reportiori.ge - მერაბ რაფავა: ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:44
ინტერვიუ
მერაბ რაფავა: ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა!
ავტორი:
09 ივნისი, 2015. 15:20


2004 წლის 21 თებერვალს, მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის № 174 განკარგულების საფუძველზე, 1991-1993 წლებში ხელისუფლების უკანონოდ შეცვლასთან დაკავშირებული მოვლენებისა და პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებათა შემსწავლელი სპეციალური კომისია შეიქმნა. ამ კომისიის ერთ-ერთი წევრი გახლდათ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე მერაბ რაფავა, რომელიც დღეს ჩვენს კითხვებს პასუხობს.


- ბატონო მერაბ, რამდენად ნაყოფიერად იმუშავა თქვენმა კომისიამ და ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვანი გარემოებები თუ გამოკვეთეთ?

 

- ჩვენი კომისიის პარალელურად, პროკურატურასთან შეიქმნა სპეციალური საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც გამოცდილი ოპერმუშაკები და გამომძიებლები შედიოდნენ. ჩვენ, ძირითადად, ორი მიმრთულებით ვმუშაობდით:


1. გადაგვემოწმებინა იმ ფაქტების სიზუსტე, რომელთა საფუძველზეც საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული;


2. შეგვესწავლა და დაგვედგინა, რა გარემოაბში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია.


ორივე ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი სამუშაო ჩავატარეთ და, პირველ რიგში, შევძელით, რომ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყვეტილიყო, რადგან მასში დანაშაულის არანაირი ნიშანი არ არსებობდა.


- ეს თემა მართლაც, ძალიან საინტერესოა - რა ფაქტების საფუძველზე იყო აღძრული სისხლის სამართლის საქმე სამშობლოდან განდევნილი პირველი პრეზიდენტის წინააღმდეგ?

 

- იმ პერიოდში, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა შესაძლებელი იყო მხოლოდ ერთადერთი - სამშობლოს ღალატის მუხლით.


ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა 1992 წლის 3 იანვარს, ანუ მაშინ, როცა პრეზიდენტი ჯერ კიდევ საქართველოში იმყოფებოდა.


საქმე აღძრული გახლდათ ყველანაირი პროცესუალური ნორმების დარღვევით. ზვიად გამსახურდიას ადანაშაულებდნენ ერთა შორის შუღლის გაღვივებასა და დიდი ოდენობით თანხების მითვისებაში.


- რის საფუძველზე აბრალებდნენ ასეთ რამეებს?

 

- თითქოს ზვიად გამსახურდია რომელიღაც მიტინგზე სიტყვით გამოვიდა და შეკრებილ ხალხს საქართველოს არაქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიისაკენ მოუწოდა.


თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ ყველას მიმართა, წარმოედგინათ რაიმე მტკიცებულება, თუნდაც ვიდეო ან აუდიოჩანაწერი, ანდა ცოცხალი  მოწმე, რომელიც ზვიად გამსახურდიას მხრიდან მსგავსი მოწოდების გაკეთებას დაადასტურებდა, აღმოჩნდა, რომ ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობდა.


მახსოვს, სისხლის სამართლის საქმეში იდო კახეთის რომელიღაც რაიონის ტაქსოპარკის მოლარე ქალის განცხადება, რომელიც ჩიოდა, სამსახურიდან იმიტომ გამაგდეს, რომ ეთნიკურად ოსი ვარო.


ჩვენ გადავამოწმეთ და აღმოჩნდა, რომ იმ ქალბატონის სამსახურიდან გაშვების მიზეზი მისი ეთნიკური წარმომავლობა კი არ იყო, არამედ ის, რომ მას საპენსიო ასაკი შეუსრულდა და თანაც მის მიმართ ტაქსის მძღოლებს პრეტენზიები ჰქონდა, რადგან ეს მოლარე ყოველდღიურად გარკვეულ თანხას არალეგალურად კრეფდა მათგან.


