reportiori.ge - 2015 წლის 13 ივნისის შემზარავი ტრაგედიის ერთადერთი მიზეზი..!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:34
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
2015 წლის 13 ივნისის შემზარავი ტრაგედიის ერთადერთი მიზეზი..!
ავტორი:
18 ივნისი, 2015. 20:33




„თოვდა და თბილისს ებურა თალხი" - ასე იწყება ცნობილი ქართველი პოეტის კოლაუ ნადირაძის ლექსი, რომელიც 1921 წლის 25 თებერვალს წითელი არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის გამო მოთქმა-გოდებაა. წვიმდა და თბილისს ებურა თალხი, -კოლაუ ნადირაძის სტრიქონის ამგვარი პერიფრაზით ვიწყებ წინამდებარე წერილის წერას, რადგან 2015 წლის 13 ივნისს მოვარდნილი კოკისპირული წვიმისა და წყალდიდობის კვალდაკვალ თბილისი მოთქვამს, გოდებს და გლოვობს!


დიახ, ამა წლის 13 ივნისს, ძლიერი წვიმის შემდეგად ადიდებულმა და გაშლეგებულმა მდინარე ვერემ თბილისი თალხით შემოსა!


დედაქალაქს სტიქიამ უყო პირი!


უსახლკაროდ დარჩა ასობით ოჯახი!


ამ დროისათვის არსებული დადასტურებული ინფორმაციით, დაიღუპა 12 ადამიანი, ხოლო ოცზე მეტი დაკარგულად ითვლება და ეძებენ!


რიგები დადგა თბილისის ცენტრალურ პროზექტურასთან!


სასომიხდილ ადამიანებს იმის იმედიღა შერჩენიათ, თავიანთი ოჯახის წევრებისა თუ ახლობელ-ნათესავების ცხედრები მორგში აღმოაჩინონ და მათი საფლავების გარეშე მაინც არ დარჩნენ.


წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილმა მეწყერმა ქვეშ ათობით ავტომანქანა მოიყოლა.


ვინ იცის, რამდენი ადამიანი დაიმარხა ცოცხლად მიწის გროვის ქვეშ.


ცრელის მდინარეები დგას თბილისქალაქში!


წყევლა-კრულვიანი დღე გაუთენდა მზის და ვარდების მხარეს, რადგან განუზომელია ბუნების მრისხანებით გამოწვეული ნადგურცემა.


და აქ უნებლიეთ კიდევ ერთი პერიფრაზი შემოდის, ამჯერად უკვე გალაკტიონისეული სტრიქონების:


წყალმა უნდობარმა, გზა რომ შეეღება, უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები!



***

ალბათ, გახსოთ ცნობილი ქართველი მწერლის რეზო ჭეიშვილის მოთხრობა - „ქალაქში დინოზავრები დადიან".


13 ივნისს მოვარდნილი სტიქიის შემდეგ დედაქალაქში დადიან ბეჰემოთები, დათვები, ვეფხვები, ლომები მგლები, რომლებმაც წყალდიდობისას ვოლიერები დატოვეს და ზოოპარკიდან ქუჩაში გაიჭრნენ.


მათგან ზოგი სპეცსაშუალებით დააძინეს და  გათიშეს, ზოგის დახოცვა გარდაუვალი გახდა და ზოგსაც დღემდე ეძებენ თბილისის მასშტაბით.


თბილისის ზოოპარკი, ფაქტობრივად აღარ არსებობს!


ადიდებულმა მდინარე ვერემ იგი მთლიანად დატბორა!


დაღუპულთა შორის არის ზოოპარკის ცხოველების მომვლელი გულიკო ჭიტაძე, რომელიც ამ ორიოდე კვირის წინათ ვეფხვმა დაგლიჯა და ხელის ამპუტაცია დასჭირდა.


როგორც ჩანს, ხელმოკვეთილი გულიკო ჭიტაძე გამოჯანმრთელებისთანავე დაუბრუნდა საყვარელ საქმეს და... მისი ცხედარი 13 ივნისს დატბორილი ზოოპარკის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, კიდევ ორ გვამთან ერთად, რომელთაგან ერთ-ერთი მისი მეუღლე იყო.


ეს ამ დიდ ტრაგედიაში ცალკე დრამაა, ძვირფასო მკითხველო!


