reportiori.ge - გიორგი ახვლედიანი: როდესაც მდინარის კალაპოტს ამოავსებ ბეტონის კონსტრუქციით, ბუნებრივია, წყალს გავლის საშუალებას აღარ უტოვებ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:36
ინტერვიუ
გიორგი ახვლედიანი: როდესაც მდინარის კალაპოტს ამოავსებ ბეტონის კონსტრუქციით, ბუნებრივია, წყალს გავლის საშუალებას აღარ უტოვებ
ავტორი:
23 ივნისი, 2015. 19:45


„ხელისუფლებას ვერ დავადანაშაულებთ, რომ კრიზისის დაძლევის გულწრფელი სურვილი არ ჰქონდა", - ასე აფასებს „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი დედაქალაქში სტიქიის დროს ხელისუფლების რეაგირებას და შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს.


„გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი გიორგი ახვლედიანი:


- ყოველდღიურად ახალი მსხვერპლის შესახებ ვიგებთ და ძალიან მძიმეა  რეალობა. ეს კატასტროფა ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდა. თანავუგრძნობ ყველა იმ ოჯახს, რომელმაც დაკარგა ახლობელი ამ კატასტროფის შედეგად. სამწუხაროდ, ისე მიდის საქმე, რომ დაკარგული ადამიანების გადარჩენის იმედი ძალიან მცირეა. თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ისინი ცოცხლები აღმოჩნდებიან.


- ხელისუფლების მუშაობას როგორ აფასებთ, რამდენად დროულად მოხდა რეაგირება და როგორ მიმდინარეობს სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია?


- ერთმნიშვნელოვნად უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა ქვეყანაში, რადგან პრაქტიკულად, დღეს მცხოვრებ ადამიანებს ჩვენს ქვეყანაში ასეთი რამ არ ახსოვთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შესაბამისი პრაქტიკა არ გვაქვს და არც გამოცდილება გვაქვს ამდაგვარი კრიზისების დაძლევის. ეს იყო ძალიან დიდი მასშტაბის უბედურება, რომელსაც ბევრი სირთულე მოჰყვა, რომელიც ვერ დაიძლია და ამას კიდევ ბევრი ტრაგიკული მოვლენა მოჰყვა. რეალურად რომ ვთქვათ, ჩვენს ხელისუფლებას დღეს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ, რომ არსებული კრიზისის დაძლევის გულწრფელი სურვილი არ ჰქონდა. ნამდვილად გულწრფელად მუშაობდნენ და იბრძოდნენ, რომ როგორმე მოეხდინათ სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია. თუმცა, ეს რომ საკმარისი არ აღმოჩნდა, ყველამ დავინახეთ, რადგან ჩვენს ხელისუფლებას თუ რამე აკლია, ეს არის გამოცდილება. მაგრამ, როცა გამოცდილება არ გაქვს, მაშინ იმის შემოთავაზებულ მხარდაჭერას მაინც უნდა დაეთანხმო, ვისაც ასეთი გამოცდილება გააჩნია. ეს პოლიტიკური ქაჯობა და გოიმობა ყველა ხელისუფლებამ უნდა დაასრულოს. როდესაც დახმარებას გთავაზობს სერიოზული სამსახური, თუნდაც ეს იყოს რუსული სამაშველო სამსახური, ძალიან დიდი არაადეკვატურობაა ამაზე უარის თქმა. მათ ეს დახმარება პირველივე დღეს შემოგვთავაზეს, რუსეთის ზოოპარკმაც შემოგვთავაზა დახმარება და ალბათ რუსული ვეფხვი ან ლომიც საქართველოს მტერია. არაადეკვატურია, რომ პასუხიც კი არ გავეცით მათ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებას მსგავს სიტუაციებში მუშაობის არანაირი გამოცდილება არ აქვს და პანიკაშია.


- რამ გაფიქრებინათ, რომ ხელისუფლება პანიკაშია?


- ისტერიკის გარდა სხვა არაფერი იყო, ღრუბლის დანახვაზე 3 დღის განმავლობაში სტიქიის ადგილას შეყვანილი სპეცტექნიკა ქაოსურად გამოიყვანეს. გასაგებია, რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა, მოხალისეებმა სასწაული მოახდინეს და უზარმაზარი მადლობა მათ, მაგრამ სახელმწიფო არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ მოხალისის ასეთ მაღალ შეგნებაზე. მე ვერ გავიგე, პირველივე დღეს რატომ არ ჩაერთო ჯარი პროცესებში. გასაგებია, რომ მეორე და მესამე დღეს გამოიყვანეს, მაგრამ პირველივე დღეს ჩაგვერთო ეს ყველაზე ორგანიზებული ნაწილი. თავი დავანებოთ, რომ ვიღაცებმა ვერ გაარკვიეს და ვერ დათვალეს, რამდენი ლომი ჰყავდათ და ახლა მთელი ქვეყანა არკვევს, ვინ ვის რა უნდა გადააბრალოს და რა ტვირთი აჰკიდოს. გუშინდელი დღე იყო ამის ძალიან არასასიამოვნო და სამარცხვინო დემონსტრირება, როგორ მოხდა კონკრეტული თემის პოლიტიზირება და როგორ გახადა კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ ვიღაცის გადარჩენის თუ არდაკავების თუ რაღაც მსგავსი საკითხი პოლიტიზირებული. ძალიან სამარცხვინო რამ იყო ეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ისტერიკა, რომელიც მედიაში და საზოგადოებაშია ატეხილი ზოოპარკის დირექტორის საკითხის გარშემო, ძალიან მალე დასრულდება და პოლიტიკურად არ იქნება გამოყენებული.