აი, ასეთ აბსურდებზე დაყრდნობით ადანაშაულებდნენ ზვიად გამსახურდიას ხალხთა შორის ეთნიკური შუღლის გაღვივებაში, რომელიღაც რაიონში ვიღაც მოლარის სასახურიდან გაშვებასთან პრეზიდენტს რა კავშირი ჰქონდა, მაგრამ მაშინდელი პროკურატურა ყველაფერს კადრულობდა, ოღონდაც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღეძრა.


- ვინ იყო მაშინ საქართველოს გენერალური პროკურორი?

 

- ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ვახტანგ რაზმაძის გენპროკურორობის დროს მოხდა. თავად რაზაძე ტიპური მოძალადე იყო, რომელიც შეიარაღებულ პუტჩისტებთან ერთად შეიჭრა პროკურატურის შენობაში და გენერალური პროკურორის სავარძელი თვითნებურად დაიკავა.


- სახელმწიფო თანხების მითვისებასთან დაკავშირებით ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ შეთითხნილი ბრალდება რას ემყარებოდა?

 

-დადგენილებაში ეწერა, რომ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა „ბინსოცბანკის" მმართველის მოადგილის გულთაზ ლაბარტყავას განცხადების საფუძველზე.


ეს ლაბარტყავა თითქოს ჩიოდა, რომ ზვიად გამსახურდიამ „ბინსოცბანკიდან" რამდენიმე მილიონი გაიტაცა, თუმცა, ჩვენ გადამოწმების შედეგად აღმოვაჩინეთ, რომ სისხლის სამართლის საქმეში მსგავსი განცხადება ფიზიკურად არ არსებობდა.


ამის შემდეგ დავიწყეთ თავად გულთაზ ლაბარტყავას ძებნა და ვიპოვეთ კიდეც. 2004 წელს იგი ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე მუშაობდა. ეს ადამიანი პროკურატურაში დაიბარეს და მის დაკითხვას პირადად მეც, კომისიის რამდენიმე წევრთან ერთად, დავესწარი.


როცა გულთაზ ლაბარტყავას პროკურატურაში უთხრეს, ზვიად გამსახურდიას ბრალი დასდეთ, რომ მან თქვენი ბანკიდან რამდენიმე მილიონი გაიტაცაო, ამ ადამიანმა ვერ გაიგო, რას ეუბნებოდნენ და ითხოვა, გამიმეორეთო. როცა გაუმეორეს და დაუკონკრეტეს, ახლა თქვენს წინ დევს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ თქვენი განცხადების საფუძველზე აღიძრაო, გულთაზ ლაბარტყავას გული წაუვიდა და მის მოსასულიერებლად სასწრაფოს გამოძახება დაგვჭირდა.


- გული რატომ წაუვიდა?

 

- იმიტომ, რომ ამ ადამიანს მსგავსი განცხადება არასოდეს დაუწერია!


- ეს როგორ?

 

გულთაზ ლაბარტყავამ  დეტალურად აგვიხსნა, რა და  როგორ იყო! მოგეხსენებათ, თბილისში საომარი მოქმედებები 1991 წლის დეკემბრის ბოლოს გაჩაღდა. ამ დროს, ახალი წლის წინა დღეებში, საქართველოს მოსახლეობა ხელფასებსა და პენსიებს ელოდებოდა.


ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკი თავისუფლების მოედანზე ანუ საომარი მოქმედებების ზონაში მდებარეობდა, პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გასცა განკარგულება, რომ მოსახლეობისთვის პენსიებისა და ხელფასების დასარიგებლად საჭირო თანხები მოეხსნათ „ბინსოცბანკიდან", რომელიც საბრძოლო მოქმედებების არეალში არ იყო მოქცეული და, ასე თუ ისე, გამართულად ფუნქციონირებდა.


დიახ, წარმოიდგინეთ, იმ დროსაც კი, როცა ზვიად გამსახურდია ბრძოლის ველზე, კრიმინალების ალყაში იმყოფებოდა, იმაზე ფიქრობდა, რომ წინასაახალწლოდ საქართველოს მოსახლეობა ხელფასებისა და პენსიების გარეშე არ დარჩენილიყო.


