„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე დედაქალაქში მომხდარი სტიქიური უბედურების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ყველა გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.
დიმიტრი ლორთქიფანიძე სტიქიის გამომწვევ მიზეზებსა და სამომავლოდ განსახორციელებელ ქმედებებზე „რეპორტიორს" ესაუბრა:
- ღრმა მწუხარებითა და გულისტკივილით ვუერთდები სამძიმარს იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც უპრეცედენტო სტიქიური უბედურების შედეგად გარდაიცვალა. მინდა, გამოვხატო ღრმა რწმენა, რომ ჩვენი ახალგაზრდების ერთსულოვნების საოცარი მაგალითი იქნება გადამდები მთელი სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ამ მძიმე დღეებში ყველანი ერთად ვიდგებით. ძალიან დიდია ტრაგედია, მიყენებული ზიანი. ადამიანის სიცოცხლე, მისი ხელშეუვალი უფლება ხელყოფილია. დღესაც, ამ წუთებშიც მაშველები დაღუპულებს ეძებენ.
მინდა, გავაკეთო განცხადება და ვფიქრობ, ეს ჩვენი ხელისუფლებისთვის საგულისხმო იქნება. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ მაშველებს, იმ პოლიციელებს, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გადაარჩინეს ძალიან ბევრი ადამიანი. ასევე მინდა, განსაკუთრებული მოწიწება გამოვახტო იმ გარდაცვლილი მაშველების მიმართ, რომლებმაც სული თვისი დასდეს მოყვასისთვის. მაგრამ, აქვე არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი ღრმა გულისტკივილი, 112-ის მენეჯმენტის მუშაობის მიმართ. იმედი მაქვს, ამას მიეცემა შეფასება, თუ რამდენად დროული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის მოქმედება.
- რამ გაგიჩინათ ასეთი კითხვის დასმის საფუძველი?
- 2014 წლის 29 მაისს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მიერხელი მოეწერა სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონს. აღნიშნული კანონი გულისხმობს საგანგებო სიტუაციების მართვის ოპერატიულობასა და უწყვეტობას. საგანგებო სიტუაციის მართვა არ ნიშნავს მხოლოდ სტიქიით მიყენებული უბედურების ლიკვიდაციას. ეს პირველ რიგში გულისხმობს პრევენციას, რამაც მინიმუმამდე უნდა შეამციროს უდანაშაულო ადამიანთა მსხვერპლი. სწორედ ამგვარი ვალდებულება ჰქონდათ სახელმწიფოსა და მის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, ტექნოგენური ხასიათის პროცესების დროს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა თბილისში 13-14 ივნისს.
- უფრო კონკრეტულად?
- მოგეხსენებათ, 14-ში ღამის 1-ის ნახევრიდან დაიწყო სტიქიური პროცესების სწრაფი განვითარება. ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ დაიწყო მაუწყებლობა შემთხვევის ადგილიდან, 2 საათისა და 30 წუთის შემდეგ „საზოგადოებრივი მაუწყებელი" ჩაერთო პროცესში და მხოლოდ ამ პერიოდში მოვიდნენ მაშველები. მაშინ, როდესაც ადამიანები საკუთარი სახლებიანად წყალს მიჰქონდა. ეს დრამატული კადრები ჩვენ ყველამ ვიხილეთ, როდესაც ფარნებით შეიარაღებული ადამიანები საზოგადოებისთვის საგანგაშო სიგნალის გაგზავნას ცდილობდნენ. იმ ადამიანებს, რომლებიც კადრებს იღებდნენ 16-სართულიანი კორპუსებიდან, არ შეეძლოთ, დახმარება აღმოეჩინათ მათთვის. ისინი რეკავდნენ 112-ში, სადაც კოსმოპოლიტური, ცივი ხმით პასუხობდნენ - გმადლობთ, თქვენი ზარი რეგისტრირებულია. მე ღრმად მწამს და მჯერა, რომ ასეთი მასშტაბური მსხვერპლის ფონზე, ამ მოვლენებს მიეცემა სწორი სამართლებრივი შეფასება და ყველა დამნაშავე პირი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამოხელეო თავით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად დაისჯება.
- ანუ ფიქრობთ, რომ სამაშველო სამსახურებმა რეაგირება დააგვიანეს?
- როდესაც წყნეთი-კოჯორის გზაზე ჩამოწვა უზარმაზარი მეწყერი, რომელმაც გზა ჩაიტანა და მოჰყვა მსხვერპლი, ამ შედეგით უნდა ეხელმძღვანელა საგანგებო სიტუაციების მართვის შტაბს და უნდა მიეღო გადაწყევეტილება. ყველა მიხვდებოდა, რომ თუკი უზარმაზარი მიწის ნაშალი ჩახერგავდა მდინარე ვერეს შუაწელს, ეს აუცილებლად გამოიწვევდა ხელოვნურ დაგუბებას და იქნებოდა განსაკუთრებული საფრთხის შემქმნელი. ასეც მოხდა და ამას მოჰყვა წამლეკავი შედეგი, რომელმაც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტო მაგალითი შექმნა.
