თაღლითი, ჯაშუში, ნაძირალა... - ეს და სხვა შეძახილები ისმოდა წამებით მოკლული სერგო თეთრაძის ქვრივის დაკითხვის დროს სასამართლო დარბაზში, მაგრამ ამაზე არც მოსამართლე რეაგირებდა და ამ თავაშვებულობას არც პროკურორი აპროტესტებდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას, მისი პირველი მოადგილის (და ამავდროულად თინა ბურჯალიანის ქმრის) ნიკოლოზ ძიმცეიშვილისა და სამხედრო პოლიციის უფროსის მაშინდელი მოადგილის მეგის ქარდავას პროცესი 2015 წლის 22 ივნისს დათქმულ დროზე ხუთი წუთით გვიან, ორის ხუთ წუთზე დაიწყო.
მოსამართლე გახლდათ ლელა შკუბულიანი, პროკურორი რევაზ ნადოი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პირველ სართულზე, N12 დარბაზში ისხდნენ ბაჩო ახალაიას და ალექსანდრე მუხაძის, მეტსახელად „ქილერას" ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, მათ შორის პარლამენტარი აკაკი მინაშვილი. იქ იყო წამებით მოკლული სერგო თეთრაძის ოჯახის ადვოკატი მაგდა კოტრიკაძე.
მედიასაშუალებებიდან ჩემს გარდა, ანუ „ობიექტივის" გარდა დარბაზში ისხდნენ (და რაც მე გავიგე და დავინახე, დიდწილად სავარაუდოდ გაიგებდნენ და დაინახავდნენ): ტელეკომპანია „რუსთავი 2"-დან დავით ქაშიაშვილი, „მედია პალიტრადან" ხათუნა გაგნიძე და „იმედიდან" გოგონა, რომლის გვარი, სამწუხაროდ, არ ვიცი. პროცესს „რუსთავის 2"-ის ოპერატორი იღებდა.
მთელი სიცხადით რომ წარმოიდგინოთ, დარბაზში რა ხდებოდა, ვწერ იმ შეძახილებს და რეპლიკებს, რომელიც პროცესის მიმდინარეობისას ისმოდა. უცენზურო სიტყვების გამეორებისთვის ბოდიშს გიხდით.
ბრალდებული ბაჩო ახალაია ხმამაღლა აღშფოთდა, როცა გაიგო, რომ წამებით მოკლული სერგო თეთრაძის ქვრივი ორის ნახევარზე გამოცხადდებოდა. ფეხზე წამოდგა, მოსამართლეს ზურგი მიაქცია და ხელებს „რუსთავის 2"-ის კამერის მიმართულებით შლიდა - ეს რას ჰგავს, აქ იმიტომ მომიყვანეთ, რომ იმ ჯურღმულში ვიჯდე, სანამ პროცესი განახლდება?! იცით, რა წამებით გამოვიარეთ გზა, აქამდე რომ მოვსულიყავი?!
პროკურორმა ახალაიას სიტყვა შეაშველა - შესვენების დროს ჩვენ გავალთ და თქვენ დარბაზში იყავითო. არა, არ მინდა, არ შემიძლია, მე უნდა წავიდე და პროცესი უჩემოდ გააგრძელეთო, - უთხრა მოსამართლეს. მერე დაიხარა, მის ერთ-ერთ ადვოკატს მალხაზ ველიჯანაშვილს ხმადაბლა უთხრა, გოგამ იცის ყველაფერიო და წავიდა. ახალაიას გასვლის შემდეგ საქმეში გოგა ონიანი ჩაერთო. ახალაიას ხელზე ბორკილები არც შემოყვანისას ედო და არც გაყვანისას გაუკეთებიათ.
მოსამართლემ ნახევარსაათიანი შესვენება გამოაცხადა. ახალაიას ოჯახის წევრებმა და მხარდამჭერებმა ხმამაღლა გამოთქვეს პროტესტი - ეს ნაძირლები ამდენ ხანს სად დაიარებიანო.