მოკლედ, პრეზიდენტის განკარგულებით, სახელფასო და საპენსიო თანხა „ბინსოცბანკიდან" მოიხსნა, მაგრამ, როგორც კი ზვიად გამსახურდიას მომხრეებმა თავისუფლების მოედანი პუტჩისტებისაგან გაათავისუფლეს, ეროვნულმა ბანკმა „ბინსოცბანკს" ის თანხა უკან დაუბრუნა.


იმავე პერიოდში, როცა პროკურატურის თანამშრომლები გულთაზ ლაბარტყავას სახლში მიადგნენ და ჰკითხეს, თქვენი ბანკიდან დიდი თანხები რატომ არის გასულიო, მან იქვე აუხსნა - ზვიად გამსახურდიამ თავისივე განკარგულებით ეს თანხა ეროვნულ ბანკს რამდენიმე დღეში უკან გადმოარიცხვინაო.


პროკურატურას, რომელი ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ იყო დაგეშილი, ბუნებრივია, ლაბარტყავას ასეთი პასუხი არ აწყობდა და შეთითხნეს, თითქოს ეს კაცი პრეზიდენტს თანხების მითვისებაში ადანაშაულებდა.


- ბატონო მერაბ, თუ არის თქვენთვის ცნობილი, სინამდვილეში რა თანხით დატოვეს საქართველო ზვიად გამსახურდიამ და მისმა ოჯახმა?

 

- საქართველოდან განდევნილი ზვიად გამსახურდია სომხეთის ტერიტორიაზე, კერძოდ, იჯევანში რომ გადავიდა, სომხეთის ხელისფლებამ პრეზიდენტი და მისი მხლებლები საფუძვლიანად გაჩხრიკა. არსებობს ამ ჩხრეკის ოქმი, სადაც დაფიქსირებულია ძალიან სასაცილო თანხა, რომელიც ზვიად გამსახურდიას და მასთან ერთად გახიზნულ ადამიანებს აღმოაჩნდათ.


- თანხის ზუსტი ოდენობა არ გახსოვთ?

 

- ციფრი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ იმდენად მიზერული თანხა იყო, რომ დევნილ პრეზიდენტსა და მის თანმხლებ ადამიანებს ერთი სუფრის გასაშლელადაც კი არ ეყოთ.


დიახ, იჯევანში გახიზნულ ზვიად გამსახურდიასა და მის თანმხლებ პირებს სომხეთის ხელისუფლებამ საკვების მიწოდებაც კი შეუწყვიტა და, როცა მათ ძალიან მოშივდათ, ყველამ ერთად შეკრიბა თანხა, ვისაც რამდენი ჰქონდა, მაგრამ ეს თანხა ერთი სუფრის გასაშლელადაც არ აღმოჩნდა საკმარისი!


- ე.ი. ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, 2004 წელს შეწყდა?

 

- დიახ, შეწყდა, იმიტომ, რომ ზვიად გამსახურდიას არათუ სისხლის სამართლის დანაშაული, არამედ ადმინისტრაციული გადაცდომაც კი არ ჩაუდენია, რის გამოც მისი თუნდაც ერთი ლარით დაჯარიმება იქნებოდა შესაძლებელი!


2004 წელს, როცა ჩვენ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გადახედვა დავიწყეთ, საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი იყო.


მანამდე არ ვიცოდი და საქმის მასალების გაცნობისას აღმოვაჩინე, რომ თურმე, ირაკლი ოქრუაშვილის მამა ნოდარ ოქრუაშვილი იმ საგამოძიებო ჯგუფის წევრი იყო, რომელიც ვახტანგ რაზმაძის გენპროკურორობის დროს ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს იძიებდა!


მიუხედავად ამისა, ირაკლი ოქრუაშვილს ჩვენთვის მუშაობაში ხელი არ შეუშლია. პირიქით, მან ჩვენს ჯგუფს პროკურატურის შენობაში ყველანაირი სამუშაო პირობა შეუქმნა.


- ოქრუაშვილი გენერალური პროკურორის პოსტზე მალევე შეცვალა ზურაბ ადეიშვილმა. როგორი იყო მისი მიდგომა ზვიად გამსახურდიას საქმის მიმართ?

