„ყველასთვის უცნობი საიდუმლო მინდა გაუწყოთ. წარმომიდგენია, გაზეთის რომელიმე კორესპონდენტისთვის რომ მომეყოლა ეს ამბავი, რა ხმაური ატყდებოდა სათაურებში: ექსკლუზივი! სენსაცია! მხოლოდ ჩვენს გაზეთში... მაგრამ ამჯერად დუმილის დარღვევა წყნარად, ყოველგვარი ხმაურის გარეშე ვარჩიე. მინდა ეს ამბავი გიას შვილებმა და მთელმა საზოგადოებამ იცოდეს", - ფრაგმენტი 2006 წელს გამოცემული ილიკო ფერაძის (გიას უფროსი ძმის) წიგნიდან.
„ჯერ კიდევ გია ფერაძის ზენიტში ყოფნისას, ფატალურ შემთხვევამდე ორი წლით ადრე, გია რუსთაველის თეატრთან ერთად გასტროლებზე რუსეთში, ქალაქ კრასნოიარსკში იმყოფებოდა. იქ ჩვეული ტრიუმფით მიმდინარეობდა როგორც თეატრის, ისე გიას პირადი, გასტროლებსმიღმა „გასტროლები". გიას იქაც გამოუჩნდა მრავალი თაყვანისმცემელი და მათ შორის ულამაზესი ქალიშვილი, კრასნოიარსკელი ცნობილი გენერლის შვილი, რომელსაც თავდავიწყებით შეუყვარდა გია. მას საქმროც კი ჰყოლია, მაგრამ გიას ნახვის შემდეგ არავის სახელის გაგონება არ უნდოდა თურმე. გიასთვის ეს იყო ჩვეულებრივი საგასტროლო რომანი. თბილისში დაბრუნებისას გია იღებდა წერილებს... მერე მოხვდა ციხეში. ერთხელ მე და დედამ კრასნოიარსკიდან მივიღეთ წერილი, რომელშიც სამი წლის ბავშვის ფოტოები იდო. გია ფერაძის ასლს გია ფერაძე ერქვა, დედას კი ბედის ირონიით - ირინა. არავითარი გენეტიკური ანალიზი არ სჭირდებოდა ამ სურათებს. ფოტოებიდან გია ფერაძის ბავშვობა გიყურებდათ. დედამ მისწერა გიას უბედურების ამბავი. ირინა ძალიან შეწუხდა. ის წერილებსა და ბავშვის ფოტოებს უგზავნიდა გიას ციხეში. ერთხელაც, ირინამ ზამთარში იაკუტსკში შვილთან ერთად მოინახულა ჭლექით მძიმედ დაავადებული ადამიანი, რომელიც მხოლოდ ორიოდ დღე ჰყავდა ნანახი და რომელმაც ასე შეცვალა მთელი მისი ცხოვრება".
ეს იყო წლების წინათ... გია ფერაძე უმცროსი კი უკვე თბილისშია.
„26 წელი ისე ვიცხოვრე, არ ვიცოდი, საიდან მაქვს ქალისადმი ასეთი პატივისცემა, სუფრასთან მოქცევის ასეთი განსხვავებული მანერა. ყველას რატომღაც მე რომ ვემსახურები და ვუსხამ სასმელს. აქ ჩამოსვლის შემდეგ კი მივხვდი, რომ ეს გენეტიკაა, ყველაზე ძლიერი რამ. აეროპორტის კარი რომ გაიღო და ჰაერი ჩავისუნთქე, თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილებამდე რომ დამიწყო ჭიანჭველებმა სირბილი... ხარბად ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე, ეს რა ჰაერია-მეთქი, გავოგნდი. უცებ მივხვდი, ეს ჩემი ჰაერია, ჩემი ქვეყანაა! კავშირი შედგა, სრულყოფილების შეგრძნება დამეუფლა. საქართველო ჟრუანტელისა და ბედნიერების ცრემლების ქვეყანაა", - მითხრა გიამ.
„ჩვენი გია დაბრუნდა!"
