„რეპორტიორის" შეკითხვებს „თავისუფალი დემოკრატების" წევრი, პარლამენტარი ვიქტორ დოლიძე პასუხობს:
- „კაბელების საქმეზე" „თავისუფალი დემოკრატები" სამართლიანობის აღდგენას ითხოვთ. ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავად რამდენად შეიტანეთ წვლილი სამართლიანობის აღდგენის პროცესში?
- ვფიქრობ, ყველამ კარგად უნდა გავმიჯნოთ და გვესმოდეს, რასთან გვაქვს საქმე. ის, რომ ახალაია, მერაბიშვილი, უგულავა და სხვები დამნაშავეები არიან და ციხეში იმყოფებიან - აბსოლუტურად სხვა თემაა. არავის ციხეში ჯდომა არ მიხარია, მაგრამ სააკაშვილის რეჟიმის ან სხვა ხელისუფლების პირობებში თუკი ვინმემ ჩაიდინა დანაშაული, ის, რა თქმა უნდა, ციხეში უნდა იჯდეს. ჩვენ ყოველთვის გვიწევდა საუბარი, ევროპარლამენტში თუ ბრიუსელში ყოფნის დროს, კოლეგებთან, რომ ეს არის სამართლიანობის აღდგენის პროცესი და მიმდინარეობს გამოძიება. რომ, ჯობდა სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ გაკეთებულიყო კომენტარები, ეს ხალხი იმსახურებდა თუ არა ციხეს. ახლაც ვადასტურებ, ეს არის პროცესი, რომელსაც წერტილს საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტილება დაუსვამს.
ზოგადად, არ არის კარგი, როცა სასამართლო გადაწყვეტილებებზე კეთდება კომენტარები, რადგან ასეა თუ ისე, გარკვეულ ზეგავლენას ახდენს პროცესების მიმდინარეობაზე. ალასანიას წინააღმდეგ პოლიტიკურად შეთითხნილი საქმე და წინა ხელისუფლების დანაშაულებები, თუკი აქვთ მათ დანაშაულები (არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვეს) - არის სხვადასხვა საქმე. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ.
- თუმცა, ყველა შემთხვევაში საჭიროა, სამართალმა იზეიმოს...
- მერე? ამას სასამართლოს შემდეგ ვნახავთ. ცუდი, იცით, რა არის? პროკურატურამ იქამდეც ვერ მიიყვანა საქმეები, რომ ამდენს ალაპარაკებენ იმათ, ვინც ციხეში სხედან! ამბობენ, რომ არ უმტკიცდებათ ბრალი. მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ახალაია დამნაშავეა, თუმცა რამდენიმე საქმეში არ დაუმტკიცდა ბრალი, რამდენიმეში გაამართლეს... მე ხომ ვერ გადავწყვეტ? ეს სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს!
ქვეყანაში კვალიფიკაციის სერიოზული პრობლემაა. სწორი გამოძიება რომ ჩატარებულიყო, ამდენი კითხვის ნიშანი არ დაიბადებოდა არც ქვეყნის შიგნით, არც - გარეთ.
- გაჩნდა მოსაზრებები, რადგან პოროშენკომ საქართველოს მიერ ძებნილი სააკაშვილი მაღალ თანამდებობებზე დანიშნა, ქვეყანამ უნდა მოითხოვოს განმარტებები უკრაინისგან. რას ფიქრობთ საქართველო-უკრაინას შორის დიპლომატიურ ურთიერთობებზე?
- დელიკატური თემაა. ამ ყველაფერის შემდეგ კარგი და მეგობრული ურთიერთობები ცოტა რთულია. თვალებში ჩავხედოთ სიმართლეს. მეორე მხრივ, ჩვენ იმდენად სტრატეგიული და მნიშვნელოვანი მოკავშირეები ვართ, ერთნაირი ტკივილით და ერთნაირი მომავლით, არ გვაქვს უფლება, ვიფიქროთ ურთიერთობების დაძაბვაზე. პირიქით, დღეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე, მოლდოვაზე, საერთო ევროპულ მისწრაფებებზე აისახება. ეს უნდა შევიგნოთ კარგად. გვერდზე უნდა გადავდოთ წყენები და პირადი მომენტები. 25-26 ივნისს მე და ზურაბ აბაშიძე მივდივართ კიევში, იქნება საპარლამენტო ასამბლეების შეხვედრები და ამ თემებზე ვიმუშავებთ სერიოზულად.
- ოდესა უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე რთული ოლქია. თქვენც ფიქრობთ, რომ ოდესა სააკაშვილის „უკანასკნელი გაჩერებაა"?
- სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მისი მხრიდან პოზიტიური ნაბიჯებიც გადაიდგა, მაგრამ ამასთანავე იყო სასტიკი, დაუნდობელი რეჟიმი. უამრავი გაუხსნელი საქმე! თუკი სააკაშვილი გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომელიც უკრაინას დაეხმარება, მივესალმები. ოდესა რთული ოლქია, იმდენად რთული, რომ სტალინმა ჟუკოვი იქ დანიშვნით დასაჯა. რამდენს შეძლებს სააკაშვილი, არ ვიცი. მოქალაქეობის შეცვლასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ცოტა უხერხულია. მის ადგილას ამას არ ვიზამდი. სააკაშვილთან დაკავშირებით ნაკლებ კომენტარს ვაკეთებ. ის არის წარსულის პოლიტიკოსი. მან თავისი ეპოქა შექმნა და ეს ეპოქა დასრულდა. ჩვენ უნდა ვიყოთ მომავალზე ორიენტირებული.
