reportiori.ge - კიდევ ერთი გამქრალი დარგი საქართველოში...
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 11 ნოემბერი, 2024. 07:22
სხვადასხვა
კიდევ ერთი გამქრალი დარგი საქართველოში...
ავტორი:
11 ივნისი, 2015. 20:23




შეიძლება თუ არა მეაბრეშუმეობის აღდგენა და განვითარება?



სამწუხაროდ, კიდევ ერთ, თითქმის გამქრალ დარგზე გვიწევს საუბარი და ამჯერად ეს მეაბრეშუმეობაა. აბრეშუმის წარმოება საქართველოში უხსოვარი დროიდან იყო განვითარებული: ცნობილია, რომ მე-5 საუკუნეში, ინდოეთის დალაშქვრისას, ვახტანგ გორგასალმა საქართველოში აბრეშუმის ძაფის ამოხვევის ტექნოლოგია შემოიტანა. სიტყვა "აბრეშუმიც" სპარსულიდანაა შემოსული. ხელსაქმე და აბრეშუმის ჭიის მოვლა საქართველოში საკმაოდ გავრცელებული საქმიანობა ყოფილა.



ცნობილია ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში მაღალხარისხოვანი აბრეშუმის ქსოვილი ე.წ. დარაია მზადდებოდა. ადრეულ წლებში, მას ვალუტის დანიშნულებაც ჰქონია - ოქროსა და ვერცხლთან ერთად გამოსასყიდად იყენებდნენ. ხოლო, 1998 წელს, თბილისის ფაბრიკა "ცისარტყელაში" დამზადებულმა აბრეშუმის ქსოვილმა, მადრიდში გამართულ აბრეშუმის ნაწარმის მსოფლიო გამოფენაზე უმაღლესი ჯილდო - "დიდი პლატინის ვარსკვლავი" დაიმსახურა.



სპეციალისტთა გაანგარიშებით, გასული საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში ყოველწლიურად 4-4,5 ათას ტონა აბრეშუმის პარკს აწარმოებდნენ. მეაბრეშუმეობაში დასაქმებული იყო 100-120 ათასამდე ოჯახი, ხოლო აბრეშუმის მრეწველობაში - 5-6 ათასი კაცი. დღეს კი, მეაბრეშუმეობა საქართველოში თითქმის განადგურებულია. გასული საუკუნის 90-იან წლებში აბრეშუმის წარმოება ჩაკვდა და მუხედავად სერიოზული პოტენციალისა, დღემდე ვერ ხერხდება მისი აღდგენა.



ასოციაცია "ელკანას" კონსულტანტი, ფერმერი ჯაბა ჭეიშვილი იმ დროს იხსენებს, როცა საქართველოში აბრეშუმი მოჰყავდათ და ეს საქმე ათასობით ოჯახისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო იყო:


- კარგად მახსოვს, ჩემს ბავშვობაში როგორ აგროვებდნენ გლეხები თუთის ფოთოლს, რომლითაც პატარა აბრეშუმის ჭიებს კვებავდნენ, ეს ჭიები თანდათან იზრდებოდნენ და ბოლოს ლამაზ, თეთრ პარკებს ახვევდნენ. სწორედ ამ პარკებს აბარებდნენ სპეციალურ პუნქტებში და საკმაო შემოსავალსაც იღებდნენ. ბავშვობაში აბრეშუმის ჭიები ჩვენს ოჯახშიც გვყავდა. სამწუხაროა, მაგრამ თაობები, რომლებიც ამ საქმეს უძღვებოდნენ, ნელ-ნელა მიდიან, ახალგაზრდებმა კი, აბრეშუმის მოყვანა არ იციან. მე აღარც გამიგონია, რომ ვინმეს ოჯახში აბრეშუმის ჭიები ჰყავდეს და უვლიდეს. აბრეშუმის პატარა ჭიები, რომლებსაც "მურს" ვეძახდით, კოლმეურნეობებში გამოჰყავდათ და გრამობით აძლევდნენ გლეხებს. ამ ჭიების გაზრდა საკმაოდ შრომატევადი საქმე იყო იმიტომ, რომ 100 კილოგრამი პარკის მისაღებად 2-3 კაცის მუშაობა იყო საჭირო. აბრეშუმის ჭიას კვება დღეში სამჯერ სჭირდება, მისთვის აუცილებელია სისუფთავისა და სითბოს დაცვაც. უპირატესობას დასავლეთ საქართველოს აბრეშუმს ანიჭებდნენ იმიტომ, რომ მას უკეთესი ხარისხი ჰქონდა. 1 კგ აბრეშუმის პარკი 10 მანეთი ღირდა, რაც 10-12 დოლარის ექვივალენტს უდრიდა. აბრეშუმის ჭია კანს სამჯერ იცვლის და მესამედ რომ შეიცვლის, უფრო ინტენსიურ კვებას საჭიროებს. კარგი კვების შემთხვევაში უკვე წამოზრდილი აბრეშუმის ჭია პარკის დახვევას იწყებს. ამ ეტაპსაც სპეციალური მომზადება უნდა. აბრეშუმის პარკის გამორჩევას და გასუფთავებასაც საკმაო რაოდენობის მუშახელი სჭირდება.



