13 ივნისის ტრაგედიის მიზეზებზე არაერთი მოსაზრება გამოითქვა! მიუხედავად იმისა, რომ მათი აბსოლუტური უმრავლესობით, დამნაშავის სკამზე სწორედ სააკაშვილის რეჟიმის მაღალჩინოსნები არიან გასამწესებელნი, პროკურატურამ აუცილებლად დეტალურად უნდა გამოიძიოს ეს საქმე! მითუმეტეს, რომ უკვე არსებობს პირველი საექსპერტო დასკვნა, რომელიც თითს სწორედ ნაცებს ადებს!
საქართველოს მთავარ პროკურატურაში 13 ივნისის ტრაგედიის გამო უკვე დაწყებულია გამოძიება! საგამოძიებო უწყება იკვლევს, რამდენად გაითვალისწინეს ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი გზატკეცილის მშენებლობისას უსაფრთხოების ნორმები და ე.წ. გარემოზე ზემოქმედების რისკები!
„გამოძიების ფარგლებში შესწავლილი იქნება, მდინარე ვერეს ხეობაში სამშენებლო სამუშაოს დაწყებამდე გამოკვლეული იყო თუ არა ადგილმდებარეობა, გათვალისწინებული იქნა თუ არა მოსალოდნელი რისკები და მშენებლობისას დაცული იყო თუ არა უსაფრთხოების ნორმები..."
- ნათქვამია პროკურატურის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც 17 ივნისს გავრცელდა.
ცნობისთვის: გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით („სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა") და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-5 წლამდე!
საგამოძიებო უწყებაში უკვე დაიბარეს და დაჰკითხეს ვაკე-საბურთალოს გზატკეცილის პროექტის ავტორ თამაზ შილაკაძე.
რა თქმა უნდა, გამოძიების დაწყებას ნაცებში დიდი წიოკი და მუცლის გვრემა მოჰყვა! ნაცებიც და მათი „ჯიბის ტელევიზია" „რუსთავი-2", პირდაპირ, „წინდებიდან ხტებიან", რომ საზოგადოებას შთააგონონ, თითქოს ტრაგედიის მიზეზი არა სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულებრივი დაუდევრობაა, არამედ - წყნეთის ტყეში ჩამოწოლილი მეწყერი!
არადა, ნაცების სავალალოდ, ამ დღეებში უკვე გამოქვეყნდა საექსპერტო დასკვნა, რომელიც ტრაგედიაში დამნაშავედ, ფაქტობრივად, სწორედ სააკაშვილის რეჟიმს ასახელებს!
დიახ, არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი" (CENN) აქვეყნებს 13 ივნისს თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარი ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების ანალიზს და ასკვნის, რომ წყნეთში ჩამოწოლილ მეწყერს ტრაგედიაში დიდი როლი არ მიუძღვის!
CENN-ის დასკვნაში ნათქვამია, რომ თავსხმა წვიმის გამო ვერეს ადიდების შედეგად წარმოქმნილი ნიაღვრის გამტარიანობა ვერ უზრუნველყო გასული საუკუნის 30-იან წლებში და 1959 წელს აშენებულმა გვირაბებმა, რამაც ზოოპარკისა და „ახალი გზის" დატბორვა გამოიწვია.
დაკვნის მიხედვით, სწორედ პირველი გვირაბის დასაწყისში აიწია წყლის დონემ 5-7 მეტრით და გადავიდა ერთი მხრივ, ზოოპარკში, ხოლო, მეორე მხრივ, გმირთა მოედანზე; მეორე გვირაბის თავზე კი წყალმა 7 მეტრით აიწია და სვანიძის ქუჩა დატბორა.
„აღნიშნულმა გვირაბებმა ორ დამოუკიდებელ მონაკვეთად გაყო ტრაგედიის ზონა: გმირთა მოედნიდან - ვაკე-საბურთალოს გზამდე და ვაკე-საბურთალოს გზიდან - სვანიძის ქუჩის ბოლომდე. მდინარის ხეობის პირველ მონაკვეთზე არ იყო გათვალისინებული 1961 წელს მდინარე ვერეზე ჩავლილი ასეთივე სიძლიერის კატასტროფული წყალდიდობის ფაქტი, რამაც გამოიწვია ზოოპარკის დაღუპვა. ეს ფაქტი რომ ყოფილიყო გათვალისწინებული, მაშინ ამ გზის პროექტის ავტორები დადგებოდნენ მისი ცალკეული მონაკვეთის აკვადუკებზე (5-7 მ სიმაღლის ხიმინჯებიანი ნაგებობები) განლაგების აუცილებლობის წინაშე. ამით თავიდან იქნებოდა აცილებული ახალი გზის გავლით მდინარის კალაპოტის გამტარუნარიანობის შეზღუდვა".
მგონი, გასაგებად და ნათლად არის ყველაფერი ნათქვამი!
ახლა, რაც შეეხება CENN-ის დასკვნის იმ ნაწილს, სადაც ნაცებისთვის „მაშველ რგოლად" აღქმულ მეწყერზეა ლაპარაკი:
„რაც შეეხება მეწყრებს, მათ მომხდარი კატასტროფის ხდომილობაში რაიმე არსებითი როლი არ მიუძღვით. დეტალურმა გეოლოგიურ-გეომორფოლოგიურმა გამოკვლევებმა და აეროგადაღების მასალებმა ეჭვმიუტანლად დაადასტურა, რომ ბეთანია-ახალდაბის არეალში წარმოქმნილმა მძლავრმა მეწყერმა, საბედნიეროდ, მდინარე ვერეს კალაპოტის ძირამდე ჩაიტანა ისეთი მოცულობის მეწყერული მასა, რასაც შეეძლო კალაპოტის ჩახერგვა და ნიაღვრების ხანგრძლივი დროით შეკავება".
არადა, ძვირფასო მკითხველო, მშვენივრად გემახსოვრებათ, როგორი ფართხაფურთხით შენდებოდა ეს „ახალი ტერასა"!
მაშინ მთავარი იყო, სააკაშვილს არჩევნების წინ როგორმე დაეტრაბახა, ნახეთ, რა სწრაფად და ეფექტიანად ვაშენებთ საქართველოსო!
ჰოდა, სააკაშვილი წინასაარჩევნოდ, ავტომრბოლელი პილოტივით, ძვირად ღირებულ ბოლიდში რომ გამოჯგიმულიყო და „ახალ ტრასაზე" „ეფრინა", აი, ასე პილატესავით დაიბანა ხელი მშენებლობის უსაფრთხოებაზე!
ამას კი ხალხი შეეწირა!
გიორგი გიგაური
გაზეთი „ასავალ-დასავალი"