ყველა მშობელი ოცნებობს, აღზარდოს კეთილი, გულისხმიერი შვილი. მეცნიერებმა კი მიაგნეს საშუალებას, როგორ უნდა გააკეთოთ ეს. მეცნიერებმა 4 უნივერსალური აღმზრდელობითი მეთოდი გამოავლინეს.
რას ასწავლიან მშობლები ბავშვებს, რა მიზნებს უსახავენ? ჰარვარდის მეცნიერებმა ამ შეკითხვებზე პასუხების გაგება სცადეს. მათ საშუალო სკოლების 10 ათასზე მეტი ბავშვი გამოკითხეს და გაარკვიეს, რომ მათი მშობლები უფრო მეტად აფასებენ ბავშვების სასკოლო წარმატებებს, ვიდრე მზადყოფნას, სხვებს დაეხმარონ. ამის საპასუხოდ მკვლევარებმა 4 ილეთისგან შემდგარი სია შეადგინეს, რომელიც საშუალებას მოგცემთ, კეთილი და გულისხმიერი ბავშვი გაზარდოთ. ეს საბაზო პრინციპები უნივერსალურია ნებისმიერი ასაკისთვის და ზოგადად აღზრდისას გამოსაყენებელი.
პრაქტიკა და კიდევ ერთხელ პრაქტიკა - რა უნარის განვითარებასაც არ უნდა ეცადოთ ბავშვში, პირველ რიგში უნდა მისცეთ პრაქტიკულად ამის განხორციელების, გავარჯიშების საშუალება. მისცეთ სწორი მიმართულება, შესთავაზოთ შესაბამისი დავალებები და მითითებები. იგივე ეხება ზნეობრივ თვისებებსაც - მათ დაბადებიდან კი არ იღებენ, არამედ ავითარებენ. მაგალითად, თუ გსურთ ბავშვს ასწავლოთ ზრუნვა და გულისხმიერება, ყოველდღიური სიტუაციები დაანახეთ, როდესაც ამის გამოვლენას შეძლებს: მაგალითად, დაეხმარება ხანდაზმულ მეზობელს ან თანაკლასელს დავალებას აუხსნის.
მცირედან დიდისკენ და პირიქით - ნებისმიერი განვითარება მარტივი ნაბიჯებიდან იწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მათ უკან ბავშვი ყოველთვის ხედავდეს პერსპექტივას (სხვათა შორის, ეს კარგსაც ეხება და ცუდსაც). მაგალითად, როდესაც ბავშვს ანბანს ასწავლით, უნდა უამბოთ წიგნებზე და იმაზე, თუ რამდენია მასში საინტერესო. თუ გსურთ კეთილი და შემწყნარებელი ბავშვის გაზრდა, ასწავლეთ მის ახლო გარემოცვაში ადამიანების მოთხოვნებსა და საჭიროებებზე გამოხმაურება და ხანდახან უკარნახეთ, როგორ უნდა მოიქცეს.
უჩვენეთ კარგი მაგალითი - არავითარ სიტყვას არ აქვს ძალა, თუ ბავშვი ხედავს, რომ უფროსები სხვაგვარად იქცევიან. ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ ყოველმხრივ სრულყოფილი უნდა გახდეთ - ყველას აქვს შეცდომის უფლება და მარცხიც უნდა აღიაროთ ბავშვის წინაშე. ოღონდ ის უნდა ხედავდეს, რომ მშობლებიც მუშაობენ საკუთარ თავზე და ნამდვილად ცდილობენ, ცხოვრებაში განახორციელონ ის, რაზეც საუბრობენ.
ასწავლეთ ბავშვს ნეგატიური გრძნობების შეკავება - უმეტესობას ეს უჭირს, მაგრამ აუცილებელია ამის გათავისება და ასევე ბავშვისთვის სწავლება. სიბრაზე, გაღიზიანება, წყენა უნდა ისე გამოხატო, რომ ამით გარშემო მყოფებს არ მიაყენო ზიანი, ან ეცადო და გადალახო, ან სულაც პროდუქტიული მიმართულება მისცე. საკუთარი გრძნობების მართვის უნარი ძალიან გამოადგება ცხოვრებაში - თუ ამას ასწავლით, შექმნით მისთვის საფუძველს ადამიანებთან პოზიტიური ურთიერთობებისთვის.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერების მონაცემებით, ამერიკელი მშობლების 80% ასწავლის თავის ბავშვებს, რომ პირადი ბედნიერება და დიდი წარმატება გაცილებით მნიშვნელოვანია სხვებზე ზრუნვაზე. ალბათ ამიტომაც არის, რომ როდესაც ბავშვები იზრდებიან, ხანდაზმული მშობლები ხშირად უჩივიან მათი მხრიდან უყურადღებობას და სრულ გულგრილობას.
წყარო - mshoblebi.ge