იქ სადაც ტრაგედია ჰგიებს, შესაძლოა, მისტიციზმისა და სიმბოლიზმისათვის ადგილი არც იყოს, მაგრამ ისიც ხომ ყველამ ვიცით, რომ ბუნებაში შემთხვევით არაფერი ხდება და ყველა მოვლენა რაღაცის მიმანიშნებელია?


დიახ ორი კვირის წინათ გალიაში გამძვინვარებული ვეფხვი საკუთარ მომვლელს გულიკო ჭიტაძეს რომ გლეჯდა და კიდურებს აცლიდა, იქნებ ეს იმის ნიშანი იყო, რომ სულ მალე უფრო დიდი ტრაგედია დატრიალდებოდა, რომელიც ნახევარ თბილისს წალეკავდა, მთელ ზოოპარკს იავარყოფდა და ვეფხვსაც და მის მომვლელსაც შეიწირავდა!


დიახ, გულიკო ჭიტაძე გავეშებული ვეფხვის კლანჭებს ცოცხლად გადაურჩა, მაგრამ გავეშებული ბუნების კლანჭებს ვერც ვეფხვი გადაურჩა და ვერც მისი მომვლელი.


ამაში მართლაც არის რაღაც იდუმალი და შეუცნობელი!


და ვინ იცის, ქართველი ხალხის მეხსიერებას იქნებ ისევე სამუდამოდ შემორჩეს ამბავი ვეფხვისა და მომვლელისა, როგორც შემორჩა ამბავი ვეფხვისა და მოყმისა!



***

„ასავალ-დასავალის" ფურცლებზე რამდენჯერ დაგვიწერია, რომ სააკაშვილის რეჟიმის მიერ დატოვებული მსახვრალი მემკვიდრეობა კიდევ ბევრ უბედურებას მოუტანს ქართველ ერს და ქართველ ხალხს კიდევ ბევრჯერ დააკბენინებს მაჯებს!


დიახ, მთელი საქართველო დღესაც სააკაშვილის მიერ ჩატოვებულ ნაღმებზე ზის და დგას!


სწორედ ერთ-ერთ ასეთ ნაღმზე აფეთქდა თბილისი 2015 წლის 13 ივნისს!


რატომ?!


იმიტომ, რომ თბილისს არა აქვს განაშენიანების გენერალური გეგმა!


იმიტომ, რომ თბილისში სანიაღვრე კოლექტორები რამდენიმე ათეული წელია, არ გაწმენდილა და ოდნავ მომეტებული ნალექის მოსვლაც კი დედაქალაქისთვის უმძიმესი, ხშირად ფატალური შედეგებით მთავრდება.


ნაციონალები ღებავდნენ ფასადებს და ალამაზებდნენ ბაღებსა და სკვერებს, მაგრამ 9 წლის განმავლობაში არაფერი გაუკეთებიათ სტიქიური უბედურებებისაგან თბილისის დასაზღვევად და დასაცავად.


რატომ?


იმიტომ, რომ სანიაღვრე კოლექტორების გაწმენდა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მწყობრში მოყვანა „საკარტინკედ" არ გამოდგებოდა, თავისი სიღაჟღაჟით თბილისელებს თვალს ვერ მოსჭრიდა და „ქვეყნის აღმშენებლობაზე" ვირტუალურ წარმოდგენას ვერ შეუქმნიდა.


„რაც ტელევიზორში ხშირად არ გამოჩნდება და მუდმივად არ გაპიარდება, იმის გაკეთება საჭირო არ არის" - ასეთი იყო სააკაშვილის მიდგომა ყველაფრისადმი, მათ შორის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხებისადმი.


უფრო უარესი - სააკაშვილის ხელისუფლება დედაქალაქის ეკოლოგიური და სტიქიური კატასტროფებისაგან დასაცავად არათუ თითს თითზე არ ადებდა, პირიქით, ბუნებაში უხეში ხელოვნური ჩარევებით თავად ახდენდა კატაკლიზმების პროვოცირებას.


დიახ, სააკაშვილი ძალაუფლებამ ისე გადაიყვანა ჭკუიდან, დაავიწყდა, რომ ბუნება მბრძანებელია და თავად მოინდომა მასზე მბრძანებლობა!


