reportiori.ge - ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ არ შედიან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:45
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ არ შედიან
ავტორი:
18 ივნისი, 2015. 18:57




საქართველო, თავისი არსებობის მანძილზე, არაერთხელ აღმოჩენილა გზაგასაყარზე, როცა არჩევანი ქვეყნის ყოფნა-არყოფნის საკითხს წყვეტდა. ამგვარი ვითარება იყო შორეულ შუასაუკუნეებში, როცა ცალკე ბიზანტიის იმპერია გვეპოტინებოდა ერთმორწმუნეობის საბაბით და ცალკე სპარსი მაზდეანები ცდილობდნენ ქვეყნის დაპატრონებას, შემდეგ ბიზანტია ოსმალეთმა ჩაანაცვლა და ამ ორ მუსლიმანურ ვეშაპს შორის გვიწევდა არჩევანის გაკეთება. XVII  საუკუნიდან კიდევ ერთი დევი შემოვიდა ასპარეზზე, მართალია, სარწმუნოებით მართლმადიდებელი, მაგრამ არანაკლები იმპერიული ზრახვებით, რომელმაც საბოლოოდ იმძლავრა კიდეც და თითქმის ორი საუკუნის მანძილზე საქართველო ამ მონსტრის ერთ პატარა საზღვრისპირა პროვინციად იქცა. XX საუკუნის ბოლოს, როდესაც ეს თიხისფეხებიანი კოლოსი დაიმსხვრა, საქართველომ დაიბრუნა თავისუფლება და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება დაიწყო; თუმცა ეს გზა ისეთი ნარეკლიანი გამოდგა, რომ ახალშემდგარ ქვეყანას, როგორც მოსალოდნელი იყო, ძალიან გაუჭირდა. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა იმთავითვე განაპირობებს მსხვილ სახელმწიფოთა ინტერესს და ეს ინტერესი ხშირად ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას იწვევს; ფერფლიდან წამომდგარი, უდიდესი ბუნებრივი რესურსების პატრონ რუსეთს კავკასია არაფრით ეთმობა და რა საშუალებებითაც ცდილობს საქართველოს თავისკენ გადაძალვას, ყველასთვის ცნობილია. მეორე დიდი მოთამაშე ევროპა-ამერიკაა თავისი დემოკრატიული ფასეულობებით. ახლა ქართველი ხალხის ასარჩევია - ისევ რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობა სურს თუ თავისუფალი, დემოკრატიული ევროპის ნაწილად ქცევა. ორივე არჩევანის მომხრეებს აქვთ თავისი კოზირები, რომლებსაც საკმაო საფუძვლები გააჩნია და სერიოზული დაფიქრება გვმართებს.


მოდით, გადავხედოთ, რომელ მხარეს რა დადებითი და უარყოფითი აქვს და ქვეყნისთვის უკეთესი არჩევანი გავაკეთოთ.


რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობის მომხრეები ძირითადად ორი ფაქტორით აპელირებენ: პირველი - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივა და მეორე - რუსეთის ბაზრის უალტერნატივობა მოცემულ ეტაპზე. არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, ორივე ფაქტორს აქვს, მაგრამ ჩვენთვის მთავარია, რამდენად რეალურია პირველი და რამდენად უალტერნატივო - მეორე.


ამრიგად, რამდენად შესაძლებელია რუსული ორიენტაციის შემთხვევაში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნება?! მოდით, ამ ორი ქვეყნის ისტორიაში ჩავიხედოთ. 1722 წელს ქართლის მეფე ვახტანგ VI რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველს შეუთანხმდა, რათა ერთობლივი ძალებით გაელაშქრათ ირანის წინააღმდეგ. ვახტანგმა ჯარი განჯაში ჩაიყვანა, თუმცა ბოლო წამს რუსთა იმპერატორმა „გადაიფიქრა" და ქართველები გავეშებულ ირანს შეატოვა. რაც მოჰყვა ამას, ყველას კარგად მოეხსენება. დავუმატოთ ამას ალექსანდრე კახთა მეფისთვის არაერთგზისი პირის გატეხვა, გენერალ ტოტლებენის ღალატი, საქართველოს ანექსია და თუნდაც 1993 წლის სექტემბრის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც საქართველო სოხუმში მძიმე ტექნიკის გარეშე დარჩა და ამის შემდგომი ტრაგედიაც არცთუ შორეული წარსულია, რომ არ გვახსოვდეს.