უსაზღვრო ქარიზმით ისე დამახვია თავბრუ, ილიკო ფერაძის წიგნში დახასიათებული უფროსი გია გამახსენდა. ინტერვიუ ძალიან ემოციურია. სხვანაირი არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს ემოციური და დაუვიწყარი ისტორია კი მარტში დაიწყო... ილიკო ფერაძის ქალიშვილმა, ნინკა ფერაძემ გია ფერაძე უმცროსი სოციალურ ქსელ „კონტაქტებში" იპოვა. 19 ივლისს გია დედასთან ერთად ჩამოფრინდა. აეროპორტში მოუთმენლად ელოდნენ ბიძა, ბიძაშვილი, სიძე და მამის მეგობრები. „ბიძაჩემმა მითხრა, როცა ჩაგეხუტე, შენი კისრიდან ჩემი ძმის სუნი ვიგრძენიო. კისერი ხომ პულსაციისა და ფლუიდების ადგილია. ბიძაჩემს მაგრად რომ ჩავეხვიე, ჩვენი გენი თითქოს შეერთდა. საშინლად ღელავდა, განიცდიდა, გაგიჟებული იყო. მითხრა, შენ გადი პირველი, აბა, თუ გიცნობენო. ნინკა და მისი ქმარი ვიცანი, მაგრამ, მათ გარდა, კიდევ 15 ადამიანი იდგა. მსახიობები, მამას მეგობრები... მთელი აეროპორტი მე მელოდა... თოჯინასავით მატრიალებდნენ აქეთ-იქით, მეხვეოდნენ, მკოცნიდნენ. და ყველა ერთს გაიძახოდა - ვაიმე, როგორ ჰგავს გიას!
23 ივლისს სამეფო უბნის თეატრში მისი და მერაბ თავაძის თაოსნობით შემოქმედებითი საღამო მომიწყვეს, სახელწოდებით „დაბრუნება". იქ იყო ყველა, ვისაც მამა უყვარდა, მეგობრობდნენ, ერთ სცენაზე გამოდიოდნენ, კურსელები. მეხუტებოდნენ - ჩვენი გია დაბრუნდაო, ტიროდნენ, ემოციებისგან, ბედნიერებისგან ცრემლებს ვერ იკავებდნენ. გიაა, მაგრამ რუსულად რატომ ლაპარაკობსო. ეს კოპირება არ არის, ეს გიაა, მაგრამ უკეთესი ვარიანტი, რადგან უფრო მაღალიაო. აქამდე არ ვიცოდი ჩემსა და მამას შორის ასეთი მსგავსება თუ იყო. მე მისი ფოტოები მქონდა ნანახი, სადაც უკვე შედარებით ასაკში იყო. აქ რომ ჩამოვედი და 25 წლის გიას ფოტოები ვნახე, გავოცდი! ეს იყო შოკი! მე ჩემს ფოტოებს ვუყურებდი. სხვა სიტყვებით როგორ გადმოვცე ჩემი განცდა, არ ვიცი.
რამდენიმე სიმღერა ვიმღერე. დედა დარბაზში იყო, მამა ყველგან - მთელ თეატრში. 16 წელია, რაც ის აღარ არის, მაგრამ მისადმი ველური და შეშლილი სიყვარული დღემდე ცოცხლობს ხალხში".
„ორივეს ღაპაღუპით ჩამოგვდიოდა ცრემლები"
საღამოს შემდეგ ბანკეტი გაიმართა. გიასთან ნინკა მივიდა და ჩასჩურჩულა, წამოდი, და უნდა გაგაცნოო.
„ყოველთვის მინდოდა, და მყოლოდა, ყველაზე დიდი ოცნება იყო. დედას რომ ვეუბნებოდი, თავი დამანებე, შენთვის ვერ მიმიხედია, ახლა კიდევ დაო. ისევ ბიჭი რომ გამიჩნდეს, თავი ჩამოსახრჩობი მექნებაო. ნინკამ რომ მითხრა: წამოდი, და გაგაცნოო, დავიწყებული მქონდა, და რომ მყავდა, ემოციებისგან გათანგული ვიყავი, დაცლილი და დიდი ოდენოდით ალკოჰოლური სასმელი უნდა მიმეღო და თავდაუზოგავად მემხიარულა. ცეკვა მომინდა, თავს ვიწყნარებდი, ჯერ კიდევ საღამოა და მოასწრებ-მეთქი. ამ დროს და! გამოვდივარ ქუჩაში, არავინაა. მანქანის ფარები ანთებულია და კარი იღება. გადმოდის ქალი, ულამაზესი, ფერაძეებისთვის დამახასიათებელი „ღირსებებით" და... პირველი, რაც ვთქვი: რა სამწუხაროა, რომ ჩემი და ხარ-მეთქი. რა ვქნა, ასეთი რეაქცია მქონდა. მან „ხულიგნურად", ავტორიტეტულად მომმართა: „პრივეტ, ბრატუშკა" (ვგიჟდები, მარიკუნა რუსულად რომ მელაპარაკება). საოცარი შეგრძნება დამეუფლა. ერთ სუფრას ვუსხედით მე, მარიკუნა, ბიძინა და ნინკა. და რას მეუბნებიან: გია, მადლობა, რომ შეგვკრიბე, ჩვენ არასდროს ერთ სუფასთან არ ვმსხდარვართო. გავგიჟდი. შარდენზე ვისხედით და ადგილზევე გამოვშარდენდი:) ყველაზე უმცროსმა შევკრიბე ოჯახი და იმედი მაქვს, ამით ბედნიერება მოვუტანე ჩვენს ოჯახს.
