reportiori.ge - შენიშვნები წიგნის კიდეებზე - ოდნავ აწეული ფარდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:26
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
შენიშვნები წიგნის კიდეებზე - ოდნავ აწეული ფარდა
ავტორი:
19 ივნისი, 2015. 12:15


ცნობილი რუსი ჟურნალისტის პაველ შერემეტის წიგნის „სააკაშვილი. საქართველო. დაღუპული ოცნებები" ნაწყვეტების თარგმანი ქართულ პრესაში გამოჩნდა.

 

უპრეტენზიო ნაწერი ჩანს: ავტორი გვიყვება იმას, რაც ცნობილია, ან - როგორც მიაწოდეს, ან - როგორც გაიგო.


მოსენსაციურო ელფერიც ურევია შიგადაშიგ.


ზოგი რამ კი აშკარად არ შეეფერება სინამდვილეს. მაგალითად, იმის მტკიცება, რომ „კახა თარგამაძემ (საქართველოს შს ყოფილი მინისტრი) „რუსთავი 2"-ში სპეცრაზმი თუ ფინანსური პოლიცია შეიყვანა".


არც - ერთი, არც - მეორე და - არც კახა თარგამაძე.


„რუსთავი 2"-ის ფინანსური საქმიანობის შესასწავლად შევიდა უშიშროების სამსახურის სარევიზიო ჯგუფი, რის შესახებაც ამ სამაუწყებლო კომპანიის მიერ მოწყობილი აქციების ტელეტრანსლირების დროს არაერთხელ იყო განცხადებული.


ის შემმოწმებლებიც წარმოგვიდგინეს ეკრანზე.


ამასთან, რევიზორთა ჯგუფი ისე გამოვიდა აღნიშნული კომპანიიდან, რომ ფინანსურ დოკუმენტებს არც შეხებია. „მოულოდნელი" შემოწმება, რომელიც მაშინ თავდასხმად წარმოგვიდგინეს, წინასწარ ყოფილა გაყიდული (ეს შემდეგ გაირკვა) და არც ტელევიზიის მესვეურისთვის, არც იქაური ბუღალტერიისთვის არავითარ მოულოდნელობას არ წარმოადგენდა... კომპეტენტური წყაროს მიერ (რა წყაროზეა საუბარი, ქვემოთ განვმარტავ) დაზუსტებული ინფორმაციით, უშიშროების სამსახურის სარევიზიო ჯგუფის უფროსის (წასული საქმეა და გვარის დასახელება არ ღირს. თუმცა, სადაც საჭიროა, იქ დაფიქსირებულია) ღვიძლი და აღმოჩნდა „რუსთავი 2"-ის მთავარი ბუღალტერი, რომლის ხელქვეითები ახორციელებდნენ დანაშაულებრივ ქმედებას გადასახადების დამალვის მიზნით.


ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მილიონობით სახელმწიფო ვალი ჩამოაწერა „სახალხო ტელევიზიას".


პაველ შერემეტი აანალიზებს 2003 წლის სახელმწიფო გადატრიალების (ე.წ. ვარდების რევოლუციის) წინა პერიოდს, აფასებს იმ ადამიანების მოღვაწეობას, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი იმ დროს განვითარებულ პროცესებში, შეიძლება ითქვას, გარკვეულად წარმართავდნენ კიდეც მათ.


აქცენტი ბადრი პატარკაციშვილზე კეთდება, მის ურთიერთობაზე, ერთის მხრივ, პრეზიდენტ შევარდნაძესთან და, მეორე მხრივ, ახალგაზრდა ოპოზიციასთან (ჟვანია, სააკაშვილი და სხვები).


წინამდებარე შენიშვნები წიგნის ავტორის პოზიციის ერთგვარი შეჯერებაა იმ ადამიანების შეხედულებებთან, რომლებიც ან თვითონ ტრიალებდნენ მოვლენების ცენტრში, ან დაახლოებულები იყვნენ მთავარ აქტორებთან და თავიანთ შეხედულებებს უზიარებდნენ.


დავაზუსტოთ: ჩვენს შეკითხვებს უპასუხებენ აბსოლუტურად კომპეტენტური პირები, რომლებიც წინამდებარე ინტერვიუში წარმოდგენილი არიან წყაროს სახელით, რადგან კატეგორიულად მოითხოვეს ინკოგნიტოდ დარჩენა, ხოლო ბადრი პატარკაციშვილის უახლოესი მეგობარი ბესო კეიდია - თავისი სახელითა და გვარით მონაწილეობს (დასამალი არაფერი მაქვსო).