 

- სტიქიის გამომწვევ მიზეზებსაც რომ შევეხოთ, როგორ ფიქრობთ, დაამძიმა თუ არა ვითარება ე.წ. ახალმა გზამ და მდინარე ვერეს გოფრირებულ მილში მოქცევამ?


- სტიქიის გამომწვევი მიზეზები, ეს ის თემაა, რომელიც პოლიტიკურ სპეკულაციებთან ძალიან ახლოს დგას. მეც ყველანაირად თავს ვიკავებ შეფასებებისგან, რათა პოლიტიკურ სპეკულაციაში არ გადავიდეს ჩემი განცხადება. მე მაქვს ჩემი მოსაზრება, ჩემი ხედვა, თუ რატომ მოხდა ეს სტიქია, მაგრამ რადგან პოლიტიკური საქმიანობით ვარ დაკავებული, ჩემი შეფასებაც იქნება პოლიტიზირებული. მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, ვეყრდნობი გამოცდილი ადამიანების, ამ საქმის პროფესიონალების განცხადებებს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მათი ხედვა იმ კონტექსტით, რომ როდესაც მდინარის ამხელა კალაპოტს ამოავსებ უზარმაზარი ბეტონის კონსტრუქციით, ბუნებრივია, საჭიროების შემთხვევაში მდინარეს გავლის საშუალებას აღარ უტოვებ. კარგად მახსოვს, როგორ მიმდინარეობდა სერიოზული ბრძოლა და საპროტესტო მოძრაობა, რომ ეს გზა ასეთი ფორმით არ აშენებულიყო. თუმცა, ასეთი კატასტროფა არავის ახსოვდა, შესაბამისად არგუმენტები, რომ ეს გზა გამოიწვევდა ასეთი მასშტაბის კატასტროფას, ძალიან სუსტი იყო. მაგრამ ჩვენ მომსწრენი გავხდით, რომ ეს ასე მოხდა.


- ახლა რა უნდა მოიმოქმედოს ხელისუფლებამ აღნიშნულ გზასთან მიმართებაში?


- პროფესიონალების აზრი მოვისმინე და ჩემთვის ერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ ავტობანის ნაცვლად იქ უნდა გაკეთდეს ესტაკადა, რომელიც ძალიან მაღალ ხიმინჯებზე იქნება აწყობილი. პროფესიონალები უფრო კარგად ახსნიან, როგორ უნდა განხორციელდეს ამ ესტაკადის მშენებლობა. გაუკეთებელი არაფერი არაა. ესტაკადა მდინარეს არ გადაკეტავს ბეტონის კონსტრუქციით და თუნდაც 100 და 200 წლის შემდეგ იმავე შედეგს არ მივიღებთ.

 

- უკრაინის შს მინისტრის არსენ ავაკოვის განცხადებაზე რა აზრის ხართ და როგორ ფიქრობთ რამ გაამხიარულა მიხეილ სააკაშვილი?


- ფაქტი ერთია, რომ თავად უკრაინაშიც „ნაციონალური მოძრაობის" სახით გადასხმული ქართული დესანტი ძალიან ბევრისთვის ხორცმეტის შეგრძნებას, ზედმეტობისა და სრულიად არასაჭიროების განცდას ტოვებს. ძალიან ბევრი უკრაინელი მიიჩნევს, რომ 50-მილიონიან ქვეყანაში შეიძლებოდა მონახულიყო ადამიანი, რომელიც კორუფციასთან დაკავშირებულ პრობლემებს გადაწყვეტდა და სულაც არ იყო საჭირო ძებნილი სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა. არაკეთილმოსურნეები „ნაციონალების" დესანტს უკრაინაში საკმაოდ ბევრი ჰყავს.


რაც შეეხება სააკაშვილის ოხუნჯობებსა და არაადეკვატურ ფრაზებს, ჩვენ დაგვავიწყდა ალბათ, რომ სააკაშვილი და მისი გუნდი ამით გამორჩეულები იყვნენ. არაფერი არ გაგვკვირვებია, რადგან 9 წლის განმავლობაში არაადეკვატურ განცხადებებსა და უაზრო ოხუნჯობებს, ადამიანების შეურაცხმყოფელ განცხადებებს მრავლად ვხედავდით. რა გასაკვირია, სააკაშვილს ადეიშვილთან საუბრისას ეთქვა, ნეტავ ნიანგმა ვინმე შეჭამოს, როგორ გავერთობიო. რა თქმა უნდა, ეს ძალიან გამაღიზიანებელია, მაგრამ სააკაშვილისგან გასაკვირი ნამდვილად არ არის.



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016