეხბურთელით იცავს საკუთარ კარს და 4 გამოკვეთილი შემტევით ესხმის თავს მეტოქეს. თუ ცხადაძე ამ ფორმაციას მიანიჭებს უპირატესობას, იგი სავარაუდოდ, ასეთი იქნება:
აქ შესაძლოა ალადაშვილის ადგილი კვლავ ლობჟანიძემ დაიკავოს, ხოლო ყენიას ნაცვლად ცენტრალურ გამთამაშებლად ყაზაიშვილმა გადმოინაცვლოს და მარჯვენა ფლანგი კვლავ კობახიძემ დაიკავოს. 3-5-2 ფორმაციის შემთხვევაში კი, ცხადაძის შეგირდები, სავარაუდოდ შემდეგნაირად გადანაწილდებიან:
აქ შესაძლოა დვალის ადგილი ამისულაშვილმა დაიკავოს, თუმცა ლაშამ იმდენად კარგი შთაბეჭდილება დატოვა უკანასკნელ მატჩში, რომ მემგონი, ღირს მისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემა. ჩვენი პრიორიტეტი ხომ ახალგაზრდა ფეხბურთელების დიდ ფეხბურთთან შეჩვევაა?!
ერთია ამ ყველაფერზე თეორიულად საუბარი და მეორე - მისთვის ხორცის შესხმა. საქართველოს ნაკრებს ნამდვილად საკმაოდ ბრძოლისუნარიანი შემადგენლობა ჰყავს, რომელიც ნებისმიერი მეტოქისთვის შესაძლოა „კერკეტი კაკალი" აღმოჩნდეს. წინ ორი საკმაოდ რთული მატჩი გველის ორი საკმაოდ ძლიერი ნაკრების წინააღმდეგ. იმედი ვიქონიოთ, რომ „ჯვაროსნების" წარმატებისა და მიზნების მიღწევას შეძლებენ.