- ვისთან აპირებთ „თავისუფალი დემოკრატები" თანამშრომლობას? არჩევნებზე რა შანსები გაქვთ, ფიქრობთ, რომ უმრავლესობით მოსვლას შეძლებთ?
- არ ვფქირობ, რომ საჭიროა ვინმესთან გაერთიანება. დღეს არის ნათელი მაგალითი ყველასთვის, ერთ მხარეს არის „ნაციონალური მოძრაობა", მეორე მხარეს - „ქართული ოცნება". ვიცით, რა გააკეთა პირველმა მხარემ და სადამდე მიიყვანა ქვეყანა, ვხედავთ, რას აკეთებს მეორე მხარე... დღეს ადვილია არჩევანის გაკეთება. ღირებულებების, მიზნების, პოზიციების მიხედვით...
- ფიქრობთ, რომ საზოგადოება გენდობათ?
- ძალიან ბევრს დავდივართ, ვხვდებით ხალხს. პარტიის ლიდერები კიდევ უფრო მეტს აკეთებენ. განწყობებში ოპტიმიზმს ვხედავ. ხალხს უნდა სიახლე. მათ უნდათ, დაინახონ ის, რომ არ იქნები ორიენტირებული არც ძალადობაზე, არც შურისძიებასა და არც წარსულზე. იქნები ორიენტირებული მომავალზე, ევროპული პერსპექტივის გარანტიად ქცევაზე, დასაქმებაზე.
- მოსახლეობასთან წინასაარჩევნოდ შეხვედრები გქონდათ. არჩევნების შემდეგ შეხვედრიხართ მათ, გადაგიმოწმებიათ რამდენად გაუმჯობესდა ან გაუარესდა მათი მდგომარეობა?
- გასულ კვირასაც ვიყავი ჩუღურეთში. რაღაცები მოვახერხეთ ამ რაიონში, რაღაცები - ვერ. ინტენსიურად შეხვედრას, როგორც მე მინდა, ვერ ვახერხებ. თქვენ გახსოვთ, ჯერ კომიტეტის თავმჯდომარე ვიყავი, ახლა ევრონესტის (აღმოსავლეთის პარტნიორობის) საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი ვარ, ჩემი ეს ვოიაჟები ბრიუსელში, სტრასბურგში და ამავდროულად ქუთაისის ფაქტორი, ინტენსიურ კომუნიკაციებს ხელს უშლიდა. დიდი მადლობა ჩუღურეთელებს, რომლებსაც ეს ძალიან კარგად ესმით. ჩვენ ერთმანეთი გვენატრება ხოლმე.
- თქვენ ვერ ახერხებთ... თქვენი წარმომადგენელი თუ ეცნობა მათ პრობლემებს?
- რა თქმა უნდა. ეს არის ყოველდღიურ რეჟიმში. ჩუღურეთის ბიურო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიუროა. შეგიძლიათ, ადგილზე შეამოწმოთ და ნახოთ. იყო სოციალური თემები, ოპერაციების დაფინანსება, გადახურვა, ასფალტის დაგება და ა.შ. ბუნებრივია, რაღაცები წინა და დღევანდელი ხელისუფლების პერიოდშიც აშენდა და გარემონტდა, მაგრამ ფუნდამენტურად არაფერი შეცვლილა. ე.წ. ატსტუპნიკების პრობლემა არის ძალიან სერიოზული. მინდა, რაიმე მოდელი შევიმუშაოთ და ეს საკითხი გადავწყვიტოთ.
- წინასაარჩევნოდ საუბრობდით ნარკომანიის პრობლემაზე, ამბობდით - ციხეები სავსეა ნარკომანებით, მათ იყენებენ არჩევნებისთვის და ეს პრობლემა უნდა გადაჭრილიყო, რა ხდება ამ მიმართულებით?
- 300 000 პრობაციონერი გვყავდა, ციხეები სავსე იყო. თავისუფლების ხარისხი ამ კუთხით გაზრდილია. მაგრამ ნარკომანიის პრობლემა, რა თქმა უნდა, არსებობს. ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა საჭირო, დიდი თანხაც არის ჩასაყრელი, კონკრეტული პროგრამები უნდა შემუშავდეს და ამის პერსპექტივას ვხედავ ქვეყანაში. მათი რეინტეგრაცია და რესოციალიზაციაა საჭირო. ეს არ არის იოლი პრობლემა, ძალიან დიდი ყურადღებაა საჭირო...
- როგორ აფასებთ კოალიცია „ქართულ ოცნებაში" თქვენს ყოფნას დღევანდელი გადასახედიდან?
- ერთი წუთითაც არ მინანია ჩემს ნაბიჯებზე, რაც გადამიდგამს. ყველამ ერთად ვიმუშავეთ და ვიბრძოლეთ სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. არ მიყვარს პიროვნებებზე საუბარი და პიროვნული შეტევები. ჩვენ ერთად ვიბრძოდით, ჩვენ ერთად სერიოზულ გამარჯვებებს მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, იმიტომ რომ მის გარეშე ეს ყველაფერი არ მოხდებოდა! უმადურობას ვერ ვიტან! ჩვენ ყველაფერს კარგად ვხედავთ. გულდასაწყვეტი სხვა რამ არის - იმ პრინციპებზე, რითაც მოვდიოდით, გუნდის წევრებმა უარი თქვეს.
„თავისუფალ დემოკრატებს" არ მოგვწონს ის, რაც მოხდა, ეს არ იყო ჩვენი თვითმიზანი, არ მოგვწონს, მაგრამ ფაქტია. სხვა გზა არ დაგვიტოვეს. გვინდა ქვეყნის წარმატება. მე ყოველთვის პოზიტიურ მომავალზე ვარ ორიენტირებული.