reportiori.ge - ავთანდილ კახნიაშვილი: რას ვუმალავთ ხალხს, კომუნისტების დროა?!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:30
ინტერვიუ
ავთანდილ კახნიაშვილი: რას ვუმალავთ ხალხს, კომუნისტების დროა?!
ავტორი:
16 ივნისი, 2015. 16:17


როგორც მამა პეტრე იტყოდა: „ვინაიდან ზოოპარკში ადგილები გამოთავისუფლდა, გალიაში ისინი ჩავსვათ, ვის გამოც ქალაქი წყალმა წაიღო... დროებით გვმართოს მტაცებლებმა, არ მგონია, უარესად დავშავდეთ, მაგრამ იმდენად გაუსაძლისი გახდა ამდენ სიცრუეში ცხოვრება, მგლებიც გარბიან... დღეს მთელმა მსოფლიომ დაინახა 9 წლის მანძილზე ნაშენები თბილისი წამებში როგორ დაიშალა, გზები და ხიდები მართლაც წყალს წაუღია, მაგრამ უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების წინაშე ვინ აგებს პასუხს?! დღევანდელი მდგომარეობა ფასადურმა მშენებლობამ, ქალაქის კეთილმოწყობის მიზეზით თანხების მითვისებამ, უცოდინრობამ და თვალში ნაცრის შეყრამ მოგვიტანა. რაღაც ეტაპზე, ღვთის წინაშე ყველა პასუხს ვაგებთ, რაც სტიქიას შეწირული ადამიანებისთვის ნუგეში ნამდვილად ვერ იქნება. მეწყერმა კი არა, სიხარბემ წაგვლეკა..."


თბილისს ასეთი ტრაგედია 1960 წლის შემდეგ არ ახსოვს, მაშინაც ადიდდა მდინარე ვერე, მაშინაც დაიტბორა ზოოპარკი, მაგრამ ის, რაც 13 ივნისის ღამეს დატრიალდა, მხოლოდ მძაფრსიუჟეტიან ფილმებში თუ გვინახავს. დაღუპულია 14 ადამიანი, დაკარგული 24 ადამიანიდან 14 უვნებელი დაბრუნდა, იძებნება 10 ადამიანი.


ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა 2009 წელს დაიწყო და 2010 წლის შემოდგომაზე ძირითადი ნაწილი დასრულდა. ამ საქმის  პროფესიონალები წერდნენ, რომ საზოგადოების პროტესტის მიუხედავად ქალაქის მერია არ აქვეყნებდა მაგისტრალის პროექტს, ინფორმაციის დამალვა ბადებდა საფუძვლიან ეჭვს, რამდენად დასაბუთებული იყო ამ გზის მშენებლობა, მისი საინჟინრო თუ ეკოლოგიური გამართულობა. სიჩქარეში „ნაცმოძრაობა" ყოველ ფეხის ნაბიჯზე კანონს არღვევდა, მაგალითად, ქალაქის გენგეგმაში ეს მაგისტრალი გათვალისწინებული არ იყო, მერია მასშტაბურ მშენებლობას თბილისის ურბანული განვითარების სტრატეგიის გვერდის ავლით ახორციელებდა, ჩატარებული და გამოქვეყნებული არ იყო წინა საპროექტო კვლევები, რომელიც პროექტის საჭიროებას დაადასტურებდა. არ მოეწყო პროექტის საჯარო განხილვები მაშინ, როცა მშენებლობის დაწყებამდე საჯარო დებატების აუცილებლობას კანონი ითვალისწინებს. პროექტს არ ჩაუტარდა გარემოზე გავლენის შეფასებების ექსპერტიზა, მსხვილი ავტომაგისტრალი ისე დაიგეგმა, რომ ქალაქის სატრანსპორტო ქსელის ზოგადი ანალიზი არ ჩატარებულა, თანაც გაირკვა, რომ პროექტი გზის მშენებლობის პროცესში იქმნებოდა, რაც კომპეტენტური პირების განმარტებით დაუშვებელია.


მაშ ასე, ვინ აგებს ამ შემზარავი ფაქტის გამო პასუხს, ვისაც წვლილი მიუძღვის ამ ურბანული ვანდალიზმის ჩადენისთვის?


„ალიას" ესაუბრება იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ კახნიაშვილი:


- ბატონო ავთანდილ, როგორც იურისტი, რას ფიქრობთ, ვინ უნდა აგოს პასუხი იმის გამო, რა ტრაგედიაც 13 ივნისს დატრიალდა? ხედავთ თუ არა წინა ხელისუფლების დანაშაულს, რომ მათ მიერ ნაუცბათევად, არასწორად განხორციელებულმა პროექტებმა ვერ გაუძლო მდინარე ვერეს ადიდებას და თბილისში საშინელი ტრაგედია დატრიალდა.


