ლევან მჭედლიძე და გოგიტა გოგუა გუნდს ტრავმების გამო ვერ დაეხმარებიან. გოგუამ 8 ივნისს გუნდთან ერთად ივარჯიშა, თუმცა სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ ფეხბურთელი ეროვნულ ნაკრებს, მომდევნო ორ შეხვედრაში ვერ დაეხმარება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, კახა ცხადაძემ ავსტრიაში თბილისის „დინამოს" ნახევარმცველი - მათე ცინცაძე იხმო. დღევანდელი შეხვედრა ლინცერის სტადიონზე, თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება და მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელის პირველი არხი შემოგთავაზებთ.
აქვე შემოგთავაზებთ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის და ფეხბურთელების - მატჩისწინა კომენტარს:
კახა ცხადაძე: „გამოძახებული ფეხბურთელებიდან სამწუხაროდ ორი მოთამაშე ვერ დაგვეხმარება. გოგუას და მჭედლიძე ტრავმების გამო გამოგვაკლდნენ.დანარჩენი ფეხბურთელები მწყობრში არიან და გეგმის მიხედვით ემზადებიან. საკმაოდ სერიოზული სამუშაო ჩატარდა ამ შეკრებაზე, დრო გვქონდა, რომ კარგად გვემუშავა ტაქტიკაზე. ფეხბურთელები მონდომებულები არიან და იმედი მაქვს, გამოჩნდება პროგრესი გუნდურ თამაშში. გოგუაზე მინდა ვთქვა - სამწუხაროა, რომ ტრავმა მიიღო. აშკარაა, რომ მას აქვს პოტენციალი, ის პოზიცია დაიკავოს, რაც გუნდს სჭირდება. მე ვესაუბრე მას და მთავრია, გუნდში სტაბილურად ითამაშოს და მას შემდეგ შეკრებებზეც გამოვიძახებთ. უკრაინასთან თამაში გვაჩვენებს, ჩვენ რა მოგვემატა და კიდევ რა არის გამოსასწორებელი. ამ შეხვედრას დიდი მნიშვნელობა აქვს პოლონეთთან მატჩის მომზადების ჭრილში. ჩვენ არ ვამბობთ უარს ძლიერ გუნდებთან სპარინგზე, რადგან ასეთ გუნდებთან უფრო კარგად ჩანს მინუსები და უფრო მეტია შანსია პროგრესისა. ამ ამხანაგურ თამაშს გამოვიყენებთ ანალიზისთვის, გვსურს დავინახოთ ის მინუსები და პროგრესი, რაც ამ ვარჯიშებმა მოგვიტანა. ვთვლი, რომ გუნდი ავსტრიულმა შეკრებამ საკმაოდ წინ წასწია".
ლაშა დვალი: „ყველანაირი პირობაა, რომ გუნდი კარგად მოემზადოს. არაჩვეულებრივი პრიობებია ავსტრიაში. გუნდი კარგ ფორმაშია და ჩვენი თამაშის ძიებაში ვართ. შეკრება ნაყოფიერი იყო და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ უახლოეს თამაშებში კარგი შედეგი გვქონდეს".
გურამ კაშია: „სამწუხაროდ, ტრავმების გამო გამოვაკლდა ორი მოთამაშე. ეს დრო უნდა გამოვიყენოთ ტაქტიკაზე სამუშაოდ, მით უმეტეს, სეზონის ბოლოა და ფეხბურთელები გადაღლილები არიან. ავსტრიაში საკმაოდ კარგი შეკრება გამოვიდა ძლიერ მეტოქეებთან მატჩებამდე".