საუბარს მისით ვიწყებთ:


- შერემეტი, ბატონო ბესო, წერს: „ეროსი (კიწმარიშვილი) არხის („რუსთავი 2"-ის) გაყიდვისთვის იმდენ ხანს ემზადებოდა, რომ უკვე თანახმა იყო, ბადრისთვისაც კი დაეთმო, მაგრამ ღირებულებაზე სამჯერ მეტი თანხის გადახდის შემთხვევაში - პოლიტიკური საქმე იყო და ფასიც სათანადო უნდა გადაეხადათ..."

 

გქონდათ ამაზე საუბარი ბატონ ბადრისთან ან რაიმე მინიშნება მაინც?


- ეროსი კიწმარიშვილმა ისეთი ფასი დაადო, რომელიც ნამდვილად არ ღირდა „რუსთავი 2". ბადრის უნდოდა ყიდვა, მაგრამ კიწმარიშვილს თავს არ მოატყუებინებდა... და - უარი თქვა, შემდეგ ამ საკითხს არასოდეს მიბრუნებია.


- შერემეტის განცხადება - „პატარკაციშვილის მიერ „რუსთავი 2"-ის ყიდვა შინაგან საქმეთა მინისტრის (კახა თარგამაძის) გაძლიერებას ნიშნავდა", როგორ უნდა გავიგოთ?

 

წყარო: - გარკვეული გაგებით, მართლაც ნიშნავდა გაძლიერებას, რადგან თარგამაძე ჟვანიასთან დაპირისპირებული იყო და პარლამენტის თავმჯდომარეს ხელიდან გამოეცლებოდა პროპაგანდის ისეთი იარაღი, როგორიც ტელევიზია იყო.


- ბადრის „რუსთავი 2"-ის ყიდვა უნდოდა იმიტომ, რომ შევარდნაძისთვის გულის მოგება სურდა. აჩუქებდა და ურთიერთობას გაამყარებდაო, - წერს შერემეტი.

 

კეიდია: - შევარდნაძის გულის მოგებაზე ბადრის ჩემთან არასოდეს უსაუბრია. „რუსთავი 2"-ის ყიდვას კი ნამდვილად აპირებდა. „იმედზე" მაშინ ლაპარაკიც არ ყოფილა. იდეაშიც არ არსებობდა. ბადრის შესანიშნავად ესმოდა, რომ „ვინც ტელევიზიას ფლობს, ის ფლობს ძალაუფლებას", ამიტომ ტელევიზიის შეძენის სურვილი მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო.


საქართველოდან წასვლის წინ (სიტუაცია უკვე არეული და დაძაბული იყო) ბადრიმ შევარდნაძეს შესთავაზა, გადადექი, დატოვე შენი მემკვიდრე და სადაც იტყვი, სახლი გინდა, კარი გინდა, ყველაფრით უზრუნველგყოფ, მთელი ცხოვრება არაფერი გაგიჭირდებაო.


პასუხად უარი მიიღო: მე არსად ვაპირებ წასვლასო.


წყარო: - შექმნილ ვითარებაში შევარდნაძის გადადგომა სახელმწიფო გადატრიალებას თავიდან აგვაცილებდა. მოვლენები მშვიდობიანი გზით განვითარდებოდა, ამიტომ ვთხოვეთ, დაესახელებინა მისი სამი სავარაუდო შემცვლელის გვარი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებდით, მათგან ერთ-ერთი აუცილებლად საქართველოს პრეზიდენტად რომ აერჩიათ.


უარი გვითხრა.


- შერემეტი იმოწმებს ვანო მერაბიშვილს, რომელიც ამბობდა, რომ პატარკაციშვილი ძუნწი იყო, დაპირებებს იძლეოდა და მხოლოდ ხმებს ავრცელებდაო. იგულისხმება ოპოზიციისთვის, კერძოდ, ჟვანიასთვის გაწეული დახმარება. „ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, 2007 წელს მან 10-ჯერ ნაკლები თანხა დახარჯა, ვიდრე ამბობდნენ".


იმაზე გაცილებით ნაკლები, რასაც ამბობდნენო.