მარიკუნა მიქატაძე:
„გიას არსებობა ვიცოდი, მისი ფოტო ადრე, ათი წლის წინათ, ჩემმა ბიძაშვილმა მაჩვენა. რატომღაც ვერასდროს ვერ მოვაბი თავი მის მოძებნას. მერე ჩემმა ბიძაშვილმა მომწერა, 19 ივლისს შენი ძმა ჩამოდის და თუ სურვილი გაქვს, გაგაცნობო. ძალიან მინდა-მეთქი. საღამოზე დამპატიჟეს. მაგრამ მე ახლა ისეთი სიტუაცია მაქვს, არსად დავდივარ. გიას საღამოს მერე გავუარე. სანამ მანქანას მოუახლოვდებოდა, ფეხები მიკანკალებდა, ძალიან ვნერვიულობდი, წარმოდგენაც არ მქონდა, როგორი იყო. მამას არ ვიცნობდი, მხოლოდ ფოტოებით და ფილმებით. გია რომ მოვიდა, მამა და ძმა ერთდროულად იდგა ჩემს წინ. ყელში ბურთი გამეჩხირა, ტირილი მომინდა, საოცარი გრძნობა დამეუფლა. უცებ შემიყვარდა. გარდა იმისა, რომ ჩემი ძმაა, საოცარი ადამიანია, ძალიან დადებითი და საყვარელია. მის გარეშე ვეღარ ვძლებ. პირველი ვიზიტის მერე რომ წავიდა, მივხვდი, რომ გიას გარეშე ვეღარ გავძლებდი. სკაიპით ველაპარაკებოდი. მითხრა, არ მაქვს რეპეტიციები, ვისვენებო. ეგრევე ავიღე ბილეთი და სასწრაფოდ გადმოვაფრინე. მართლა ვეღარ ვძლებ უმისოდ. კი მყავს და-ძმა, ბიძინა და სოფო, მაგრამ გიასთან სხვანაირი სიახლოვე ვიგრძენი. თან ტოლები ვართ. მე 27 წლის ვარ, გია 26-ის".
გია ფერაძე:
„იცით, საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლა რამ გადამაწყვეტინა? ამ საოცრებამ, ჩემმა დამ. ის საჩუქარია. ახლა უკვე, როგორ ხარო, რომ მეუბნებიან, ვპასუხობ: ღვთიურად-მეთქი. არ ვხუმრობ. მე აქ უნდა ვიცხოვრო. მამას საფლავზე რომ მივდიოდით, მანქანაში ვისხედით, სხვადასხვა მიმართულებით ვიყურებოდით, ხელი ჩაკიდებული გვქონდა და ორივეს ღაპაღუპით ჩამოგვდიოდა ცრემლები. მე ვგრძნობდი, როგორ დუღდა მარიკუნას შინაგანი სამყარო. იმ წამს ჩვენ ღრმა და ნამდვილი გრძნობა გვაერთიანებდა. მერე მამის საფლავზე ვისხედით და სულიერად გავიწმინდეთ.
