რამდენიმე წუთის წინ, ქალაქ ნიონში დასრულდა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა, სადაც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებულის - გორის „დილას" მეტოქის ვინაობა გაირკვა. შეგახსენებთ, რომ გორელთა მეტოქე ამ გუნდებიდან ერთ-ერთი გახდებოდა: „სტიაუა" (რუმინეთი), „ლუდოგორეცი" (ბულგარეთი), „დინამო" (ზაგრები, ხორვატია), „პარტიზანი" (სერბეთი), „ვიდეოტონი" (უნგრეთი) და „შკენდერბიუ" (ალბანეთი).
წილისყრის შედეგად გაირკვა, რომ უჩა სოსიაშვილის შეგირდები სერბეთის „პარტიზანს" გაეჯიბრებიან. დღევანდელი გადმოსახედიდან, გუნდების ძალები თითქმის თანაბარია და ფავორიტის გამოვლენა საკმაოდ რთული იქნება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბელგრადის გუნდი მუდამ გამოირჩევა ბრძოლისუნარიანობითა და შეუპოვრობით. „დილას" მისი ბარიერის გადასალახად საკმაოდ დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს.
ორმატჩიანი დუელის პირველი დაპირისპირება სერბეთში 14-15 ივლისს გაიმართება, განმეორებითი კი - 21-22 ივლისს.
„პარტიზანი" 1945 წელს დაარსდა და სერბეთის პირველობაზე ოქროს მედლები 26-ჯერ აქვს მოპოვებული. თავს ზემოთ ქვეყნის თასი 12-ჯერ აღმართა, სუპერთასი კი - ერთხელ. საერთაშორისო ასპარეზზე კლუბმა ყველაზე დიდ წარმატებას 1966 წელს მიაღწია, როდესაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის ფინალში გავიდა, თუმცა მადრიდის „რეალთან" 1:2 დამარცხდა.
ბელგრადის „პარტიზანმა" სერბეთის სუპერ ლიგის 2014/2015 წლების გათამაშებაში 71 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და მეორეადგილოსან თანაქალაქელ „რედ სტარს" 7 ქულით გაასწრო.