სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტაძრების წინამძღვრებს მოუწოდებს, სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებზე მზრუნველობა აიღონ.
13 ივნისის ღამეს თბილისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგებს პატრიარქი სიონის საკათედრო ტაძარში გარდაცვილთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის დაწყებამდე ქადაგებისას გამოეხმაურა.
„შევთხოვთ უფალს, ნათელში დაამკვიდროს მათი უკვდავი სულები. დღეს ჩვენ მოვუწოდებთ სრულიად საქართველოს, გაიზიარონ ეს მწუხარება და მიიღონ მონაწილეობა მის განკურნებაში. მინდა მივმართო თბილისის ტაძრებს და წინამძღვრებს, მოძღვრებს, აიღონ მფარველობა თითო ოჯახზე და ყურადღება მიაქციონ მათ გაჭირვების ჟამს", - ბრძანა პატრიარქმა.
გარდაცვლილთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის წევრები ესწრებიან.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)