პროცესი 13:55 წუთზე განახლდა. ათი წუთის შემდეგ დარბაზში დაზარალებულის უფლებამონაცვლე - სერგო თეთრაძის ქვრივი შემოვიდა და მოიბოდიშა, გზაზე საცობი იყო, დაგვიანებისთვის ბოდიშს ვიხდიო. მოსამართლე ლელა შკუბულიანმა ნანა თეთრაძეს მიმართა - იმის დასადასტურებლად, რომ მოწმის სახით დაკითხვის დროს ილაპარაკებთ მხოლოდ სიმართლეს, გნებავთ რელიგიური ფიცი დადეთ, გნებავთ არარელიგიურიო. ნანა თეთრაძემ რელიგიური ფიცის დადება აირჩია და პროკურორის კითხვის შემდეგ იმის მოყოლა დაიწყო, მისი მეუღლე, თავდაცვის სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკი სერგო თეთრაძე სახლიდან როგორ წაიყვანეს, 2011 წლის 17 სექტემბერს, გამთენიისას, როგორ გაჩხრიკეს სახლი და იმავე დღეს ორჯერ როგორ მიბრუნდნენ მათთან.
სერგო თეთრაძე სახლიდან "ტოიოტას" ფირმის მანქანით წაიყვანეს. ოჯახის უფროსის წაყვანის შემდეგ თეთრაძეებთან ორჯერ მიბრუნდნენ - ჯერ სარდაფი გაჩხრიკეს. ერთმანეთს მეგრულად ესაუბრებოდნენ, რაც დიასახლისმა გააპროტესტა, გამაგებინეთ, რას ამბობთ, ქართულად ილაპარაკეთო. მჩხრეკავები დაინტერესდნენ, ნანა თეთრაძე რას საქმიანობდა. ინგლისური ენის მასწავლებელი ვარო, - მიუგო. მერე არ ჯობდა, მეგრული გესწავლა, ხომ გაიგებდი, ახლა რას ვამბობთო?!
მჩხრეკავები და გამომძიებელი გიორგი ხევსურიანი ისე წავიდნენ, დიასახლისს არც გაუგია, რადგან სარდაფში იყო. დაახლოებით ექვს საათზე ხევსურიანმა თეთრაძეებთან დარეკა და ათ წუთში მივიდა - წეღან დამავიწყდა, ოქმზე ხელი გაქვთ მოსაწერიო. ნანა თეთრაძემ ხელი არაფერზე მოუწერა, რადგან მათ თვალწინ ცდილობდნენ, მიტანილი „ფლეშკა" თეთრაძეების საკუთრებად გაეფორმებინათ. დიასახლისი მეუღლის ადგილსამყოფელით დაინტერესდა. უფროსებს ჰყავთ დაკითხვაზე, ბაჩო ახალაიას და მეგის ქარდავასო, მიუგო გამომძიებელმა.
პროკურორმა რევაზ ნადოიმ ნანა თეთრაძეს ჰკითხა, თქვენს მეუღლეს სახეზე ან სხეულზე დაზიანებები ჰქონდა თუ არაო? ნანა თეთრაძემ მიუგო, არანაირი ნაკაწრი და დაზიანება არ ჰქონია, შეგიძლიათ, მეზობლები დაჰკითხოთ, ამას ყველა დაადასტურებს - 16 სექტემბერს ნარდს გვიანობამდე თამაშობდნენ, ამ დროს ჩემს მეუღლეს მოკლემკლავიანი პერანგი და შორტი ეცვა, მას არანაირი ნაჭდევი და სილურჯე არ ჰქონიაო.
