თბილისის ზოოპარს ახალი ბინადრები ჰყავს. ბუს ბარტყები ქუთაისთან, ტყეში იპოვეს და გასაზრდელად თბილისის ზოოპარს გადასცეს.
ამის შესახებ განცხადებას თბილისის ზოოპარკი ავრცელებს.
„დღეს ჩვენი ბუსკუნჩულა ბუები უნდა გაგაცნოთ. რამდენიმე დღის წინ მოგვიყვანეს, ქუთაისთან, ტყეში ეპოვნათ და მოგვაბარეს აღსაზრდელად.
ამ სახეობას ბუხრინწა ჰქვია. მართლაც, სულ რომ არ ელი, ისეთ ხრინწიან ხმას გამოსცემენ. სხედან ერთმანეთს ჩახუტებულები და როგორც კი გადახდი, დააფჩენენ ნიკსარტებს და მორთავენ ხავილს. დიდი ღორმუცელა ბავშვები გახლავან. თვალის დახამხამებაში სანსლავენ მირთმეულ ხორცის ნაჭრებს და იყურებიან დაჭყეტილები, ნეტავ კიდევ თუ გვერგებაო.
ჯერ ცოტა არ იყოს უშნიკოები არიან და პრეისტორიულ ცხოველებს უფრო ჰგვანან, ვიდრე ბუებს, მაგრამ არაფერია. სულ მალე ეს ტიტლიკანა და ალაგ-ალაგ ბურდღლიანი ბავშვები ულამაზეს ბუებად გარდაიქმნებიან. პერიოდულად გადავუღებთ ფოტოებს და გაჩვენებთ, როგორ მიმდინარეობს მათი გაბუების პროცესი."- აღნიშნულია განცხადებაში.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)