კეიდია: - 2007 წელს ბადრი წასული იყო საქართველოდან და ძალიან ჭირდა ფულის გადმოგზავნა საქართველოში. ბევრი რამის მოწმე ვარ, როგორ ცდილობდნენ ფულის შემოტანას, თუნდაც ცხინვალიდან, სხვა ადგილებიდან. იჭერდნენ. იმ თანხიდან კი, რომლის შემოტანასაც ახერხებდნენ, ნახევარს შეჭამდნენ, დანიშნულების ადგილზე არ მიჰქონდათ და ა.შ. ბადრი კი უცხოეთიდან ვერ აკონტროლებდა თანხის ნაკადებს.


რაც შეიძლებოდა, იმდენს აგზავნიდა, მაგრამ ძალიან ძლიერი კონტროლი იყო საზღვარზე...


ბადრი ხელმომჭირნე არასოდეს ყოფილა, მაგრამ უაზროდ ფულის ხარჯვა გამორიცხული იყო.


- შერემეტის აზრით, პატარკაციშვილი „ერთი პოლიტიკოსიდან მეორესთან გადადიოდა და კოალიციას ქმნიდა (გამყრელიძე, გაჩეჩილაძე, ბურჯანაძე, ჟვანია). ასე რომ, ამ გზით „ბადრი პატარკაციშვილი რუხი კარდინალობისთვის ემზადებოდა"...

 

მართლა ჩამოვლაზე იყო?


კეიდია: - რუხი კარდინალი არა, ის... ჟვანიასთან ძმაკაცობდა. სად დარბოდა? ერთი იყო ჟვანია, მეორე - გამყრელიძე; გაჩეჩილაძე გრეჩიხა ბოლოს გამოჩნდა.


ბადრი ყველას ეხმარებოდა. არ იყო ძუნწი; ფულს იმიტომ აძლევდა, რომ ოპოზიციას სჭირდებოდა, სხვანაირად სააკაშვილის რეჟიმს ვერ შეებრძოლებოდა. კი არ ქრთამავდა. ალბათ, თქვენს მკითხველებს ახსოვთ, რა განაცხადა პატარკაციშვილმა ხალხმრავალ მიტინგზე პარლამენტის შენობის წინ: - ჩემს ფინანსურ შესაძლებლობებს მთლიანად რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას მოვახმარ!


ოპოზიციონერები მოვიდოდნენ, ფულს სთხოვდნენ, აძლევდა. არავის უარს არ ეუბნებოდა.


კოალიციის შექმნას აპირებდა, მაგრამ არა ისე, როგორც თქვენი ავტორი წერს, ერთი პოლიტიკოსიდან მეორე პოლიტიკოსთან გადადიოდაო. სერიოზული ურთიერთობა ჰქონდათ. ასე გამარტივებული არა. გაერთიანება იყო მისი მიზანი.

 

წყარო: - ბადრი პატარკაციშვილი ჟვანიას მართლაც აქტიურად ეხმარებოდა. გამყრელიძის პარტია, შეიძლება ითქვას, ჩვენი შექმნილია. ფული ჩვენ ვუშოვეთ. ნინო ბურჯანაძესაც აქტიური როლი უნდა ეთამაშა. ასეთი იყო ჩანაფიქრი, რომელიც ბოლომდე ვერ განხორციელდა. ეს უფრო მეტად ბურჯანაძეს ეხება.


- სააკაშვილი?


კეიდია: - სააკაშვილსაც აძლევდნენ ფულს. ის დადიოდა, კემულარია.


- კემულარია რომელი?


- კოტე. შემოვიდოდა იქ და მიჰქონდა ფული.


- წიგნის ავტორი მიუთითებს, რომ სააკაშვილს აფინანსებდნენ ამერიკელები.


კეიდია: - რა მოგახსენოთ. ვიცი ის, რაც ყველასთვის ცნობილია. აფინანსებდა მას და „კმარას" სოროსი. სოროსმა თვითონ განაცხადა, სააკაშვილი ჩემი პროექტი იყოო... თუმცა მაინცდამაინც კმაყოფილი არ იყო ამ „პროექტით". ესეც ნათქვამი აქვს.


- შერემეტი ამბობს, რომ მიშას ერთადერთი დამფინანსებელი არ იყო ბადრი. „... ყველას ეგონა, რომ ფულის ერთადერთი ტომარა ბადრი პატარკაციშვილი იყო. გამოჩნდა ადამიანი (ბიძინა ივანიშვილი), რომელმაც პატარკაციშვილს სიმდიდრეში გადაასწრო და პოლიტიკაში თავისი თამაში წამოიწყო. ამბობდნენ, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ვერ იტანდა". ასე იყო, ბატონო ბესო?


