„ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა და ბრაზილიელმა განაპირმა მცველმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივეს.
ენრიკეს „ბარსასთან" კონტრაქტი 2016 წლამდე აკავშირებდა. ბოლო დროს, 45 წლის სპეციალისტის მომავალი გაურკვეველი იყო, მაგრამ როგორც ირკვევა, ის კლუბში რჩება. ასტურიელმა „ბარსელონასთან" კონტრაქტი 2017 წლამდე გააგრძელა. მისი ხელმძღვანელობით კატალონიურმა გრანდმა, ესპანეთის ჩემპიონატის, ესპანეთის სამეფო თასის და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლო.
რაც შეეხება ბრაზილიელს, ის კლუბში 2017 წლამდე დარჩება. შეთანხმება თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს. ესპანური პრესის ცნობით, 32 წლის მცველმა გუშინ გადაწყვიტა, რომ დათმობაზე წავიდეს და კლუბის შეთავაზება მიიღოს.
დანი ალვეში „ბარსელონაში" 2008 წლიდან თამაშობს. კატალონიური კლუბის მაისურით მან 343 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. ბრაზილიელმა, „ბარსასთან" ერთად, 19 ტიტული მოიგო.