პროკურორმა კიდევ ერთი კითხვა დასვა - ჩხრეკის დროს რაიმე დოკუმენტი შედგაო? ნანა თეთრაძემ მიუგო, კი, რაღაცას ადგენდნენ, მაგრამ ხელი არ მოგვიწერია; როცა ჩემს მეუღლეს უთხრეს, წამოდიო, მას წინააღმდეგობა არ გაუწევია, უხმოდ გაჰყვაო.
სერგო თეთრაძის წაყვანის შემდეგ ნანა თეთრაძეს მეზობელმა ურჩია, ადვოკატად თამარ იასეშვილი აეყვანა. ასეც მოხდა. იმავე საღამოს იასეშვილი თეთრაძეებთან მივიდა და იქიდან რამდენიმე მეზობელთან და სერგო თეთრაძის ვაჟთან ერთად თავდაცვის სამინისტროში წავიდა. იქ უთხრეს, რომ სერგო თეთრაძე სამინისტროში და სამხედრო პოლიციაში არ მიუყვანიათ.
18 სექტემბერს დღის თორმეტ საათზე ადვოკატმა თამარ იასეშვილმა ნანა თეთრაძეს შემდეგი რამ მოუყვა:
თქვენი მეუღლე წინასწარი დაკავების იზოლატორშია, იქ გამთენიისას, ხუთ საათზე შეიყვანეს. ითხოვს, მიუტანოთ წამალი კვადრიცა. მას ცხვირი მოტეხილი აქვს, სახეზე სისხლჩაქცევები ეტყობა, ძალიან დათრგუნულია. გთხოვათ, რომ დედამისს არაფერი უთხრათ და განგაში არ ატეხოთ, რადგან მითხრა, რომ ოჯახით ემუქრებიან. სერგო თეთრაძე სახლიდან თავდაცვის სამინისტროში წაუყვანიათ. მან თქვა, რომ იყო მეორე სართულზე. მითხრა, რომ მეგის ქარადავა და ბაჩო ახალაია აწამებდნენ - ჯაშუშობას მაბრალებენ, უნდათ, რომ ვაღიარო, რასაც ვერ მოესწრებიან. აღიარებით ჩვენებას მეგის ქარდავა და ბაჩო ახალაია მთხოვენ. მცემეს წიხლებით, თავზე პოლიეთილენის პარკი ჩამომაცვეს, სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდნენ. ამას აკეთებდნენ ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა. ეგებ ვინმე შეაგზავნო ბაჩო ახალაიასთანო, - აი, ეს მითხრა თქვენმა მეუღლემ.
ნანა თეთრაძე ამ ამბავს რომ ჰყვებოდა, დარბაზიდან ისმოდა რეპლიკები: „თაღლითი, ჯაშუში, ნაძირალა". განსაკუთრებით აქტიურობდნენ: პარლამენტარი აკაკი მინაშვილი, როლანდ ახალაია, მისი მეორე ნახევარი და მათი რძალი ანი ნადარეიშვილი.
ნანა თეთრაძემ თხრობა გააგრძელა - მე წინასწარი დაკავების იზოლატორში წავედი. ადვოკატმა მირჩია, რომ ჩემი მეუღლისთვის მშრალი საკვები და ტანსაცმელი წამეღო. ასეც მოვიქეცი. 19 სექტებერს სამსახურში ვიყავი, როცა ადვოკატმა თამარ იასეშვილმა დამირეკა და მითხრა, რომ ქალაქის სასამართლოში ჩემი მეუღლისთვის წინასწარი ორთვიანი პატიმრობა უნდა შეეფარდებინათ. სხდომა 18 საათისთვის იყო ჩანიშნული. გვიან მოვიდნენ. სხდომა დახურულად გამოცხადდა. დარბაზში განსასჯელების ადგილას ბევრი ადამიანი იჯდა. დარბაზის კარი შეღებული გახლდათ და ჩემს მეუღლეს მინიშნებებით ველაპარაკებოდი. ვუთხარი, რომ ძალიან მიყვარს. ცხვირი გვერდზე ჰქონდა მოქცეული, სახე ჩაშავებული. სკამები ორ რიგად იყო. სერგო მეორე რიგში იჯდა. სხდომა დაწყებული არ იყო, როცა სერგო წამოდგა და ადგილი შეიცვალა. გადაადგილება ძალიან უჭირდა, წელზე ხელს იდებდა. ადვოკატი გამოვიდა და ისევ გამიმეორა, რომ განგაში არ ამეტეხა და ახალაიასთან ვინმე შემეგზავნა.