 

- ზურაბ ადეიშვილი კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთო ამ საქმეში და საგამოძიებო ჯგუფს კიდევ დამატებით მიახმარა პროკურატურის თანამშრომლები.


საბოლოო ჯამში, საგამოძიებო ჯგუფმა თავიდან ბოლომდე შეისწავლა ზვიად გამსახურდიას მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე და დაადგინა, რომ პირველი პრეზიდენტისადმი წარდგენილი ბრალდებები სიცრუე და სიყალბე იყო.


ასე და ამგვარად, ზვიად გამსახურდია თავიდან ბოლომდე გამართლებული იქნა და მის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე დანაშაულის არარსებობის გამო შეწყდა!


ჩვენი ჯგუფის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში ასევე დადასტურდა, რომ 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალება საქართველოში განხორციელდა რუსეთის სამხედრო შენაერთების უშუალო და ფიზიკური მონაწილეობით.


- ეს როგორ დადასტურდა?

 

- სხვადასხვა პროზექტურაში მოთავსებული იყო თბილისში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა ცხედრები, რომლებიც შემდგომ რუსეთის ფედერაციაში იქნა გადასვენებული.


სისხლის სამართლის საქმეში წერილიც კი მოიპოვება, ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობა როგორ სთხოვს თბილისის მაშინდელ კომენდანტს, ჩვენი დაღუპული მებრძოლების რუსეთში გადასვენების ორგანიზებაში დაგვეხმარეთო.


პირადად მე ახლაც მახსოვს თბილისის ომში დაღუპული ორი რუსი სამხედროს გვარი - ერთი იყო მიხაილოვი, მეორე კი - კვაშა. ორივე პასპორტი  ხელში მეჭირა და პირადად ზვიად გამსახურდიას ვაჩვენე. ვუთხარი კიდეც, ბატონო პრეზიდენტო, რუსის ჯარი ჩვენს წინააღმდეგ უკვე ოფიციალურად იბრძვის-მეთქი.


მოკლედ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებისა და ოფიციალური სამხედრო შენაერთების მონაწილეობით, საქართველოში მოხდა ტიპური სახელმწიფო გადატრიალება, ამიტომაც აუცილებელი იყო ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრა.


- მერედა, რატომ არ აღიძრა ეს საქმე?

 

- კარგად მახსოვს, რომ საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელმა რევაზ ზარანდიამ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს ხელმოსაწერად შეუტანა ორი დადგენილება. პირველი ეხებოდა ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას, მეორე კი - 1991-1992 წლების სახელმწიფო გადატრიალების ფაქტზე სისხლის საართლის საქმის აღძვრას.


ორ-სამ დღეში ადეიშვილმა საგამოძიებო ჯგუფისა და კომისიის წევრები თავის კაბინეტში დაგვიბარა. მან რევაზ ზარანდიას გადასცა ხელმოწერილი დადგენილება ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმმის შეწყვეტაზე, მეორე დადგენილება კი, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეხებოდა, უკან ხელმოუწერელი დაუბრუნა.


- რატომ არ მოაწერა ხელი ადეიშვილმა ამ დადგენილებას?

 

- არ ვიცი! არადა, რამდენიმე დღით ადრე ადეიშვილი საგამოძიებო ჯგუფის ხელმძღვანელს ეუბნებოდა, სახელმწიფო გადატრიალების ფაქტზე ედუარდ შევარდნაძე უნდა დაიკითხოს და კითხვარი მოამზადეთო!


ცოტა ხანში ჩვენ დაგვიბარა გენერალური პროკურორის პირველმა მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ, რომელმაც გვითხრა, თქვენი კომისიისა და საგამოძიებო ჯგუფის მიერ გაწეული სამუშაო ამ ეტაპისთვის საკმარისია და თუ შეიძლება, კაბინეტები დაცალეთო.


მოკლედ, გვითხრეს, წადითო და ჩვენც წამოვედით. ყველა მოკვლეული მასალა და დოკუმენტაცია კი პროკრატურის არქივს ჩაბარდა.


- რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებს, ამ კუთხით რა გამოარკვიეთ?

