reportiori.ge - გიორგი გაჩეჩილაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, საქართველო დანაღმულ ველად იქცა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 13 ნოემბერი, 2024. 02:31
ინტერვიუ
გიორგი გაჩეჩილაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ, საქართველო დანაღმულ ველად იქცა
ავტორი:
24 ივნისი, 2015. 11:26


საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის წევრი, „საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე დედაქალაქში მომხდარი სტიქიის შედეგებზე პასუხისმგებლობას ყოფილ ხელისუფლებას აკისრებს. გაჩეჩილაძე სტიქიის დამანგრეველი შედეგების განმეორებისგან თავის ასარიდებლად ხელისუფლებას კონკრეტული ინიციატივებით მიმართავს.


„საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერი გიორგი გაჩეჩილაძე:


- ეს საკითხი აუცილებლად უნდა გამოიძიონ და დამნაშავე უნდა დაისაჯოს. პრობლემა აქ ერთადერთია, 6 კაცი გარდაიცვალა სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და დანარჩენი გარდაცვლილია ესტაკადაზე. როდესაც კვალიფიკაციასა და მიდგომებზეა ლაპარაკი, ვიღაცამ უნდა თქვას, რომ ძირითადი მსხვერპლი გამოიწვია სწორედ ამ ესტაკადის მშენებლობამ და მდინარე ვერეს უცნაურ გოფრირებულ მილში მოთავსებამ. ეს ჩემი სპეციალობაა და ჩემზე კარგად არავინ იცის. მდინარე ვერემ რომ წყალდიდობა და ადიდება იცის, ეს ყველასთვის ცნობილი ამბავია და სპეციალისტისთვის რომ ეკითხათ მშენებლობის დაწყებამდე, ის 5 წუთში აუხსნიდა ყველაფერს.


13-ში ღამე, როდესაც წყალი მოვარდა, ჯერ გაიჭედა კომუნისტების აგებული გვირაბი, შემდეგ გაირღვა და წყალმა სვლა განაგრძო, თუმცა ახალმა, მცირე დიამეტრის მქონე გვირაბმა დატვირთვას ვერ გაუძლო, გაიჭედა და წყალმა გვირაბს ზემოდან დაიწყო დინება. სწორედ ამ წყალმა გადაუარა ესტაკადას და მსხვერპლიც ამან გამოიწვია.


- შეეძლო თუ არა ხელისუფლებას სტიქიის გამომწვევი რისკების მინიმიზირება და საფრთხის თავიდან აცილება?


- ჩემი მეგობრებისგან მოვისმინე, რომ 5 წუთის მანძილზე იქ ორი ტალღა იყო, მეორე ტალღის სიმაღლე 10-12 მეტრი იყო. ამაზე რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან შეუძლებელი იყო. აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლობის საკითხი, ბუნებრივია სრულად გადადის წინა ხელისუფლებაზე. მთელი საქართველოს მასშტაბით არის ყოფილი ხელისუფლების მიერ აშენებული შენობები და ეს ყველაფერი საკმაო საფრთხის შემცველია. არ ვიცით, რამდენი ნაღმი დაგხვდება წინ.


- დადგა თუ არა კანონმდებლობის გამკაცრების საკითხი დღის წესრიგში?