ოთახში ჩხრეკას ვინც ატარებდა (მაშინ ოქროულობა დავკარგე), ის ადამიანი ვიცანი - ჩვენი უბნელი აღმოჩნდა, მისი ვინაობა ვიცი. ვკითხე, ჩემი მეუღლე ასე რატომ გამოიყურება-მეთქი და საჭმელზე უარი თქვა და იმიტომო, - მიპასუხა. ამასობაში სხდომა დაიწყო. ჩემს მეუღლეს მოსამართლე გიორგი გოგინაშვილმა წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. პროკურორი იყო გიორგი ქევხიშვილი.
მეორე დღეს, გვიან საღამოს, ადვოკატთან სახლში მივედი, ჩემი მეუღლის მდგომარეობა მაინტერესებდა. ადვოკატმა მითხრა, რომ ჩემი მეუღლე N8 საპყრობილეში, კარანტინში ჰყავდათ. ვთხოვე, წასულიყო და ენახა. უარი მითხრა, ლექციები და პროცესები მაქვს, სავარაუდოდ ორშაბათს საკანში გადაიყვანენ და მერე ვნახავო. გვიანია-მეთქი მივუგე. 21-22-23-ში ვცდილობდი, მეუღლის მდგომარეობა გამეგო, მაგრამ ვერაფერი გავიგე.
ნანა თეთრაძის საუბრის პარალელურად დარბაზში გადაძახილ-გადმოძახილები იყო, შეუერაცხყოფები, გინება.
ნანა თეთრაძე თხრობას აგრძელებდა - 23 სექტებერს, 18 საათზე, სერგო თეთრაძის დედასთან დარეკეს, ჰკითხეს, თქვენ სერგო თეთრაძის დედა ხართო?! გახლავართო, - მიუგო მოხუცმა. თქვენი შვილი N8 საპატიმროში გარდაიცვალა, მოდით, წაასვენეთო, - უთხრეს და ყურმილი დაკიდეს. მოხუცთან ნათესავი იყო. სწორედ მან დაურეკა ნანა თეთრაძეს, სერგო ძალიან ცუდად არისო. გარდაიცვალაო? - კითხვა შეუბრუნა.
ამ ამბის თხრობის დროს ნანა თეთრაძეს ტირილი აუვარდა. ამ დროს ზუსტად 15 საათი იყო. მოსამართლემ შესთავაზა, ხომ არ შევისვენოთო. არაო, მიუგო და თხრობა გააგრძელა: აივანზე გამოვედი და ყვირილი დავიწყე, ხალხნო, გამოდით, ქმარი მომიკლესო...
მიცვალებული ღამის ორ საათზე სახლში მიასვენეს. წამებისგან იმდენად შეცვლილი იყო, რომ 14 წლის დათას ისტერიული ტირილი აუვარდა, ეს მამა არ არისო. მიცვალებულს სახეზე მაკიაჟის სქელი ფენა ედო.
ბატონო მოსამართლე, ჩემი სიტყვების სისწორეში რომ დარწმუნდეთ, შემიძლია განახოთ მისი ფოტოები - როგორი იყო და როგორი მოიყვანესო, - მიმართა ნანა თეთრაძემ მოსამართლეს. ამ დროს მას ხელში სამი ფოტო ეჭირა (სამივე ფოტო მასალის ბოლოს შეგიძლიათ ნახოთ, აქვე, ჩემს გვერდზე). მოსამართლე ლელა შკუბულიანს, რომელიც ახალაიას, ძიმცეიშვილის და ქარდავას ადვოკატებს ხშირად და თბილად უღიმოდა, თეთრაძის ფოტოებისადმი ინტერესი არ გამოუჩენია.
