მოხალისე გირგი სარალიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს:
„ახლა ვინმემ რომ იკითხოს: რა გითხრათ, რით გაგახაროთ-ო, მზიურელი ვარ-თქო ვეტყვი და მორჩება ყველაფერი.
დღეში ასჯერ მირეკავს დედაჩემი. ერთადერთი შვილი ვყავარ, სიმწრით გაზრდილი, როგორც იტყვიან ხოლმე. არიქა ინფექცია არ შეგეჭრას, ძალიან მძიმეებს ნუ აწევ, არ გაცივდე, მზემ არ დაგკრას მმოძღვრავს, შორიდანაც მეფერება და მიცავს. მე ვბრაზდები და ირგვლივ ვიყურები. მერე წამით ვგრძნობ, რომ ყველა ჩვენგანს ელოდება სახლში მოქოთქოთე დედა, რომელიც სიამაყენარევი ქოქოლით მოგვიწოდებს ყველა ჩვენგანს სიფრთხილისკენ.
ისე კი მინდა, გითხრა, დედაჩემო, რომ მე იქ ვარ ყოველდღე, სადაც უნდა ვიყო. პატარ-პატარა მზეები აგვიფეთქდა ჩემს ტოლებს გულებში და ახლა, თუ ვინმეს უნდა მზიანი საქართველოს ნახვა, ჩვენთან მოდით მზიურში. მეტი რა უნდა ვთქვა, რაც დაიწერა ყველაფერი მართალია.
ძნელი ყოფილა კანუდოსი, ძალიან ძნელი. უფრო ძნელი კი მიწა ყოფილა. ებრძვი, გევრძვის, გღლის, ნერვებს გიწამლავს, მაგრამ ადამიანი რის ადამიანია, სიკვდილის გარდა ყველაფერს არჯულებს. ჩვენც მოვარჯულეთ დედაჩემო მიწა. ტალახში ჩაფლულები ვფუსფუსებთ და გვიხარია, ნამდვილი ტალახი რომ გვახმება სახეებზე და არა ის არაადამიანური სიბინძურე, გულგრილობა რომ ქვია და დიდი ხანია გვჭირს მთელ ერს. როგორ უნდა მივატოვო ყველაფერი, ჩემი თვალით ვნახე, კაფანდარა გოგო ჟანგბადის ბალონით იყო მოსული და ჩვენზე არანაკლებ შრომობდა. ვიღაცამ ოჯახის წევრები გაატანა ვერარეჩკას, მაგრამ დღემდე ჩვენს გვერდითაა, ვიღაც დაიღალა, მაგრამ მაინც ებრძვის სტიქიას, ვიღაცას შია, მაგრამ არ იმჩნევს, ვიღაცას მოწევა უნდა, მაგრამ მეც რომ მინდა იცის და დატოვებულ ღერსაც მიყოფს.
ამის მერე მართლა მჯერა, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს. ვიღაცის პოსტი ვნახე ამასწინ, დოჩანაშვილს ლანძღავდა: ასეთი სიუჟეტი გააფუჭა ამ ფრაზითო. მე კი გეტყვით, რომ თუ ვინმეს ამაში ეჭვი გეპარებათ, მოდით მზიურში. აქ მივხვდით თითოეული მოხალისე, რომ თურმე ყველას გვქონია ჩვენი ქალაქი, ოღონდ აქამდე არ ვიცოდით, ახლა მივხვდით და არ ვამხელთ, უსიტყვოდ, ოფლით, სისხლით, თანადგომით, გადაღლილი მზერით და უგულწრფელესი ღიმილით გამოვხატავთ. ყველა ვაშენებთ ჩვენს წილ თეთრ, ტალახის სახლებს გულებში და ის ვერარეჩკა გუშინ დედაბუდიანად რომ ამოგვაგდო, ახლა კანუდოსის მაცოცხლებელი მდინარეა, რომელიც გვახსენებს, რომ კაცის გული ისეთივე მოუხელთებელია, როგორიც ეს გადარეული მდინარე და როცა ნიჰილიზმის ჯებირებს დალეწავს ყველაფრის წალეკვა შეუძლია, ყველაფრის.
ჩვენ ჩვენი კანუდოსის შენება დავიწყეთ დედაჩემო და ღმერთმა არ ქნას ამ ბრძოლაში დავმარცხდეთ და არც დავმარცხდებით. მე კი შენც და შენ ტოლებსაც მიწამდე დაგუხრით თავს და მადლობას გადაგიხდით ყველაფრის ფასად აქმადე რომ მოგვიტანეთ, მალე სულ მალე კი ჩვენ წავიღებთ ჩვენს წილ წასაღებს, ჩვენ ვიტვირთავთ ჩვენს წილ ტვირთს.
ლაფში ამოსვრილი მზიურის გაწმენდა თუ შიშველი ხელევით მოვახერხეთ, გაუტანლობაში ამოსვრილი ქვეყნის გაწმენდასაც შევძებთ და გევედრებით, უბრალოდ გჯეროდეთ, გჯეროდეთ ჩვენი. ჩვენ "მზიურის თაობა" ვართ."- გიორგი სარალიძე!
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)