მარიკუნას საყვარელი ადამიანი ახლა ციხეშია. ჩემსავით ხმაურიანი და ემოციური მარიკო ჩემთან შეხვედრამდე გამოთიშული იყო სამყაროს, არსად დადიოდა. ახლა 180 გრადუსით შემობრუნდა. მე არ ვიცნობ სიძეს, მაგრამ ჩემი და, რომელსაც მე ქალის ეტალონად მივიჩნევ, თუ ასე განიცდის ქმრის მდგომარეობას, წარმომიდგენია, რა კაცია ის. მე მინდა მარიკუნა ბედნიერი ვნახო. თბილისში გადმოვალ, თუნდაც მეეზოვედ ვიმუშაო, მაგრამ მას შევუმსუბუქო ეს სიმძიმე. მას ჩემი ჩამოსვლით ეს ყოფა ხომ შევუმსუბუქე? მერე რა, რომ ჩემი კარიერა იქ თეატრში ზენიტისკენ მიდის, აქ უფრო მაღლა წავალ. აქამდე არ ვიცოდი, ვისზე და რაზე მელოცა. უკვე ვიცი. გულმა სრულყოფილად ფეთქვა დაიწყო. მე ვიცი, რომ ეს სიყვარულია და მისთვის ბევრი უნდა გავაკეთო. ის უნდა ვკვებო. ამის დაკარგვა არ მინდა. მარიკუნას ხმის ტემბრი მომწონს. რომ ლაპარაკობს, რაღაც მენთება. როცა მე მელაპარაკება, ტონალობას იცვლის. ეს მათბობს. მერე რა, რომ საერთო „პილიონკებში" არ გავზრდილვართ, ერთ ჭერქვეშ არ გვიცხოვრია? ერთმანეთთან უკვე უკომპლექსოდ ვართ. პირველად ღამე თეთრად გავათენეთ, ათას რამეზე ვილაპარაკეთ. უკვე უხილავ კავშირსაც ვამყარებთ ერთმანეთთან. სიგარეტს ვიყიდიო, მითხრა და ისე წავიდა, დამავიწყდა, ლუდი რომ დამებარებინა. უცებ მარიკუნა ლუდით დაბრუნდა და მომცა: „ბრატუშკა, ლუდი წამოგიღეო".
ზარი ციხიდან
გია შვიდი წლის იყო, ვიღაც „უცნობმა კაცმა" სახლში რომ დაურეკა.
„ძალიან მოკლე და მშრალი საუბარი გვქონდა. გია, „პრივეტ", როგორ ხარ? როგორ სწავლობო? ნორმალურად-მეთქი. დაიმახსოვრე, კარგად ისწავლე და 21 წლის რომ გახდები, წითელ სპორტულ მანქანას გიყიდიო. ეს იყო მამა, ციხიდან მირეკავდა. მას ერთადერთხელ ვესაუბრე, თან ისე, რომ არ ვიცოდი, ვინ იყო. უკვე ხუთი წელია, მანქანას ველოდები... ვხუმრობ, რა თქმა უნდა. არანაირი მანქანა არ მინდა. მე დღეს ყველაზე მდიდარი ადამიანი ვარ მსოფლიოში.
- სხვა ცხოვრება დაგეწყო?
- უფრო სრულყოფილი ცხოვრება. რუსეთში მყავს ორი ბიძაშვილი. შვებულებას მათთან ვატარებდი. ახლა უკვე თბილისშიც მაქვს ჩამოსასვლელი".
დედა
„დედაჩემს, ირინა ფერაძეს, აქ პოეტესას უწოდებენ, 26 წლის წინათ, მამაჩემთან შეხვედრის მერე, ლექსების წერა რომ დაიწყო. დედა წერდა სიყვარულზე, შეხვედრაზე, განშორებაზე, შეშლილობაზე, სიგიჟეზე, მოწყენილობაზე, სიმარტოვეზე. წერდა, რომ მას შემდეგ გაიგო, რა არის სიყვარული, რაც მამაჩემი გაიცნო. მის არყოფნაზე წერდა, გატეხილ სულზე წერდა. ეს ლექსები მე სამეფო უბნის თეატრში წავიკითხე. იცით, რა მითხრა დედამ? ჩემს ცხოვრებაში ორი მამაკაცი იყო - გია ფერაძე და სხვა დანარჩენიო. ეს არის ქალი, რომელიც ამ სიყვარულით სააზრდოობს დღესაც. მე სიყვარულის ნაყოფი ვარ. ეს ხომ „სრაზუ ვიდნა". დედა ყოველთვის თბილი სიტყვებით იხსენებდა მამას. ის მას შემდეგ უფრო შემიყვარდა, რაც აქ მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ მამა არ დავიწყებია და ციხეში არ მიუტოვებია. დიდი მადლობა, ირინა, შენ იმისთვის, რომ შვილში ამხელა სიყვარული ჩადე, მამის სიყვარულიო".
„ახლა მე გიას ვეცეკვებოდიო"
- გია, მაინცდამაინც მსახიობობა რატომ აირჩიე პროფესიად?