მიცვალებულს სხვისი ტანსაცმელი ეცვა, ზომით პატარა. ბოტასები საკუთარი დაეტოვებინათ, გარეცხილი იყო, მაგრამ სისხლის ლაქები მაინც ემჩნეოდა.
26 სექტებერს გაზეთ „ახალ თაობაში" თადარიგის პოლკოვნიკ სერგო თეთრაძის N8 საპატიმროში გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა. 28-ში „თავისუფალმა დემოკრატებმა" თავდაცვის სამინისტროსთან პიკეტი მოაწყვეს და სერგო თეთრაძის გარდაცვალება ასე გააპროტესტეს. 29-ში ამავე პოლიტიკური ორგანიზაციის ახალაგაზრდული ფრთა გამოვიდა ახალაია-ქარდავას სურათებით და პლაკატით, რომელზეც ეწერა - „სერგო თეთრაძის მკვლელები". იმავე დღეს სერგო თეთრაძე დაკრძალეს. 13 ოქტომბერს (ან 13 ნოემბერს) ნანა თეთრაძემ მთავარ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
ნანა თეთრაძემ თხრობა, რომ დაასრულა 15 საათი და 10 წუთი იყო. ამის შემდეგ ბრალდებულების ადვოკატებმა კითხვების დასმა დაიწყეს.
კითხვის ვინც სვამდა, ცდილობდა, ნეტარი სახე და კეთილშობილური გამომეტყველება ჰქონოდა. ამ დროს მეორე ადვოკატი ცინიკურად იღიმებოდა და მესამე ფურცლებში იქექებოდა; ალბათ, კითხვებს ინიშნავდა. კითხვები ასეთი შინაარსის იყო: პირველი ჩხრეკა როდის დაიწყო და როდის დასრულდა; ბოლოს სად მუშაობდა სერგო თეთრაძე; სამსახური რომ არ ჰქონდა, ამ დროს სახლში რას საქმიანობდა, რით იყო დაკავებული; წნევა მაღალი ჰქონდა თუ დაბალი; მკურნალობდა თუ არა გულზე; რა უნდოდა თქვენთან ტოპოგრაფიულ რუკებს. ამ ბოლო კითხვაზე ნანა თეთრაძემ მიუგო, როგორც წითელი „ფლეშკა" ჩადეთ, ისევე ჩადებდნენ სხვა ნივთსაც, გაუჭირდებოდათ თუ რაო?!
თითქმის ოთხი წელია ველოდებოდი, რომ ბაჩო ახალაიასთვის თვალებში ჩამეხედა და მეკითხა, რატომ მომიკლა ქმარი, - ეს თქვა ნანა თეთრაძემ და ჩემს უკან მჯდომმა აკაკი მინაშვილმა ჩაილაპარაკა - წადი, შენი დედა მოვტყან.
ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი ნანა თეთრაძეს ჩაეკითხა - გაგიჭირდათ მიცვალებულის ამოცნობაო?
ძალიან მიჭირს, შეიძლება გული გამისკდესო, - თქვა ნანა თეთრაძემ. დარბაზში მყოფების ტრადიციული რეპლიკები ისმოდა - „ნაძირალა, თაღლითი, ჯაშუში". ცინიკური სიცილი ჩემზე უარყოფითად მოქმედებს, შეიძლება ცუდად გავხდეო, - თქვა სერგო თეთრაძის ქვრივმა. მე ვიცინი ცინიკურად? - იკითხა გაოცებულმა გოგა ონიანმა. თქვენ არა, თქვენს გვერდით მჯდომიო, - მიუგო ნანა თეთრაძემ.