კეიდია: - ბადრის არავისზე, რაგინდ ნაწყენი ყოფილიყო, ცუდი სიტყვა არ წამოსცდენია: ურთიერთობას წყვეტდა იმ ადამიანთან და მორჩა. ბიძინა ივანიშვილზე არასოდეს აუგი არ უთქვამს, არასოდეს.


- წიგნის მიხედვით, პატარკაციშვილი და საქართველს შს მინისტრი კახა თარგამაძე მეგობრობდნენ.


კეიდია: - კი. ასე იყო. კაცური მეგობრობა ჰქონდათ. აქ - თბილისში, ბათუმში თუ ურეკში ხვდებოდნენ ერთმანეთს. იშლებოდა სუფრა, საუბრობდნენ ქვეყნის ამბებზე. ბადრი მოსკოვიდან რომ წამოვიდა, როცა ძებნა გამოაცხადეს პატარკაციშვილზე, მაშინ კახამ შეინახა.


წყარო: - თარგამაძეს და პატარკაციშვილს ძველი მეგობრობა არ ჰქონიათ. ისინი დაახლოვდნენ მას შემდეგ, რაც ბადრი იძულებული გახდა, თბილისში დაბრუნებულიყო, აქ შეეფარებინა თავი, როგორც საქართველოს მოქალაქეს. რუსებს ერთი შეცდომა მოუვიდათ: პატარკაციშვილის ძებნილად გამოსაცხადებლად სასამართლოდან სანქციის აღების დოკუმენტებში მის საცხოვრებელ ადგილად მიუთითეს თბილისის ერთ-ერთი რაიონი, ქუჩის სახელწოდება და სახლის ნომერი.


ეს უკვე ნიშნავდა, რომ იგი საქართველოს მკვიდრი იყო, აქ ცხოვრობდა. მაშინ რუსებმა წარმოგვიდგინეს ბადრის ორი - დიპლომატიური და სასამსახურო - რუსული პასპორტი. ვთხოვეთ, ეჩვენებინათ ის დოკუმენტები, რომლებზეც პატარკაციშვილის ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, პასპორტების მიღების დამადასტურებელი.


ასეთი დოკუმენტები არ აღმოჩნდა.


მაშინ რუსეთში ისეთი ქაოსი სუფევდა, რომ ყველაფრის შოვნა შეიძლებოდა გარკვეულ საფასურად. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კარგად გამოიყენა ეს მომენტი: ჩვენი კონსტიტუციით, საქართველოს მოქალაქის გადაცემა რომელიმე სხვა ქვეყნისთვის გამორიცხული იყო, ამიტომაც არ დააკმაყოფილეს რუსეთის ფედერაციის შს სამინისტროს მოთხოვნა. ამ შემთხვევამ კიდევ უფრო დააახლოვა თარგამაძე და პატარკაციშვილი.


კეიდია: - ბადრი აქტიურად თანამშრომლობდა ლუკაშენკოსთან. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მითხრა, რომ ყველა ბრალდება მომეხსნა, 18-ში შევხვდები მინსკში პუტინს და ყველაფერს წერტილი დაესმება. ჩამოვალ მოსკოვში და საქმიანობას მანდ გავაგრძელებო.


სამწუხაროდ, არ დასცალდა.


- ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტმა შევარდნაძემ თქვა, რომ დსთ-ის ქვეყნების მეთაურების მორიგი სამიტის დროს მან ვლადიმირ პუტინს უთხრა, რომ რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ერთ-ერთ ძებნილს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. პუტინი დაინტერესდა, ვინ იყო ის კაცი, და, როცა უთხრეს, პატარკაციშვილი იყო, უპასუხა: „ბადრი ხოროში"!

 

წყარო დაბეჯითებით ირწმუნება, რომ „ბადრი ხოროში" პუტინმა შევარდნაძეს კი არ უთხრა, არამედ თარგამაძეს სხვა დროს, სხვა ვითარებასა და სხვა ადგილზე.


* * *

ამით შეიძლება დავამთავროთ „შენიშვნები წიგნის კიდეებზე". იმის თქმა, რომ თუნდაც ამ ცალკეულ შემთხვევებში ყველაფერი გარკვეულია, სწორი არ იქნება. კარტები ბოლომდე გახსნილი მაინც არ არის: დრო იყო უაღრესად რთული და ჩახლართული, მაგრამ იგივე დრო ყველაფერს დაალაგებს უთუოდ.


ფარდა მხოლოდ ოდნავ აიწია.



საუბარს უძღვებოდა არმაზ სანებლიძე


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016