- რაც ხდება, ეს არის ურბანული ვანდალიზმი, ქალაქმშენებლობის დაგეგმარების სფეროში არის სრული განუკითხაობა. ის, რომ თუნდაც ჩვენ არ გვაქვს გენგეგმა, არ გვქონდა მშენებლობის პროექტი, აღმოჩნდა, რომ არ ყოფილან ჩართული ამ პროექტში არქიტექტორები, რამაც გამოიწვია კატასტროფული შედეგები, რაც მოხდა, ეს უპასუხისმგებლობის შედეგია და დაუსჯელობის სინდრომი. ადრე მომხდარ ფაქტებზე ვინმემ აგო პასუხი?!. გახსოვთ, ორთაჭალაში ტბა რომ გაირღვა და ხალხი ემსხვერპლა, ამის გამო ვინმე გაასამართლეს? ან ვინმე დაისაჯა იმის გამო, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობა, რომელიც აბსოლუტურად კანონგარეშეა და ბიუჯეტშიც არ იყო გათვალისწინებული, რაც 380 მილიონი დოლარი დაჯდა და რომლის მშენებლობასაც ხალხის მსხვერპლი მოჰყვა, როცა ქუთაისში დიდების მემორიალი ააფეთქეს? გიგი უგულავამ, რომელიც ხალხის მიერ არჩეული მერი არ ყოფილა, ჩაიდინა განუკითხაობა. როცა მშენებლობის სფეროში არ გაქვს გენგეგმა, არ გაქვს არქიტექტორებისა და ექსპერტების, გარემოს დამცველთა შეფასება და ამის მიუხედავად თვითნებობა და სააკაშვილის ხუშტურებზე დადიხარ, დასასჯელი ხარ!.. ჩვენ არ გვაქვს არც ერთი ფაქტი, რომ თვითნებური გადაწყვეტილების გამო ვინმემ პასუხი აგო, ვიღაცას მოეპრიანა და ეს გააკეთა.


მაშინ, როცა არქიტექტორ გიგა ბათიაშვილს პროექტი ჰქონდა, არ მოუსმინეს და ვიღაცა თავისიანს დააპროექტებინეს. როცა შენ ადექი და დიამეტრი, რომელიც მტკვრის შესართავთან იყო გათვალისწინებული, ვაკე-საბურთალოს გზასთან გადაიტანე, რომელმაც წყალი ვეღარ გაატარა, ეს უბედურებაც ამან გამოიწვია. არც თვითონ იცოდნენ და არც სხვას უსმენდნენ. აი, შედეგიც, მოხდა სტიქიური მოვლენა, რამაც კატასტროფული ზარალი მოგვაყენა, ამ სტიქიას ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.


- ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე?


- პასუხისმგებლობა ეკისრება მას, ვინც გასცა მშენებლობის ნებართვა. როგორც ვიცი, პროექტი, ერთი მთლიანი გეგმა ამ გზის მშენებლობის არ არსებობდა და პროექტი გზადაგზა კეთდებოდა. ამ ნაუცბადევი არაკვალიფიციური პროექტის გამო, დიახაც, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. ასევე, სტიქიის დღეს აშკარად ჩანს „112"-ის არაკოორდინირებული, არაპროფესიონალური მოქმედება. ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ახალდაბაში ჩამოწვა ზვავი, რასაც მსხვერპლი მოჰყვა, რატომ დააგვიანა სათანადო სტრუქტურამ რეაგირება. საინტერესოა, შევამოწმოთ, რომელ საათზე შევიდა „112"-ში პირველი ზარი, რომელმაც კატასტროფის შესახებ აუწყა და რატომ არ მოხდა ოპერატიულად გადაკეტვა „მზიურში" ასასვლელი გზის? რატომ არ გააფრთხილეს სვანიძის ქუჩის მოსახლეობა, რომელიც ბევრად ნაკლები წვიმის შედეგად რამდენიმე დღით ადრე ერთხელ უკვე დაიტბორა? რატომ არ გადაიკეტა  ვაკე-საბურთალოს გზა და „გმირთა მოედანი"?.. საპატრულო პოლიციას შეეძლო, უმალვე გაეკეთებინა რეაგირება, რას ვუმალავთ ხალხს, კომუნისტების დროა?!. რატომ არ გამოხვედით პირდაპირი ეთერით და რატომ არ მოუწოდეთ მოქალაქეებს, თავი შეეკავებინათ ამ მიმართულებით მოძრაობისგან, იქნებ მსხვერპლიც ნაკლები ყოფილიყო და მოსახლეობა გადაგვერჩინა?!.