 

- მოგეხსენებათ, აფხაზეთში, ოჩამჩირესთან ახლოს, სოფელ აჩიგვარაში, რუსები ესაუბრნენ ზვიად გამსახურდიას და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მოსთხოვეს, რაზეც პრეზიდენტმა კატეგორიული უარი განაცხადა და სამეგრელოში დაბრუნდა.


მთელი ამ პერიოდის განმავლობაში - აფხაზეთიდან, ვიდრე ძველ ხიბულამდე, სადაც ზვიად გამსახურდია გარდაიცვალა - პრეზიდენტს თუ ვინმესთან რაიმე შეხება ჰქონია, თუ ვინმესთვის თუნდაც ერთი გამარჯობა უთქვამს და ხელი ჩამოურთმევია, ჩვენ ყველა ადამიანი დავკითხეთ, ერთის გარდა!


- ვინ არის ის ერთი ადამიანი, რომელიც არ დაგიკითხავთ?

 

- ეს არის პრემიერ-მინისტრი ბესარიონ გუგუშვილი, რომელმაც პირველმა დააფიქსირა, რომ ზვიად გამსახურდია ცოცხალი აღარ იყო.


- რატომ ვერ მოახერხეთ გუგუშვილის დაკითხვა?

 

- ჩვენ ყველანაირად ვეცადეთ მის დაკითხვას, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა!


ბესარიონ გუგუშვილმა განაცხადა, რომ იგი არ ენდობოდა სააკაშვილის ხელისუფლებას და არ ჩამოვიდოდა საქართველოში, რადგან დაპატიმრების საფრთხეს გრძნობდა.


ამის შემდეგ პირადად მე ველაპარაკე გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს და ვთხოვე, იქნებ საგამოძიებო ჯგუფი გამომაყოლოთ ფინეთში, ჩავფრინდებით და ქვეყანაშიც კი არ შევალთ. გუგუშვილს აეროპორტშივე დავკითხავთ, რომ არავინ შეეხება-მეთქი.


ამაზე ადეიშვილისაგან თანხმობა მივიღე. მეტიც, მან მითხრა, გუგუშვილს თუ უნდა, თავად მისმა წარმომადგენელმა შეარჩიოს, პროკურატურის რომელი გამომძიებელი გავუშვა ფინეთში მის დასაკითხადო.


თუმცა, გუგუშვილმა ამაზეც კატეგორიული უარი განაცხადა!

არადა, პირდაპირ ვამბობ, რომ ბესარიონ გუგუშვილის დაკითხვის გარეშე, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, სიმართლე ვერ დადგინდება!


-ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსი რობიზონ მარგველანი დაჰკითხეთ?

 

- რობიზონ მარგველანი რამდენჯერმეა დაკითხული და ყოველ ჯერზე ერთმანეთისგან განსხვავებული ჩვენებები აქვს მიცემული!


- მაინც რა შეუსაბამოებებია მარგველანის ჩვენებებში?

 

- რობიზონ მარგველანი როცა აცხადებს, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა, იგი ან შეგნებულად, ან შეუგნებლად ტყუის!


დიახ, როცა აცხადებ, რომ ადამიანმა თავი მოიკლა, შენ საკუთარი თვალით უნდა გქონდეს ნანახი, როგორ მიიბჯინა მან იარაღის ლულა საფეთქელზე და სასხლეტს ხელი როგორ გამოჰკრა.


რობიზონ მარგველანს კი ასეთი რამ არ უნახავს, რადგან, მისივე ჩვენებით, იგი სხვა ოთახში იწვა და პრეზიდენტის ოთახში მხოლოდ მას შემდეგ შევიდა, რაც იქიდან გუგუშვილის ყვირილი მოესმა.


ახლა ვსვამ კითხვას - როცა სხვა ოთახიდან შემოდიხარ და უკვე გარდაცვლილ ადამიანს ნახულობ, როგორ შეგიძლია, დაასკვნა, ამ ადამიანმა თავი მოიკლა თუ სხვამ მოკლა? ეს არის კითხვა, რომელსაც რობიზონ მარგველანი ვერასოდეს უპასუხებს!


