პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ბათუმში, 16 წლის გოგონას მკვლელობას ეხმიანება. „რეპორტიორი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
შეძრწუნებული ვარ 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობით. სიცოცხლით სავსე ფრიადოსან გოგოს სასტიკად მოუსწრაფეს სიცოცხლე. საღამოს ველოსიპედით გასული და შინ არ დაბრუნებული ბათუმის ახალ ბულვარზე იპოვეს. ქალიშვილი რომ მყოლოდა, ალბათ, ისეთივე იქნებოდა, როგორიც მარიამი. მე, როგორც მამას არ მსურს, რომ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეს ადგილად, სადაც შვილების გარეთ გაშვების შეგვეშინდება.
ეს კონკრეტული ტრაგედია სასწრაფოდ გამოსაძიებელია, მაგრამ მინდა პოლიციამ ყურადღება მიაქციოს იმას, რაზეც ბევრი ბათუმელი და ქუთაისელი მესაუბრა - ამ ბოლო ხანს ამ ქალაქებში ისევ დაიწყო ხმაურიანი ქუჩის გარჩევები და ბევრად გათამამდნენ კრიმინალები. ეს, რა თქმა უნდა, აუარესებს უსაფრთხოების საერთო სიტუაციას.
ამას ისიც მალაპარაკებს, რომ ამას წინათ თბილისში, საბურთალოზე, ჩემს გვერდზე სადარბაზოში მცხოვრები უწესიერესი 21 წლის ახალგაზრდა ვიღაც ნაძირალამ გამოასალმა სიცოცხლეს. სასწრაფოდ ზომებია მისაღები, რათა ჩვენს შვილებს საფრთხე მომავალში მაინც აღარ დაემუქროს.
მიხეილ სააკაშვილი