ამის ნათელი მაგალითია ვარაზისხევი-თამარაშვილის ქუჩის ე.წ. ახალი გზა და გმირთა მოედნის ესტაკადა, ანუ მდინარე ვერეს გასწვრივ აშენებული ავტომაგისტრალი, რომელიც ნაციონალებმა თბილისის თავზე დამოკლეს მახვილივით დაკიდეს.

დიახ, სწორედ ამ ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო შეუვიწროვეს და შეუცვალეს კალაპოტი მდინარე ვერეს - ეს დაუდგრომელი და ვერაგი მდინარე ხელოვნურ სადინარში მოაქციეს.


ამას დაემატა ვერეს ხეობაში კლდის გაჭრა, გვირაბის გაყვანა და მეწყერსაშიშ მონაკვეთებზე საცხოვრებელი კორპუსების ჩაკვეხება.


მოკლედ, ნაციონალებმა გააკეთეს ის, რისი გაკეთებაც სასტიკად არ შეიძლებოდა - ბუნებაზე იძალადეს, მდინარე ვერე ერთგვარ სარკოფაგში „გამოკეტეს" და თანაც ეს ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ გარემოზე ზემოქმედების არანაირი კვლევა არ ჩაუტარებიათ, მოსალოდნელი საფრთხეების პრევენციაზე არც უფიქრიათ.


„ტელესახელმწიფოს" მაშენებელი სააკაშვილისთვის მთავარი იყო, რაც შეიძლება ჩქარა, რაც შეიძლება ბევრი ლენტი გაეჭრა!


სხვა დანარჩენი მას ფეხებზე ეკიდა, მათ შორის, ადამიანების სიცოცხლეც!


ასე რომ, 2015 წლის 13 ივნისს თბილისში დატრიალებული ტრაგედია თავიდან ბოლომდე სააკაშვილისა და ნაცმოძრაობის კისერზეა!


დიახ, 2015 წლის 13 ივნისს სტიქიის მიერ თბილისის იავარყოფა, ადამიანების დაღუპვა და უსახლკაროდ დარჩენა, ნაციონალური მოძრაობის იაფფასიან სანახაობაზე გათვლილი, უპასუხისმგებლო და დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგია.


დიახ, მაოხრებელი მკვდარი - ნაციონალური მოძრაობა - ამ ქვეყანაში კვლავ სიკვდილსა და უბედურებას თესავს!


ხოლო ის, რომ ნაციონალები ახლა რაღაცას ფაციფუცობენ, ვითომ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად არიან შემართულნი და საქართველოდან გაქცეული სააკაშვილი ოდესის ოლქიდან ნიანგის ცრემლებს აღვარღვარებს, ეს სხვა არაფერია, თუ არა ფარისევლობა და გაუბედურებული ადამიანების ტრაგედიაზე პოლიტიკური ქულების მოხვეჭის სამარცხვინო მცდელობა.


ნაციონალური მოძრაობა - ეს პოლიტიკური ტერარიუმი - კიდევ რომ ბედავს და სისინებს, ეს, პირველ რიგში, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ბრალია, რადგან მან ქართველი ხალხის დაკვეთა არ შეასრულა და ქვეწარმავალს თავი ბოლომდე არ გაუსრისა!


***

როგორიც ამა წლის 13 ივნისს მოხდა, ასეთი არა, მაგრამ საკმაოდ მძლავრი და უბედურების მომტანი სტიქია თბილისში 3 წლის წინათაც იყო.


დიახ, 2012 წლის 13 მაისს თბილისში მოსულმა ძლიერმა წვიმამ და წყალდიდობამ ორთაჭალაში ხუთი ადამიანის, მათ შორის, ორი მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე იმსხვერპლა.


ამ ტრაგედიის დატრიალებიდან სულ რამდენიმე საათში, მაშინ, როცა სტიქიის შედეგად დაღუპულთა ცხედრები გაციებულიც არ იყო, ხოლო უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები ხელისუფლებისაგან შველას ითხოვდნენ, იმჟამინდელი პრეზიდენტი სააკაშვილი სლოვენიაში ფეხბურთის საყურებლად გაემგზავრა - ჰოლანდიისა და საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებების მატჩს დაესწრო, იქიდან კი მილანში გადაფრინდა და ძვირად ღირებულ ბრენდულ მაღაზიებში შოპინგ-ტური მოიწყო.


