მიხეილ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრმა თბილისში მომხდარი სტიქიის გამო, ერთი კვირით, სოლიდარობის ნიშნად პრემიერები-სპექტაკლები შეაჩერა. აგრეთვე დაგეგმილია ორი სპექტაკლის ჩვენება, რომელიც დედაქალაქში დატრიალებულ ტრაგედიას და მისგან დაზარალებულებს მიეძღვნება. ამ თემებზე „რეპორტიორს" რეჟისორი ქეთი დოლიძე ესაუბრა.
- ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და ვუსამძიმრებ მთელ საქართველოს მომხდარი სტიქიის და ტრაგედიის გამო! კინომსახიობთა თეატრმა ერთი კვირით მოხსნა სპექტაკლები. არამარტო ჩვენ, ალბათ ყველა თეატრმა იგივე გააკეთა, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავთ, ეს ასეც უნდა ყოფილიყო. დაგეგმილი გვაქვს, რომ ორი სპექტაკლი მივუძღვნათ სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
- სხვადასხვა ქვეყნებიდან თქვენი უცხოელი მეგობრები თბილისში მომხდარი სტიქიის გამო თანადგომას გიცხადებენ, არ წყდება ზარები თქვენს ტელეფონზე...
- ძალიან დიდი სიაა უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების, რომლებიც მხარდაჭერას გვიცხადებენ. ფესტივალს ჰყავს დიდი დირექტორატი. აბსოლუტურად ყველა დირექტორი გვიცხადებს მხარდაჭერასა და თანადგომას. გაოცებული ვარ, იმდენად დიდია ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერა მომხდარი სტიქიის გამო, ეს იმხელა სიაა, ამის ჩამოთვლას ვერც დავასრულებ.
მართლაც არ წყდება ზარები, მიკავშირდებიან ჩემი უცხოელი მეგობრები ლონდონიდან, კიევიდან, მოსკოვიდან და მაქსიმალურ თანადგომას გვიცხადებენ. ჩემი ტელეფონი, ვებ-გვერდი არ გაჩერებულა! ქვეყანა არ დარჩა, საიდანაც თანაგრძნობა არ მიგვიღია!
- ქალბატონო ქეთი, სტიქიური უბედურების ამგვარ მძიმე შედეგებს წინა ხელისუფლების მიერ დაშვებულ შეცდომას უკავშირებენ, საუბარია ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზის პროექტზე, თქვენ რამდენად ხედავთ „ნაციონალური მოძრაობის" დანაშაულს მომხდარში?
- „ნაციონალების" დანაშაულს ვხედავ რა თქმა უნდა, მაშინაც ვხედავდი, როდესაც ამას აკეთებდნენ. მე უამრავი ნაცნობი, მეგობარი, ახლობელი არქიტექტორი და ინჟინერი მყავს და ყველა ამბობდა, რომ ეს არის კატასტროფული მშენებლობა, თან ორჯერ უფრო სწრაფად გაკეთებული, ყოველგვარი გათვლების გარეშე. და თუ 1960 წელს მოვარდა ეს მდინარე, რა გარანტია იყო რომ მსგავსი რამ არ განმეორდებოდა...
ძალიან მინდა, ეს რუსული სიტყვა გამოვიყენო და ვთქვა, რომ ცხრა წელიწადი ყველაფერი „პაკაზუხაზე" კეთდებოდა, მხოლოდ და მხოლოდ გარეგნული მეტიჩრობით შემოიფარგლებოდნენ. ძველი თბილისი, ქალაქი დაამახინჯეს. ქალაქში, სადაც 12 თვე მზე ანათებს, შეიძლება, ამდენი შუშის შენობა იყოს? აბა, შედით და ნახეთ იუსტიციის სამინისტროში, რა საშინელი მდგომარეობაა. მარტო ვერეს ხეობაა მათი შეცდომაა?
რაც დღეს ხდება, ყველაფერი „ნაციონალების" ახირებების შედეგია. როგორ ბედავენ და ხმას როგორ იღებენ ან პრეტენზიებს როგორ გამოთქვამენ? წავიდნენ. მაგრამ წასულებიც არ გვასვენებენ...
-13 ივნისსს მოხდარი ტრაგედიის დღიდანვე დავინახეთ ახალგაზრდების თანადგომა, როგორ დაუღალავად შრომობენ და გვერდში უდგანან დაზარალებულებს...
- ეს გმირობა არაა. მათ ერთ ღამეში იგრძნეს, რომ მოქალაქეები არიან, რომ ეს მათი ქვეყანაა, მათი ქალაქი, რომელიც უყვართ! მათ დაგვანახეს, რომ ჩვენი ქალაქის ღირსეული მოქალაქეები არიან.