ალბათ ბევრს ახსოვს უშიშარი "ნიანგებზე მონადირე" სტივ ირვინი, რომლიც 8 წლის წინ თავისი ცნობილი დოკუმენტური ფილმების მორიგ სერიის გადაღებისას გარდაიცვალა - კუდმახვილა დიდმა თევზმა სასიკვდილო დარტყმა მიაყენა გულის არეში. სტივენ ირვინი ცნობილი ავსტრალიელი ნატურალისტი და ტელეჟურნალისტი იყო, რომელმაც მთელი ცხოვრება ველური ბუნების შესწავლას მიუძღვნა. მის მშობლებს ავსტრალიაში ზოოპარკი ჰქონდათ და აქედან დაიწყო მისი სიყვარული ცხოველებისადმი, რომელსაც მისი ცოლი ტერიც იზიარებდა. შემდეგ კი ეს გატაცება მათ ქალიშვილ ბინდის გადაეცა, რომელიც პრაქტიკულად ცხოველების გარემოცვაში გაიზარდა.
ბინდი ახლა უკვე 16 წლისაა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ავსტრალიის ზოოპარკში აპირებს მუშაობის გაგრძელებას. "მამა ყოველთვის აღმაფრთოვანებდა. მთელი ბავშვობა პრაქტიკულად ზოოპარკში ვცხოვრობდი, ეს ნამდვილი სიგიჟე იყო, - ამბობს ბინდი, - მახსოვს, ერთხელ მამამ რჩევა მომცა, რომელიც თავში სამუდამოდ ჩამიჯდა - ცხოველებს ისე მოექეცი, როგორც გსურს, შენ მოგექცნენ. და როცა მამა შხამიან გველებთან თუ მტაცებლებთან მუშაობდა, ის ამ რჩევას მისდევდა".
ბინდი მზადაა, ბოლომდე განაგრძოს ეს გზა, რათა მამამისის შრომა ამაო არ იყოს და მის დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიჰყვეს.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)