მაშ, რატომ გვაქვს იმედი, რომ რუსეთი უცბად ისეთი გულმოწყალე გახდება, რომ დაკარგულ ტერიტორიებს დაგვიბრუნებს? უფრო მეტიც, აფხაზეთი და სამაჩაბლო ის ინსტრუმენტია, რომლითაც საქართველოზე მანიპულირება მუდმივად შეეძლება და განა ასეთ ინსტრუმენტს შეელევა? - წარმოუდგენელია.


რაც შეეხება მეორე ფაქტორს. აბსოლუტური სიმართლეა, რომ დღეს საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის რუსეთის ბაზარი უალტერნატივო და ერთადერთია, რადგან იმდენად (უმეტესი ნაწილი) დაბალი ხარისხისაა, რომ სხვაგან მისი გასაღება პრაქტიკულად შეუძლებელია. ანუ რისი თქმა გვინდა, რომ რადგან ჩვენი უხარისხო პროდუქცია რუსეთში იყიდება, ხარისხის გაუმჯობესებაზე, წინსვლაზე აღარ უნდა ვიზრუნოთ?! ასე მოფიქრალთა საყურადღებოდ - თვალი გაახილეთ, ბატონებო! უკვე კარგა ხანია XXI საუკუნეა, მთელი მსოფლიო პროგრესზეა ორიენტირებული და ჩვენ ისევ იქ, წარსულში გვინდა ჩარჩენა? აღარაფერს ვამბობ თავისუფლებასა და დემოკრატიულ ფასეულობებზე, რადგან ეს ცნებები დღევანდელ რუსეთშიც და მის სატელიტ ქვეყნებშიც საოცნებო და მიუღწევადი რეალობაა. ერთხელ ხომ გავიარეთ, ერთხელ ხომ ვიწვინეთ და რატომ გვინდა იმავე მდინარეში მეორედ შესვლა?!


ახლა იმაზეც ვთქვათ, რას გვიქადის ევროპულ ოჯახთან გაწევრიანება. სიმართლეა, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია (სპირტიანი სასმელებისა და მინერალური წყლის გარდა) ევროპულ ბაზარზე კონკურენტუუნაროა. იმავე გამოწვევების წინაშე იდგნენ უნგრეთი და რუმინეთი, თუმცა, დღეს თავდაუზოგავი შრომითა და ევროკავშირის ხელშეწყობით პრობლემა გადაჭრილია და ამ ქვეყნების პროდუქციას (ძირითადად სოფლის მეურნეობის) მთელ ევროპაში შეხვდებით. საქართველოს ამ ქვეყნებზე ბევრად უკეთესი პოტენციალი და შესაბამისად, უკეთესი პერსპექტივაც გააჩნია. ქვეყანაში ევროპული, დემოკრატიული სტანდარტების დამკვიდრება პროგრესის უპირობო გარანტიაა და ამ გზაზე სიარული მიგვიყვანს ისეთ მდგომარეობამდე, როდესაც ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები თავად მოინდომებენ ჩვენს გვერდით ყოფნას, თავად იტყვიან უარს ჩამორჩენილ და მოძალადე რუსეთთან ურთიერთობაზე და საქართველოსთან ერთად შეაბიჯებენ დიდ ევროპულ ოჯახში.


თავის დროზე გენიალურმა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ უინსტონ ჩერჩილმა ბრძანა, დემოკრატიას, რა თქმა უნდა აქვს ხარვეზები, მაგრამ სახელმწიფო მოწყობის უკეთესი ვერსია კაცობრიობას ჯერ არ შეუმუშავებიაო. ეჭვი მეპარება, რომ  პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს საქართველოს უკან, რუსეთისკენ ექაჩებიან, სერ უინსტონზე ჭკვიანები და განსწავლულები იყვნენ.


საქართველოს ევროპულ არჩევანს ალტერნატივა არ აქვს და ამას დრო დაამტკიცებს, დრო, რომელიც ერთ ადგილზე არ ჩერდება და უმოქმედობით ვაითუ კიდევ ერთხელ დავაგვიანოთ. შეცდომების გასწორება კი, მოგეხსენებათ, მხოლოდ სკოლის დაწყებით კლასებში ხდება.




დავით ტაბატაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია

„დემოკრატიის განვითარების ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი"

 

 


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016