დიახ, როცა თბილისში სტიქიამ 5 ადამიანი იმსხვერპლა და ათობით ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა, პრეზიდენტი სააკაშვილი სლოვენიაში ფეხბურთს უყურებდა და მილანში ტანსაცმელს ყიდულობდა. დღეს კი ოდესის გუბერნატორი სააკაშვილი ვითომ თბილისში დატრიალებულ უბედურებაზე წუხს!

ეგ ზღაპრები, მიშიკო, მზია ბებიას მოუყევი, იქნებ იმან ხათრით მაინც დაგიჯეროს!


***

სხვათაშორის, არსებობს პრეცედენტები, რომ თბილისში მოსული კოკისპირული წვიმები და წყალდიდობები წინ უსწრებდა მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს.


2012 წლის 13 მაისს თბილისში მოსული კოკისპირული წვიმა სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის წინმსწრები აღმოჩნდა და ამ სტიქიური უბედურებიდან რამდენიმე თვეში ნაცმოძრაობა ქვეყნის მმართველობას დაემშვიდობა!


2012 წლის 13 მაისის კოკისპირული წვიმა, რომელმაც სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლას წინწაუსწრო, თბილისში მოვიდა 40 წლის თავზე იმ არნახული კოკისპირული წვიმიდან, რომელიც ჩვენს დედაქალაქს 1972 წლის 7 ივნისს დაატყდა თავს და წინ უსწრებდა ედუარდ შევარდნაძის პირველად მოსვლას საბჭოთა საქართველოს ხელისუფლებაში!


დიახ, 1972 წლის 7 ივნისის კოკისპირული წვიმიდან რამდენიმე თვეში შევარდნაძე საქართველოს კომპარტიის ცეკას პირველი მდივანი გახდა!


მოკლედ, შევარდნაძე საქართველოს ხელისუფლებამდე წყალდიდობამ და სტიქიამ მოაცილა!


ზუსტად 40 წლის შემდეგ, სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებიდან წყალდიდობამ და სტიქიამ გააცილა!


არ ვიცი, რას უქადის საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ამა წლის 13 ივნისს თბილისში მოვარდნილი წყალდიდობა, მაგრამ ფაქტია, რომ ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობისათვის ეს არის უსერიოზულესი გამოწვევა, რაც კი მას ქვეყნის სათავეში ყოფნის სამი წლის განმავლობაში ჰქონია!


სხვათაშორის, შეუძლებელია იმის არდანახვა, თუ როგორი შემართებითა და ხელებდაკაპიწებით ცდილობს ქვეყნის ახალგაზრდა პრემიერი დედაქალაქის თავს მოულოდნელად დატიალებული სტიქიური უბედურების უმძიმეს შედეგებთან გამკლავებასა და აპათიაში ჩავარდნილი ადამიანებისათვის იმედის ჩასახვას!


რაც მთავარია, ირაკლი ღარიბაშვილს, სააკაშვილისაგან განსხვავებით, საკუთარი ხალხი უმძიმეს წუთებში არ მიუტოვებია და გასართობად და საშოპინგოდ საზღვარგარეთ არ გაფრენილა!


***

ცრურწმენაა თუ გაზვიადებული წარმოდგენა, ცნობიერია თუ ქვეცნობიერი, ძალიან ბევრი ადამიანი თვლის, რომ ციფრი 13 თარსიანი და ნავსიანია.


სამი წლის წინათ, 2012 წელს, თბილისში ფატალური წყალდიდობა 13 მაისს მოხდა!


ახლაც ყოვლისწამლეკავი წვიმა 13 ივნისს მოვიდა!


ფაქტია, რომ ორივე ამ უბედურებაში ციფრი 13 ფიგურირებს!


და არის კიდევ ერთი, 35 წლის წინათ, ასევე 13 რიცხვში დატრიალებულია ტრაგედია, რომელიც კოკისპირულ წვიმასა და წყალდიდობას უკავშირდება.


დიახ, 1980 წლის 13 მაისს, ძლიერი წვიმის გამო წყნეთში დატრიალებული ტრაგედია მსოფლიოს დიდ სტიქიურ უბედურებათა ნუსხაშიც კი არის შესული.