- ის კანონმდებლობა, რომელიც გარემოს დაცვის სფეროში მოქმედებდა ჩვენი შექმნილი იყო, „მწვანეთა პარტიის", მაგრამ სააკაშვილმა დაანგრია და გაანადგურა სწორედ იმ მიზნით, რომ ამდაგვარი მშენებლობები ეწარმოებინა. თუმცა, გაეპარათ რაღაც-რაღაცები, რომელსაც ალბათ პროკურატურა მოკიდებს ხელს. ეს არის წყლის კანონი, რომელიც პირადად ჩემი გაკეთებულია, ეგ კანონიც დაამახინჯეს, მაგრამ იქ დარჩა სერიოზული საკითხები. მაგალითად, მდინარეებთან დაკავშირებით წერია, რომ მდინარეებს გააჩნიათ თავიანთი დაცვითი ზონები. ანუ მდინარის კალაპოტიდან გარკვეულ მანძილზე მშენებლობა აკრძალულია. ამ შემთხვევაში, მდინარე ვერეს კალაპოტის გარშემო 30 მეტრზე მშენებლობა დაუშვებელია. ეს რა თქმა უნდა, დარღვეულია. ასევე დარღვეულია სამშენებლო საქმიანობის შესახებ კანონი და მასთან დაკავშირებული მთავრობის დადგენილებები, რომელიც განსაზღვრავს პროცედურებს, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ამგვარი მშენებლობები. აქ მარტო ქალაქის მერიისა და არქიტექტურის სამსახურის პასუხისმგებლობაზე არაა საუბარი. აქ იკვეთება გარემოს დაცვის მაშინდელი მინისტრის დანაშაულიც. ეს გახლავთ კომპლექსური დანაშაული, რომელმაც ამხელა მსხვერპლი გამოიწვია. ყოველთვის ვამბობდი, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" გაანადგურა მთელი კანონმდებლობა, რომელიც ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოებას უკავშირდებოდა. ეს დანაშაული რეალურად უნდა გასამართლდეს. განსაკუთრებით ჩვენს დარგში გვაქვს ძალიან ცუდი მემკვიდრეობა. ფაქტობრივად, „ნაციონალური მოძრაობის" შემდეგ, საქართველო დანაღმულ ველად იქცა. სად როდის აფეთქდება რაღაც და რა მსხვერპლს მოიტანს, კაცმა არ იცის.


ახლა იწყება კანონმდებლობის გამკაცრების ეტაპი. რა თქმა უნდა, „მწვანეთა პარტიის" პოზიცია ყოველთვის ძალიან მკაცრი იყო ამ მიმართულებით. ახლა ვნახოთ. მე ვარ დამოუკიდებელი დეპუტატი და მაქსიმალურად შევეცდები, აღვადგინო ის კანონმდებლობა, რომელიც ჩემივე ხელით იყო გაკეთებული.

 

- რა ბედი ელის ე.წ. ახალ გზას? თქვენი პოზიცია როგორია, შესაძლოა თუ არა აღნიშნულ ტერიტორიაზე უსაფრთხო ესტაკადის მშენებლობა?


- გვაქვს ჩვენი წინადადება ამასთან დაკავშირებით. რამდენიმე დღეა ყველგან ვაცხადებ, არავითარი სკვერების, ბაღებისა და პარკების გაკეთებას სვანიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე აზრი არ აქვს, რადგან სტიქიის განმეორებისგან დაზღვეულები არ ვართ. კომუნისტების დროს იყო ასეთი პროექტი, რომ „მაღლივ კორპუსთან", სადაც მდინარე ვერე ხეობის ღრმა კანიონში გადის, გაკეთებულიყო ჯებირი. აქ გაკეთდებოდა წყალსაცავი, რომელიც ვერეს ხეობის ცუდ ხასიათს დაარეგულირებდა. ეს პროექტი რატომღაც ვერ განხორციელდა. თუმცა მე მისი მაკეტიც კი ნანახი მაქვს. თუ ეს პროექტი არ განხორციელდა და ვერეს დარეგულირება ვერ მოხერხდა, ქვედა მხარეს არაფრის გაკეთებას აზრი არ აქვს, რადგან სტიქია განმეორებადია. ამიტომ მივმართავ ხელისუფლებას, ეს ვარიანტიც განიხილოს. ჩვენ გვყავს ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებიც ამის დაპროექტებასაც და მშენებლობასაც შეძლებენ. ეს არ იქნება ჰიდროელექტროსადგური, ეს იქნება დამბა, რომელიც ვერეს ხეობაში არსებულ ვითარებას დაარეგულირებს და სტიქიის საშიშროებას მოხსნის. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016