გუშინ, 23 ივნისს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიხსნა დიდი ქართველი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის სახელობის კაბინეტი.
დღეს მოხდა ის, რასაც ამდენ ხანს ველოდით, - თქვა ამ მამულიშვილური საქმის ინიციატორმა და ორგანიზატორმა, მწერალმა და მეცენატმა მერაბ რატიშვილმა, - გაჩნდა კიდევ ერთი კერა, სადაც ბატონ ჭაბუას სული იტრიალებს - მისი კაბინეტი-მუზეუმი. ყველა თაობის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ, მოვიდნენ აქ და სიმყუდროვესა და სიჩუმეში წაიკითხონ, დაფიქრდნენ და გაიაზრონ ის სიბრძნე, რომელიც ჭაბუამ დაგვიტოვა. აქ გავაცნობთ უცხოელ და ადგილობრივ სტუმრებს მის ცხოვრებასა და შემოქმედებას, მისი დაუდგრომელი სულის თავისებურებას, მის ხასიათს, მის შეუდარებელ ქართულ გენს, იმ სიბრძნეს, რომელიც ბერმა დავითმა დაგვიტოვა.
აქ ნახავენ სიკვდილმისჯილთა იმ საკანსაც, სადაც ჭაბუა იჯდა ჯერ 45 დღის, შემდეგ - სამი თვის განმავლობაში. ეს შტრიხი შეგნებულად შევიტანეთ, რათა ახალგაზრდა თაობამ ნახოს, რა გადაიტანა ჩვენმა ერმა, რა გზა გამოიარა ჭაბუა ამირეჯიბმა, მაგრამ არ შედრკა, არ დაეცა და დარჩა მაღალი ზნეობის ადამიანად.
არმაზ სანებლიძე