- იკვეთება თუ არა ქალაქის ყოფილი მერის, გიგი უგულავას დანაშაული?


- ველოდებოდი, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში მოხდებოდა ადრე მიღებული თვითნებური გადაწყვეტილებების გადასინჯვა და მიიღებდნენ პრევენციულ ზომებს ხიფათის ასაცილებლად.


ვინც დანაშაულს სჩადის, სიმბოლურად მაინც უნდა დაისაჯოს, რომ სხვამ ვერ გაბედოს დანაშაულის ჩადენა. სამწუხაროდ, ხელისუფლება მოვიდა იმ დაპირებით, რომ ის წინა ხელისუფლების შეცდომებს გამოასწორებდა, მაგრამ ეს ხელისუფლებაც მოერგო წინა ხელისუფლების მიერ დატოვებულ კორუფციულ სქემებს, როცა ვიღაცის ინტერესების გათვალისწინებით ვაგებთ სახლებს, გაგვყავს გზები ისე, რომ არ ვეკითხებით სპეციალისტებს, ამას ეწირება ქალაქის ინფრასტრუქტურა. მშენებლობებით ხელი მოითბეს და ქალაქი აზარალეს.


ძალიან ბევრი პროექტია განხორციელებული, რის სავალალო შედეგებსაც მოვიმკით, მაგალითად, ბოტანიკურ ბაღში ხეივანი აღარაა, ნებართვა ვინ გასცა, ეს ცალკე თემაა. კანონის უზენაესობა ამ ქვეყანაში აღარ არის. რა თქმა უნდა, იმაზე, რაც მოხდა, პასუხისმგებელი გიგი უგულავაა, მან რა კორუფციული გარიგებაც დადო „სითი პარკთან", ყველასთვის ცნობილია და რა ზარალიც მივიღეთ, ამ დანაშაულის კვალი სწორედ რომ გიგი უგულავასთან მივა. შეხედეთ, რა ხდება მელიქიშვილზე და ჭავჭავაძეზე. გზა ჩავარდა, ის ფულიც ხომ გადაყრილია?.. ჯერ მიწისქვეშა კომუნიკაციები უნდა აღდგენილიყო და მერე დაგებულიყო ასფალტი, ეს იყო „ნაციონალური" ხელისუფლების კორუფციული სქემით დაგებული ასფალტი, ნაუცბადევად, წყალში გადაყრილი ფული.


13 ივნისს დატრიალებულმა ტრაგედიამ ამდენი ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, ამდენი ემსხვერპლა იმის გამო, რომ პროექტი არ იყო სწორად განხორციელებული და აბა, არავინ არ უნდა დაისაჯოს?!. პატრონი თუ ჰყავს ამ ქალაქს და თუ ვართ მოქალაქეები?!. ვეკითხები ამ ხელისუფლებას, „რესპუბლიკის მოედანს" რამდენ ხანს უნდა ერქვას „ვარდების რევოლუციის" სახელი, რევოლუცია არის ხელისუფლების ძალისმიერი ცვლა. შე დალოცვილო, თუ სამართლიან სახელმწიფოზე გაქვს პრეტენზია, რომ უწოდე „ვარდების რევოლუციის" სახელი, დღეს ვიღაცამ მაინც ხომ უნდა იფიქროს მისი სახელის შეცვლაზე?!. ეს ხომ ელემენტარულია.


არ მახსოვს ფაქტი, რომ ვინმეს მასშტაბური დანაშაულისთვის პასუხი ეგო, ესეც კი ვერ მოახერხა ხელისუფლებამ, რომ იმ მასიური მკვლელობის გამო, რაც წინა რეჟიმის დროს ხდებოდა, ვინმე დაესაჯა. გამოდის, რომ ყველა ხელისუფალი მოდის ტყუილი დაპირებებით, ბიუჯეტს იყენებს პირადი კეთილდღეობისთვის და მას ავიწყდება ხალხი და სახელმწიფოებრივი ინტერესი. ვინც ფული აკეთა ჩვენს ხარჯზე, კეთილი ინებონ, ის ფული ჩამოართვან და მოახმარონ ბიუჯეტს, მაგრამ საქმე ისაა, რომ არც პოლიტიკური ნება არსებობს ამისი და არც იქნება, იმიტომ, რომ პროკურატურა ისევ ადეიშვილის კადრებით არის დაკომპლექტებული.

 

ნინო სამხარაძე

გაზეთი „ალია"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016