- მარგველანი ამას, ალბათ, იქიდან გამომდინარე ამბობს, რა პოზაშიც ტყვიადახლილი ზვიად გამსახურდიას ცხედარი იხილა!

 

- ეს კიდევ უფრო დიდი აბსურდია! ოფიციალური ვერსიით, პრეზიდენტმა თავი მოიკლა „სტეჩკინიდან" გასროლით. „სტეჩკინიც" მჭერია ხელში, „ტეტეც", „აკაემიც" , „აკაესიც", ტყვიამფრქვევიც და, საერთოდ, იარაღებში კარგად ვერკვევი, რის გამოც სრული პასუხიმგებლობით ვაცხადებ:


ადამიანმა თავი რანაირი იარაღითაც არ უნდა მოიკლას, გამორიცხულია, გასროლის შემდეგ, მას ეს იარაღი ხელში შერჩეს და მითუმეტეს, ყოვლად შეუძლებელია, იარაღიანი ხელი გულმკერდზე ჰქონდეს დადებული! ეს არის წარმოუდგენელი! ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება!


- არადა, მარგველანი და გუგუშვილი ამბობენ, რომ გარდაცვლილი ზვიად გამსახურდია სწორედ ასეთ პოზაში ნახეს!

 

- კიდევ ვიმეორებ და ათასიდან ათასივე ექსპერტი იმავეს გეტყვით - ყოვლად შეუძლებელი და ათასი პროცენტით გამორიცხულია, რომ ნახევრად მწოლიარე მდგომარეობაში მყოფ ზვიად გამსახურდიას „სტეჩკინიდან" გასროლით თავი მოეკლა, გასროლის შემდეგ კი იარაღი ხელში შერჩენოდა და იარაღიანი ხელი გულმკერდზე ჩამოვარდნოდა?


- როგორც ცნობილია, იმ ოთახში, სადაც გასროლა მოხდა და ზვიად გამსახურდია მოკვდა, ტყვიის გულა აღმოჩენილი ვერ იქნა. სად შეიძლებოდა გამქრალიყო?

 

- მოდით, უკიდურეს შემთხვევაში, დავუშვათ, რომ ტყვიის გულა საწოლის დაფამ აისხლიტა და ხის სახლში სადღაც ისეთ ადგილზე გაიჩხირა, რომ ექსპერტებმაც კი ვერ მიაგნეს, მაგრამ რას უნდა მივაწეროთ ის, რომ ტყვიის გულასთან ერთად, მასრაც დაიკარგა? ამას არანაირი ლოგიკური ახსნა არ მოეძენება.


კიდევ უარესი - მარგველანი და გვანცელაძე აცხადებენ, რომ იარაღი, რომლითაც, თითქოს, პრეზიდენტმა თავი მოიკლა, მათ გაწმინდეს! რას ჰქვია, იარაღს წმენდ და ასუფთავებ?! კვალს ფარავ თუ რას შვრები?!


- ბატონო მერაბ, ბოლო დროს გამოიკვეთა ვერსია, რომ სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში, სადაც, ოფიციალური ვერსიით, პრეზიდენტმა თავი მოიკლა, სინამდვილეში ცოცხალი ზვიად გამსახურდია არც მიუყვანიათ და იქ მხოლოდ მისი ცხედარი მიასვენეს. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

 

- სანამ ზვიად გამსახურდიას საქმე გამოძიებული არ არის და ოფიციალურად დაუდგენელია, რა მოხდა სინამდვილეში, მანამდე ყველანაირ ვერსიას აქვს არსებობის საფუძველი, თუმცა, პირადად მე, თქვენს მიერ ზემოხსენებულ ვერსიას, მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებების გამო, ვერ გავიზიარებ!


- რა ფაქტობრივ გარემოებებს გულისხმობთ?

 

- იმას, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე ზვიად გამსახურდიამ წვერიც გაიპარსა, ჩაიც დალია და მაწონიც მიირთვა... ერთი სიტყვით, პრეზიდენტი მომჯობინდა, ენერგია მოემატა და თავის თანმხლებ პირებს უთხრა, ახალ წელს რიგიანად უნდა შევხვდეთ, ცოტა ხანში კი ბრძოლის სხვა ეტაპზე გადავდივართო!