- სხვა გამოსავალი მქონდა? ამათ, ჩემს და-ძმებს ჰქონდათ სურვილი, მაგრამ არც ერთი მამის კვალს არ გაჰყოლია. სკოლაში საკმარისი იყო ეკითხათ: ვინ მიიღებს სარვამარტო დღესასწაულში მონაწილეობას? მე! ვინ მიიღებს მონაწილეობას?.. მე! მერე უკვე არ მეკითხებოდნენ, ვმონაწილეობდი. სიხარულისგან ფრთები მესხმებოდა. ერთი გაკვეთილი არ გამიცდენია, ინსტიტუტში - ლექცია. სხვა არაფერი მინდოდა. 20 წუთით ადრე მივდიოდი, რომ ბავშვები გამეხალისებინა. სადარბაზოებზე მარკერებით ლექსებს ვწერდი. თურმე საქართველოდან მიბერავდა ნიჭის ქარი. დედას ხელი არ შეუშლია, პირიქით. მიუხედავად იმისა, რომ სრულფასოვან ოჯახში არ გავზრდილვარ (გვერდით მამა არ მყოლია), დედას არაფერი დაუკლია ჩემთვის. დედა საოცრება მყავს. ჩემი თეატრალური აგენტია. აგროვებს ჩემს ფოტოებს, ვიდეოებს, ყველაფერს ჩემს გარშემო, ჩემი საარქივო მენეჯერია. 16 წლის თეატრალურ ინსტიტუტში მოვეწყვე. 20 წლის უკვე თეატრის მსახიობი ვიყავი. თეატრი უზომოდ მიყვარს, თავს სრულფასოვნად სცენაზე ვგრძნობ. ეს, ალბათ, გენებია.
- რუსეთში იციან, ვისი შვილი ხარ?
- აბა, რა! ველური სიამაყით ვამბობ, ვისი შვილი ვარ. რომ მამაჩემი გია ფერაძეა. მირონოვი, აბდულოვი, კარაჩენცევი - ყველა იცნობდა მამას. მამას ფილმებიდან მაინც „ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობას" გამოვყოფდი. ხომ არ მესიმის, რას ლაპარაკობს, მაგრამ დიდი ემოცია მოდის. წამს არ უშვებს, რომ არ ითამაშოს. სამწუხაროდ, სპექტაკლებში ნანახი არ მყავს. სხვათა შორის, რუსთაველის თეატრში რომ შევედი, კედლებში, სადაც მამაჩემი თამაშობდა, მეგონა, კოსმოსში მოვხვდი. საიმპერატორო ატმოსფერო დამხვდა. მე ამ თეატრის სცენაზე ვითამაშებ, თუნდაც ერთხელ. უკვე გრიბოედოვის თეატრში ამიყვანეს. ახლა ნელ-ნელა ვიწყებ ენის შესწავლას. ქართული ცეკვა უნდა ვისწავლო. ნანული სარაჯიშვილმა შალახო მაცეკვა, გამომიცეკვა. „შპაგატი" გავაკეთე, არადა, ვიწრო ჯინსი მეცვა, მაგრამ გადავრჩი და ავიღე ცხვირსახოცი. გამომივიდა. ახლა მე გიას ვეცეკვებოდიო, ნანულიმ მითხრა. მერე მშვიდ მუსიკაზე ჩავიხუტე და თავი ზემოდან თავზე დავადე. თავი ასწია, წყლიანი თვალებით შემომხედა და იცით, რა მითხრა? გიკა, ვერც წარმოიდგენ, მე და მამაშენი ზუსტად ასე ვცეკვავდითო. არადა, მე სულ თავისით მომინდა, ასე მეცეკვა, არაფერი აუხსნია ნანულის. ვიგიჟებდით და მერე ასე ვცეკვავდითო. ვიცი, და-ძმასავით იყვნენ. მითხრეს, ხის სიგრძე ფესვებიდან იწყება და შენ შენს ფესვებს დაუბრუნდიო.
გეგმები
- ასეთი ენერგიით აქ უყვართ მხოლოდ, ამ ჰაერზე და ამ ბუნებაში. გამაოცა აქაურმა ბუნებამ. ბოდბეში ვიყავი, წმინდა ნინოს საფლავზე. აქამდე ვიცოდი, რომ ჩემი ტაძარი ჩემს გულში იყო, მაგრამ ბოდბის ტაძრიდან ყველა რომ გავიდა, დავჯექი, საფლავს შევეხე და რომ დაიწყო ჭიანჭველების სირბილი და ჟრუანტელი, იმაზე ძლიერი იყო, პირველად ამ მიწაზე ფეხის დადგმისას რომ მქონდა. მივხვდი, რომ ეს ჩემი მფარველი წმინდანია და ეს ტაძარი ჩემია. კიდევ უნდა მივიდე იქ. ახალ წელს დას ველოდები სამარაში. ორ წელიწადში გეგმაში მაქვს საქართველოში საცხოვრებლად ჩამოსვლა და მოქალაქეობის მიღება.
http://www.ptpress.ge/index.php?