მდინარე ვერეს ადიდებას 1960 წელსაც მოჰყვა კატასტროფა, მაგრამ მსგავსი მასშტაბის კატასტროფა თბილისს არ განუცდია. მინდა მჯეროდეს, რომ დღეს სამოქალაქო საზოგადოება, პოლიტიკური ორგანიზაციები, მთელი ქვეყანა ვართ ერთსულოვანი და არავითარი მცდელობა რაიმე პოლიტიკური სპეკულაციებისა არ ხდება და არც მოხდება. მაგრამ საჭიროა, სამართლებრივი შეფასება მიეცეს მომხდარს, შეიძლებოდა თუ არა თავიდან აცილება იმ მასშტაბებისა, რის წინაშეც სტიქიამ დაგვაყენა.
ზემო ხსნებულმა კანონმა, რომელიც გიორგი მარგველაშვილმა მიიღო, არ იმუშავა პრევენციის ნაწილში და მხოლოდ სტიქიური უბედურებების შედეგის ლიკვიდაცია არ არის კანონის წინაშე არსებული ვალდებულება.
-ეს დღეები მუსირებს აზრი, რომ ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ე.წ. ახალი გზის მშენებლობამ და მდინარე ვერეს გვირაბში მოქცევამ გაზარდა სტიქიის სიმძლავრე და სწორედ ამან გამოიწვია მსხვერპლიც. რამდენად ემხრობით ამ ვერსიას და უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება აღნიშნული მიმართულებით?
- ეს არის ძირითადი თემა, რომელიც აუცილებლად უნდა გაიშალოს. დღესდღეობით 2011-2012 წლებში გარემოს დამცველების მიერ შედგენილ საექსპერტო დასკვნებს ვეცნობი. ძალიან საგულისხმოა ერთ-ერთი უფლებადამცველის, მანანა ქოჩლაძის საექსპერტო დასკვნა, რომელიც მან 2011 წელს დადო. აქ ძალიან დეტალურადაა აღწერილი მდინარე ვერეს კალაპოტში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტები.
ის ფაქტი, რომ მდინარე ვერეს კალაპოტი იყო სამშენებლო და სამეურნეო ნარჩენების ჩაყრის ადგილი, არის დანაშაულებრივი ქმედება. მდინარე ვერეს ხეობა იყო ჩახერგილი ბუნებრივი ხერგილებით და ამას ემატებოდა საყოფაცხოვრებო ნარჩენები. სახელმწიფოს კი მის გაწმენდაზე არ უზრუნია და ეს ფაქტიც შესაფასებელია. ეს დასკვნები იწერებოდა და კეთდებოდა მანამ სანამ, ე.წ. ახალი გზის მშენებლობა დაიწყებოდა.
ამ პროექტის განხორციელების პროცესში ისმოდა ძალიან კრიტიკული გამონათქვამები. კონტექსტი იყო ასეთი - ნუ ეთამაშებით მდინარე ვერეს. მას აქვს ძალიან სერიოზული დამანგრეველი ეფექტი, რაც იმ სტატისტიკაში ვლინდება, რომელიც ათწლეულების განმავლობაში დაფიქსირდა.
დღეს ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ გოფრირებული მეტალის გვირაბებში მდინარის მოქცევას გააჩნია ტყვიის ეფექტი ლულაში და, ფაქტობრივად, მდინარის კინეტიკური ენერგია იზრდება. შესაბამისად, ეს აზრიც უნდა გაეთვალისწინებინათ თავის დროზე.
2011-2012 წლების გეოლოგიური დასკვნები უნდა გახდეს შემდგომში საფუძველი, რომ დაიწყოს სამართლებრივი წარმოებები ამ ფაქტთან დაკავშირებით.
- ვინ უნდა მოახდინოს ამ საკითხების ორგანიზება, სახელმწიფო კომისია უნდა შეიქმნას?
- კრიზისების მართვის სახელმწიფო კომისია არის ის დეკლარირებული ორგანიზაცია, რომელმაც უნდა უზრუნველყოს უწყებებს შორის კორდინირებული მუშაობა. აუცილებლად უნდა დაიდოს შესაბამისი მასალები, რომ მთავარმა პროკურატურამ დაიწყოს ფაქტზე რეაგირება.
აქვე აუცილებლად უნდა დადგეს საკითხი, შეიძლებოდა თუ არა ამის თავიდან აცილება, სად დაიშვა შეცდომა, სად გამოიჩინეს უყურადღებობა და რა სამართლებრივი შეფასება შეიძლება მიეცეს ამას.