მე ასეთ რამეს ვფიქრობ - სპნეცსამსახურებმა, რომლებიც პრეზიდენტს ფეხდაფეხ მისდევდნენ და ყოველი მისი ნაბიჯიიცოდნენ, მაშინვე მიიღეს ინფორმაცია, დაუძლურებულმა ზვიად გამსახურდიმ გამოჯანმრთელება დაიწყო და კვლავ ბრძოლის გაგრძელებას აპირებსო, რის შემდეგაც მისი ფიზიკური ლიკვიდაცია გადაწყვიტეს და მოახდინეს კიდეც!


თუმცა, კიდევ ვიმეორებ - სანამ საქმე გახსნილი არ არის, მანამდე ყველანაირ ვერსიასა და ვარაუდს არსებობის უფლება აქვს!


- ე.ი. თქვენ ფიქრობთ, რომ ზვიად გამსახურია მართლაც სოფელ ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში გარდაიცვალა?

 

- სოფელ ჯიხაშკარში, ჯონსონ კვარაცხელიას სახლში დატოვებული დაცვის ორი წევრი ზაზა ბურჯანაძე და გოჩა კეკენაძე პრეზიდენტის სიკვდილის შემდეგ კარლო ღურწკაიას ოჯახში რომ მივიდნენ, ზივად გამსახურდიას ცხედრის გაპატიოსნებაში მიიღეს მონაწილეობა.


გოჩა კეკენაძე თავის ჩვენებაში სიტყვასიტყვით აღწერს, რომ ზვიად გამსახურდიას ყურის ძირში ჰქონდა ნახვრეტი, რომელშიც მან ბამბა ჩატენა.


სხვათა შორის, წარმოუდგენელი და გამორიცხულია, რომ ადამიანმა „სტეჩკინი" საფეთქელზე მიიდოს, გაისროლოს და ტყვია ყურის ძირში გამოვიდეს! დიახ, შეუძლებელია, ტყვიამ ასეთი ტრაექტორიით იმოძრაოს.


- ყურის ძირში გამომავალი ნახვრეტი რამხელა იყო?

 

- კეკენაძე ჩვენებაში აღწერს - ნახვრეტი იმხელა სიღრმის იყო, რომ, როცა ბამბას ვტენიდი, თითიშიგნით „ჩამივარდა", რის შემდეგაც „ატვიორტკა" ავიღე და ბამბა იმით ჩავტენეო.

 

- ნახვრეტში ბამბას რატომ ტენიდნენ?

 

- იმიტომ, რომ სისხლდენა შეჩერებულიყო!


კეკენაძეს დეტალურად გამოვკითხე, ნახვრეტიდან როგორი სისხლი მოდიოდა, შედედებული ხომ არ იყო-მეთქი? მიპასუხა, რომ სისხლი შედედებული არ ყოფილა და ოდნავ თბილიც იყო!


ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ბურჯანაძე და კეკენაძე ჯიხაშკარიდან ძველ ხიბულაში, კარლო ღურწკაიას სახლში მივიდნენ, ზვიად გამსახურდია არცთუ დიდი ხნის მკვდარი იყო.


- და მაინც, ბატონო მერაბ, თქვენ, როგორც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, როგორც პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გარემოებათა შემსწავლელი კომისიის წევრი და თუნდაც, როგორც ამ ქვეყნის რიგითი მოქალაქე, როგორ ფიქრობთ, ზვიად გამსახურდიამ თავი მოკილა თუ მოკლეს?

 

- ყველა იმ გარემოების გათვალისწინებით, რაზეც ზემოთ გესაუბრეთ, პირადად მე, ვერავინ დამიმტკიცებს, რომ ზვიად გამსახურდიამ თავი მოიკლა!


დარწმუნებული ვარ, რა დროც არ უნდა დასჭირდეს, პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების საქმე მაინც გაიხსნება და დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ზვიად გამსახურდიას თვითმკვლელობას ვერცერთი გამოძიება და ექსპერტიზა ვერ დაადასტურებს!

 

 

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016