1980 წლის 13 მაისს წყნეთის ტბამ კოკისპირული წვიმის შედეგად მოვარდნილი ნიაღვარი ვერ დაიტია, დამბა გადმოხეთქა, ჯებირები მილეწ-მოლეწა და ერთი საცხოვრებელი უბანი მთლიანად წალეკა.


1980 წლის 13 მაისს სტიქიურ უბედურებას წყნეთში 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.


ამ ტრაგედიის შესახებ 2012 წელს „ასავალ-დასავალის" ფურცლებზე ვრცელი მასალა გამოაქვეყნა ჩემმა უნიჭიერესმა კოლეგამ თეა ასათიანმა, რომელიც შარშან უკურნებელმა სენმა ხელიდან გამოგვაცალა და დღეს ჩვენს გვერდით აღარ არის.


1980 წლის 13 მაისის სტიქიური უბედურებიდან 35 წლის შემდეგ, ისევ 13 რიცხვში, წყნეთი კვლავ სტიქიური უბედურების ერთ-ერთი ეპიცენტრია.


დიახ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამა წლის 13 ივნისს მოვარდნილი კოკისპირული წვიმის შედეგად წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა და ათობით ავტომობილი ქვეშ მოიყოლა.


თუ დღეს ზუსტად ვიცით, რომ 35 წლის წინათ 13 მაისს წყნეთში სტიქიურ კატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, ჯერ კიდევ დაუდგენელია, 35 წლისთავზე იმავე წყნეთში ჩამოწოლილმა მეწყერმა რამდენი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა!


ძვირფასო მკითხველო, რას შეიძლება ნიშნავდეს წლების ინტერვალებით, ერთსა და იმავე რიცხვში, ერთმანეთის მსგავსი მოვლენების განმეორება?


ამ კითხვაზე ერთადერთი სწორი და ჭეშმარიტი პასუხი ისევ და ისევ ბიბლიაში, კერძოდ, ეკლესიასტეს სიტყვებში უნდა ვეძებოთ:


„ყველა მდინარე ზღვებისკენ მიედინება, ზღვა კი მაინც არ აღივსება; მდინარენი საითკენაც მიედინებოდნენ, კვლავ იქითკენ მიედინებიან.


უძლურია ყოველი სიტყვა, არ ძალუძს კაცს ყოველივეს თქმა; თვალი ხედვით ვერ გაძღება, ყური სმენით ვერ აღივსება.


რა ყოფილა, იგივე იქნება და რაც მომხდარა, იგივე მოხდება; არაფერია მზის ქვეშ ახალი".


***

და მართლაც, „უძლურია ყოველი სიტყვა"!


ახლა მხოლოდ გლოვით შეგვიძლია ვთქვათ სათქმელი!


***

წელი იყო 2015.

დღე იყო 13 ივნისი.

წვიმდა და თბილისს ებურა თალხი!


ბოლოთქმა

 

ეს წერილი უკვე დაწერილი მქონდა, როცა ცნობილი გახდა, რომ თბილისის ცენტრში, მელიქიშვილის გამზირზე, გზის ნაწილი ჩაინგრა!


დიახ, გზა ჩაინგრა ზუსტად იმ ქუჩაზე და ზუსტად იმ ადგილას, სადაც 2007 წლის 20 მაისს სააკაშვილის რეჟიმმა დემონსტრაციულად დახვრიტა ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწე გურამ შარაძე.


განა ეს შემთხვევითია, ძვირფასო მკითხველო?!


განა ეს ბუნებისგან მოცემული კიდევ ერთი საგანგაშო ნიშანი არ არის?


სანამ ამ ქვეყანაში სააკაშვილის კაცისმკვლელი რეჟიმის მიერ დაღვრილი სისხლი სამართალს ვერ იპოვის, საქართველო გოდებასა და ვაებაში იცხოვრებს!


როგორც ძველი რომაელები ამბობდნენ, ქვეყანა რომც დაიქცეს, სამართალი უნდა აღსრულდეს!


ამ ქვეყანაში სამართლის აღსრულება ძალიან აგვიანებს!


და თუ ასე გაგრძელდა, ქვეყნის დაქცევა და დანგრევა არ დააგვიანებს!

 

ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"




 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016