reportiori.ge - შალვა ხაჭაპურიძე: მგონი, სასამართლო სისტემის მოწყობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილსა და ნინო გვენეტაძეს სურთ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:40
ინტერვიუ
შალვა ხაჭაპურიძე: მგონი, სასამართლო სისტემის მოწყობა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილსა და ნინო გვენეტაძეს სურთ!
ავტორი:
12 ივნისი, 2015. 21:03


ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე სასამართლო სისტემაში მიმდინარე რეფორმების გატარებასა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეს მხარს უჭერს. თუმცა, ადვოკატი აქვე აღნიშნავს, რომ სისტემაში უამრავი ხარვეზია, რომლის გამოსწორების სურვილიც ხელისუფლებას უნდა გააჩნდეს.


სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესებზე, ხარვეზებსა და დადებით სიახლეებზე „რეპორტიორს" ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ესაუბრა:


- ცალსახად გამოვხატავ მხარდაჭერას უზენაესი სასამართლოს ახალი თავმჯდომარის, ქალბატონი ნინო გვენეტაძის მიმართ. ეს ადამიანი გამოირჩევა თავისი პროფესიონალიზმით. იგი გახლავთ ნამდვილი მოსამართლე. მას აქვს ის ხედვები, რომელიც საქართველოს სასამართლოს გამოიყვანს იმ მძიმე მდგომარეობიდან, რომელშიც იგი დღეს იმყოფება და მომავალში სასამრთლო სისტემა გახდება ევროპული ოჯახის წევრი.  ამ მიმართულებით უკვე დაიწყო სასამართლო რეფორმები და ეს ძალიან კარგია.


- გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და სამ მოსამართლეს შორის ფარული შეხვედრა გაიმართა. ფლობთ თუ არა ინფორმაციას ამის შესახებ?


- ინფორმაცია, თითქოს ბიძინა ივანიშვილი შეხვდა სამ მოსამართლეს, მურუსიძეს, ცერცვაძეს და ჩინჩალაძეს, არის აბსურდი და მინდა, დარწმუნებით ვთქვა, რომ ასეთი შეხვედრა არ შემდგარა. მეტსაც გეტყვით, არათუ მოსამართლეებს არ შეხვდა, ბიძინა ივანიშვილი ნინო გვენეტაძის დანიშვნაში არ ჩარეულა და მაქსიმალურად დემოკრატიულად ჩაიარა პროცესებმა.


ასევე დადის მოარული ხმები, რომ აღნიშნული სამი პიროვნება შეხვდა ხელისუფლების წარმომადგენელს, რომლისგანაც მათ მიიღეს დასტური იმისა, რომ ძველ თავმჯდომარეებს აღარ გაუშვებდნენ ვადის ამოწურვამდე და ამის სანაცვლოდ, ისინი უზრუნველყოფდნენ ხელისუფლებისთვის სასურველი საქმეების განხილვასა და სასურველი შედეგებით დამთავრებას. ვერ გეტყვით, ეს ხმები სწორია თუ არა, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას, ჩაერიოს ამ საკითხში და გაარკვიოს, იყო თუ არა მართლაც ასეთი შეხვედრები და რა მიზანს ემსახურებოდა იგი.


აქვე მივმართავ პროკურატურასა და იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელს, დაიწყონ მოძიება იმ მასალებისა, სადაც გამოჩნდება ბატონი ცერცვაძის მიერ გაგრძელებული სამოსამართლეო ვადის შესახებ ინფორმაცია.

 

-ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მიმართ დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. ფიქრობთ, რომ აღნიშნულმა ინსტიტუტმა საქართველოში კრახი განიცადა?


- კრახს რომ განიცდიდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი, ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით მაშინ, სანამ ამ ინსტიტუტს მიიღებდნენ. არაერთხელ მივუძღვენით ამას საგაზეთო პუბლიკაცია. ძალიან ბევრს საუბრობდა ამის შესახებ მინდია უგრეხელიძე,  სხვა მეცნიერები და პროფესორებიც, მაგრამ წინა ხელისუფლებამ ეს ყურად არ იღო. სამწუხაროა, რომ იგივე საკითხი ყურად არ იღო დღევანდელმა ხელისუფლებამაც. არაერთხელ გვითქვამს, რომ ერთ მშვენიერ დღეს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი დაგვაყენებდა კატასტროფის წინაშე. გამოიწვია კატასტროფა?! არ დავარღვევ უდანაშაულობის პრეზუმფციას და არ ვიტყვი, ოქროპირიძე მკვლელია თუ არა, მაგრამ ფაქტი ერთია, ნაფიც მსაჯულებს განაჩენი უნდა გამოეტანათ.


ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა გახლავთ ის, რომ ჩვენ ვერ გავაცნობიერეთ, რომ თუ არ გვექნება დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, დემოკრატიული სასამართლო, ვერასდროს ავაშენებთ სახელმწიფოს. მოვა ნებისმიერი მინისტრი და რაც უნდა, იმას გააკეთებს, რომელ ტელევიზიასაც უნდა, იმას მიგიკეტავს და რასაც მოინდომებს, იმას იზამს. როცა ამ ძალადობას და უკანონობას უყურებს მოსახლეობა, ისიც იმეორებს იმავეს, რასაც ხელისუფლება აკეთებს. ამიტომ, სასამართლო არის ქვაკუთხედი, რომელზეც უნდა აშენდეს ახალი სახელმწიფო. ეს ვერ გაიგო ვერცერთმა ხელისუფლებამ.