- ეს დარგი ადრე მართლა მომგებიანი იყო იმიტომ, რომ აბრეშუმის პარკს კარგ ფასად აბარებდნენ და ეს სისტემაც აწყობილი იყო...


-დიახ, 1990-იან წლებამდე საქართველოში აბრეშუმის ჩამბარებელი პუნქტებიც ბლომად იყო და საწარმოებიც, სადაც ამ პროდუქციას აწარმოებდნენ. ახლა კი, ეს დარგი საერთოდ მოშლილია იმიტომ, რომ ქარხნები და ფაბრიკები დაინგრა, მათგან აგურიც აღარ დარჩენილა და აბრეშუმის ნაწარმის რეალიზაციაც გაჭირდა. აბრეშუმის წარმოება საქართველოში წამგებიანი გახდა და ამის გამო ყველამ თავი დაანება. სხვათა შორის, აბრეშუმის ჭიის კვერცხებიც კი გაქრა. ეს ქართული პოპულაცია იყო, რომელიც საქართველოში მხოლოდ ერთეულებს შეიძლება ჰქონდეთ. მისგან ძალიან მაღალი ხარისხის ძაფი და ქსოვილები მზადდებოდა.



-შეიძლება თუ არა მეაბრეშუმეობის აღდგენა და განვითარება?


-სწორად დათვლისა და გაანგარიშების შემთხვევაში ამ დარგის შემობრუნება კიდევ შეიძლება. თუმცა, ამას დრო დასჭირდება. გასათვალისწინებელია ისიც, რომ დღეს ტექნოლოგიები უფრო განვითარებულია და ამ სფეროშიც უფრო მეტი შესაძლებლობებია, რასაც გამოყენება სჭირდება. საბოლოოდ ხომ ყველაფერს კონკურნეცია და სწორი მარკეტინგი განსაზღვრავს?



-ალბათ ძნელია კონკურენცია გაუწიო იმპორტირებულ აბრეშუმის ნაწარმს, რომელიც ჩვენთან შემოდის.


- დიახ, საქართველოში სისტემატურად შემოდის იმპორტირებული აბრეშუმის ქსოვილები, რადგან უცხოელებს უკვე აწყობილი აქვთ მთელი ეს სისტემა. იმპორტიორისთვის ძალზე ხელსაყრელი და მომგებიანია, რომ საქართველო მომხმარებელი ქვეყანა იყოს და არა - მწარმოებელი, იმიტომ, რომ ამ ბაზარზე კონკურენტი არ ეყოლება და თავის პროდუქციას იოლად გაყიდის. მართალია, აბრეშუმის წარმოებაში ჩინეთს და სხვა ქვეყნებს კონკურენციას ვერ გავუწევთ, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენი უნდა გვქონდეს. თუ ასე გაგრძელდება, თუთის ძველი ნარგავები, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩენილია, რამდენიმე წელიწადში აღარ იქნება და მერე უფრო გართულდება ამ დარგის აღდგენა. ადრე თუთა ჩვენთან ყველგან იყო, ახლა იმ რაოდენობის 10 პროცენტია შემორჩენილი, მაგრამ საწყის ეტაპზე ესეც საკმარისია, მერე კიდევ შეიძლება ნარგავების დამატება, რადგან ეს მცენარე იოლი გასახარებელია. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში იყო შემთხვევები, როცა ჩვენთან, გურიაში არ ჰყოფნიდათ თუთა, იმერეთში მიდიოდნენ და იქიდან მოჰქონდათ ხოლმე.



-რამდენად მომგებიანია ეს დარგი, ღირს მასში კაპიტალის დაბანდება?


- მომგებიანია თუნდაც იმიტომ, რომ სინტეთიკურ ნაწარმს აბრეშუმის ნაწარმი ბევრად სჯობია. ეს არის ნატურალური ქსოვილი, რომელიც ჯანმრთელობას არ ვნებს. საბედნიეროდ, თანამედროვე ადამიანების უმეტესობა ხვდება, რომ ქიმიური წარმოება დიდად სარგებლიანი არ არის და მთელ მსოფლიოში იზრდება მოთხოვნილება ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციაზე. ეს ერთ-ერთი სერიოზული და მნიშვნელოვანი ფაქტორია მეაბრეშუმეობის აღსადგენად და ასამუშავებლად. უბრალოდ, ახალი ტექნოლოგიები უნდა ავითვისოთ. იმედია, ხალხი მიუბრუნდება აბრეშუმის ნაწარმს და ამ ისტორიულ დარგსაც განვითარების შანსი მიეცემა. ჯერჯერობით კი, ქართული ბაზარი მთლიანად იმპორტირებულ აბრეშუმის ნაწარმს უკავია. როგორმე უნდა მოვახერხოთ და ჩვენი, ადგილობრივი ბაზრის ათვისება მაინც შევძლოთ.



http://www.bpn.ge/biznesi/12391-kidev-erthi-gamqrali-dargi-saqarthveloshi.html?lang=ka-GE




 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016