ბრალდებულების ადვოკატები დაინტერესდნენ ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის დეტალებით. მათ აინტერესებდათ, როდის, რა ვითარებაში შეხვდნენ თავდაცვის იმჟამინდელ მინისტრს და ალასანია დაპირდა თუ არა მათ ახალაიას ციხეში გამოკეტვას. ნანა თეთრაძემ არაერთხელ უთხრა, რომ მსგავსი რამ ალასანიას არ უთქვამს და ვერც ეტყოდა, რადგან ის იყო თავდაცვის მინისტრი.
აი, აქ ამოილუღლუღა პროკურორმა რევაზ ნადოიმ, რომელსაც მანამდე ხელებზე ნიკაპით იყო დაყრდნობილი - კარგით რა, კოლეგებო, კარგით რა. ისევ პარლამენტარ აკაკი მინაშვილის რეპლიკა გავიგონე - შენი დედა, ნადოი.
ახლა ისეთი კითხვა უნდა დაგისვათ, შეიძლება გაღიზიანდეთო, - ეს ფრაზა ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა (მისი გვარი სამწუხაროდ, არ ვიცი) სამჯერ სხვადასხვა ფორმით გაიმეორა. მანამდე მას ხმა არ ამოუღია. ველოდებოდი, რომ კითხვას დასვამდა სერგო თეთრაძის წამების დეტალებზე, მაგრამ უცებ, ნანა თეთრაძისა და მისი მეუღლის წარმომავლობით დაინტერესდა - თქვენ და თქვენი მეუღლე სომხური წარმომავლობის ხართ თუ არაო. ესეც რამდენჯერმე გაიმეორა, სიტყვების გადათამაშებით. ნანა თეთრაძემ მიუგო, ჩემი მეუღლე არა, მაგრამ მე სომეხი ვარ, ეს არასდროს დამიმალიაო. ამ დროს აკაკი მინაშვილმა გვერდზე მჯდომს გადაულაპარაკა, საინტერესო ისაა, რა დროს, რა ეტაპზე შეიცვალა გვარიო. ამაზე მე გამეღიმა, რადგან აკაკი მინაშვილის წარმომავლობაზე თბილისში ლეგენდები დადის.
ნანა თეთრაძემ დასძინა, ოცდამეერთე საუკუნეში, როცა ტოლერანტობაზე ამდენს საუბრობენ, არ მეგონა, მე ჩემს წარმომავლობაზე ამდენი ახსნა-განმარტება თუ დამჭირდებოდაო.
ოთხს აკლდა ხუთი წუთი, ნანა თეთრაძის დაკითხვა რომ დასრულდა. მომდევნო სხდომა ოთხშაბათს, 24 ივნისს, 12 საათზე დაიწყება და ოთხის ნახევრამდე გაგრძელდება.
დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ როგორ ესხმოდნენ თავს წამებით მოკლული სერგო თეთრაძის ქვრივს ახალაიები და მათი მხარდამჭერები, როგორ ახსენებდნენ, შენ შვილი გყავს და ისიც არ დაგავიწყდეს, რომ შენი და შენი მეუღლის მიწოდებული ინფორმაციების აგვისტოს ომში ხალხი ჩახოცესო, ეს ჩემი ვიდეოკამერით გადავიღე და გამოვაქვეყნე.
გავიგე ისიც, რომ დარბაზში შემოსვლამდე ნანა თეთრაძეს ახალაიების მხარდამჭერები ატერორებდნენ. ერთ-ერთ მათგანს ადვოკატ მაგდა კოტრიკაძის მანქანით დავეწიეთ - მისი სახე ვიდეოკამერით გადავიღე და ასევე გამოვაქვეყნე. ოთხშაბათს, 24 ივნისს 12 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანი საქმის განხილვას გააგრძელებს.
ნინო მიქიაშვილი