საქართველოს სისხლის სამართლის პროცესში დაზარალებულის ინსტიტუტი არ არსებობს და რამდენი უბედურება შეიძლება ითქვას კიდევ. მოსამართლეს არ შეუძლია პირობითი მსჯავრის გამოტანა, სანამ პროკურორი არ ეტყვის ამას. ანუ, პროკურორი უფრო ზემდგომია, ვიდრე მოსამართლე. ამას ჩვენ მშვიდად ვუყურებთ. ახლაც ვეუბნები ხელისუფლებას, გააუქმეთ ეგ სისულელე, მოსამართლეებს მიეცით დამოუკიდებლად მოქმედების უფლება, თორემ უარესი კრახის წინაშე დავდგებით. ერთ მშვენიერ დღეს პროკურორი იტყვის - მე მივუსჯი ამ კაცს განაჩენსო. არსებობს სერიოზული პრობლემები. ნაკლებად მაღელვებს, როგორი მინისტრი იქნება ვინმე, როგორი მერი იქნება, როგორი ტელევიზია იქნება, ჩემთვის მნიშვნელოვანია სასამართლო. არ მომეწონება ქალაქის მერი? ვუჩივლებ სასამართლოში და სამართლიან სასამართლოში მოვიგებ საქმეს. თუმცა, ყოფილი ხელისუფლების პირობებში არსებული სასამართლოსა და დღევანდელი სასამართლოს შედარება წარმოუდგენელია, არის ნათელი წერტილები, მაგრამ ამას გაზრდა და გაფართოება სჭირდება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანის პათოსი - გვექნება დამოუკიდებელი სასამართლო? ვიქნებით ნორმალური სახელმწიფო. არ გვექნება ნორმალური სასამართლო? ვიქნებით იმ 25-წლიან წუმპეში ჩაწოლილები, როგორც ამდენი ხანია ვართ. დავიღალეთ, აღარ გვაინტერესებს ადეიშვილები და მისნაირები. გვჭირდება ნორმალური სასამართლო, დანარჩენს ჩვენ თვითონ მივხედავთ, ბიზნესსაც, ეკონომიკასაც და ყველაფერს.


- რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას. მოსახლეობაც და პოლიტიკოსებიც საუბრობენ იმაზე, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი დროში გაიწელა და არსებობს გარკვეული შემაფერხებელი მიზეზები. თქვენ რას ფიქრობს ამის შესახებ და რა შეიძლება გამხდარიყო პროცესის დროში გაწელვის მიზეზი?


- რა თქმა უნდა, გაიწელება დროში სამართლიანობის აღდგენა, რადგან, ვისაც ეს საქმე ევალება, ის ადამიანებმა თავად დაარღვიეს სამართალი. ის ხალხი გვიზის თანამდებობებზე, ვისაც ვედავებით დანაშაულის ჩადენას. ჩემს შვილს ხომ არ მოვაჭრი კუდსაო, ასეა საქმე. გუშინ აღიარა ქალბატონმა თეა წულუკიანმა, რომ ხელისუფლების მინუსი გახლავთ ის, რომ არ იმოქმედეს დროულად და ის ხალხი, ვინც მათთან ერთად არ იბრძოდა, არ ჩამოაცილეს ხელისუფლებას და დატოვეს თანამდებობებზე.


ყველაფერი ბრალდებათ ამერიკელებს და ევროპელებს. სისულელეა ეს და არაა დასაჯერებელი. არცერთი ელჩი არ გეტყვის, ვინმე პროკურორის წინააღმდეგ საქმე არ გამოიძიოო. ან ვინ გეუბნება საერთოდ, რომ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე არ გამოიძიოო? აქ უბრალოდ იმდენად დიდი ხნის შემდეგ დაიწყეს სისხლისსამართლებრივი დევნები, რომ მოგვიტრიალდა ამერიკა და გვეუბნება, თუ გამოსაძიებელი იყო ეს საქმეები, აქამდე სად ვიყავით. ახლა ამას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავს. უფრო მეტიც, თუ ამ ხალხს დანაშაულები აქვთ ჩადენილი, რატომ არ არის სასამართლო განაჩენები? რატომ გამოდის ბაჩო ხალაიაზე 8 გამამართლებელი განაჩენი? საქმე იმაშია, რომ თუ ამ ადამიანებმა დანაშაული ჩაიდინეს, გამოიძიონ და დაამთავრონ საქმე ერთხელ და სამუდამოდ. მეორე უკიდურესობაში ჩავვარდით და იმდენი გამამართლებელი განაჩენი გამოდის დღესდღეობით, რომ საქართველოს ისტორიაში ერთად არ გამოსულა ამდენი. ამას რა ჯობია, კარგია, მაგრამ არსებობს ძალიან ცუდი სტატისტიკა. ბოლო სამი წლის გამამართლებელი განაჩენები რომ ავიღოთ, 99 % მოდის „ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენლებზე და 1 % ეხება რიგით მოქალაქეებს. ანუ, გამოდის, რომ საზოგადოებისთვის არაფერი შეცვლილა და იგივე სტატისტიკაა. უბრალოდ, „ნაციონალები" მართლდებიან.


მართალია, ბიძინა ივანიშვილი რასაც ამბობს - გაიწელა პროცესი. ამას მიხედვა უნდა. იმედია, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს, სასამართლოს მიექცევა ყურადღება. დღეს რომ ვაკვირდები, სასამართლო სისტემის მოწყობა, მგონი, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილსა და ნინო გვენეტაძეს სურთ. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016