„Каждый народ имеет то правительство, которого он заслуживает," წერდა ჟოზეფ დე მესტრი 1811 წელს. ,,Каждый народ имеет то правительство, которое его имеет," - ეს ხალხური სიბრძნე ჩვენს დროში მთელ პოსტსაბჭოურ სივრცეშია პოპულარული. საგულისხმოა, რომ ეს აზრი რუსეთის იმპერიის ღრმა მცოდნემ, გამოჩენილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა და პოლიტიკოსმა, დე მესტრმა, რუსეთის თვითმპყრობელი იმპერატორის ალექსანდრე I-ის მიერ იმხანად გამოცემულ კანონების კომენტირებისას, ხალხისა და მთავრობის მიმართებაზე გამოთქვა.
„სააკაშვილის ტელევიზია ისევე იქცევა, როგორც პატრონი. ის ისეთივე უტიფარია, როგორც ნაცების ბელადი. დღედაღამე შოუებს აწყობენ მათი კალიგულას "ხუშტურებით" აშენებული გზით გაუბედურებული ოჯახების და გარდაცვლილების ხარჯზე. გვამები გაციებული არ იყო, როდესაც რუსთავი-2-ში ნაც სპეციალისტებს ალაპარაკებდნენ ვერეს ხეობაში გზის მშენებლობის გრანდიოზულობაზე. იმედი მაქვს, რომ მალე, სააკაშვილის ამ და სხვა ნაცტელევიზიებს ხალხი შესაბამის ადგილს მიუჩენს პოლიტიკურ ნაგავსაყრელზე.,",იმ დაღუპულ ხალხზე უნდა დაედგათ ეს სტუდია, უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა." - წერდნენ მოქალაქეები ჩემი წინა წერილის კომენტარებში. იმ წერილში მე აღვნიშნე, რომ სტიქიური უბედურების ფონზე ,,რუსთავი 2"-ის ფერადი პოდიუმის დანახვისას მაშინათვე სააკაშვილის ხელწერა ვიცანი. ახლა მბრძანებლებისა და შემსრულებლების ურთიერთდამოკიდებულების მნიშვნელოვან თემას მინდა შევეხო.
შემსრულებლების გამართლებას ნამდვილად არ ვაპირებ. ცხადზე ცხადია, რომ მათი არმიის გარეშე მბრძანებლებიც ვერ იარსებებდნენ. მაგრამ ჩვენი ანალიზისათვის მნიშვნელოვანია აღვნიშნო, რომ არც ნიკა გვარამიას, არც ,,რუსთავი 2"-ის წამყვანებს კოშმარულ სიზმარშიც არ მოუვიდოდათ უბედურების ფონზე ასეთი გადაცემის მოწყობა. ასევე ნიკა გვარამიას, გოკა გაბაშვილს და სხვებს თავშიც არ მოუვიდოდათ გადაეღოთ მარაზმატული ფილმი ,,ნოემბრიდან ნოემბრამდე". შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ საბჭოურ-ჩეკისტურ ტრადიციებში შექმნილი ამ ფილმის მიხედვით 2007 წლის ნოემბერში მზადდებოდა სახელმწიფო გადატრიალება სააკაშვილის ჩამოგდების მიზნით. არც გიორგი არველაძეს და ,,იმედის" წამყვან მუშაკებს არ მოუვიდოდათ თავში 2010 წელს ე.წ. "იმიტირებული ქრონიკის" შექმნა და შემდეგ მისი ჩვენება ეთერში იმ ინფორმაციის გარეშე, რომ ეს დადგმა იყო, და არა მიმდინარე მოვლენების ამსახველი პირდაპირი ეთერი. "იმიტირებულმა ქრონიკამ" მაშინ არა მარტო ჩვენი საზოგადოება, არამედ მთელი მსოფლიო აღაშფოთა და, ვფიქრობ, არ იყო შემთხვევითი, რომ ამის შემდეგ მოვისმინეთ ფარული ჩანაწერები: როგორ უხსნიდა შემსრულებელი გიორგი არველაძე იმედის თანამშრომელს, რომ სააკაშვილმა კატეგორიულად მოითხოვა, რომ იმიტირებული "ქრონიკა" გაფრთხილების გარეშე გაეშვათ და როგორ საყვედურობდა (!) ნიკა რურუა სააკაშვილს, რომ ხალხის ასე შეშინება არ ვარგოდა. ნაცების მართვის სისტემის არსის გასაგებად საჭიროა გავითვალისწინოთ, რომ როგორც ჩამოთვლილ, ისე სხვა მრავალ შემთხვევაში სააკაშვილის ,,ხუშტურების" შემსრულებლებს არა მარტო თავში არ მოსდიოდათ მსგავსი ,,ხუშტურები," არამედ კარგად ესმოდათ, რომ ასეთი რაღაცეების გაკეთება მხოლოდ საზიანო იქნებოდა არა მარტო ქვეყნის, არამედ ნაცების (ანუ მათი) ხელისუფლებისათვისაც, ვინაიდან ეს ხალხს განაწყობდა სააკაშვილის და მისი რეჟიმის წინააღმდეგ. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ვინაიდან კარგად მახსოვს, რომ შემსრულებლების დიდი ნაწილი, მათ შორის ისინი, რომლებიც დღესაც დაუღალავად ამტკიცებენ თავის ერთგულებას სააკაშვილისადმი, წლების წინათ კერძო საუბრებში სულ
გიჟად და იდიოტად მოიხსენიებდნენ მას, ხშირ შემთხვევაში კი უფრო მკვეთრ ეპითეტებსაც არ იშურებნენ ნაცების (ანუ საკუთარი) უტიფარი ბელადის მისამართით. ცხადია, ყველაფერი ეს სულაც არ ამართლებს, არამედ უფრო ამძიმებს შემსრულებელთა ზნეობრივ დანაშაულს. ,,ზურა რომ ყოფილიყო ცოცხალი, თვითონაც გადადგებოდა და ჩვენც წამოგვყრიდა. გადავიდოთ ოპოზიციაში და გავიმარჯვებდით," ამბობდნენ ჟვანიას გუნდის წევრები გირგვლიანის დაღუპვის შემდეგ დაწყებული პროტესტების დროს. მათ ინტონაციაში იგრძობოდა, რომ ადარდებდათ არა ქვეყნის ბედი, არამედ საკუთარი კარიერა და მისი შესაძლო დასასრული. ჟვანიას გარეშე ვერცერთმა მათგანმა ვერ გაბედა ოპოზიციაში გადასვლა და ზოგიერთი საბოლოოდ სააკაშვილის მონად და მთელი ერისათვის ოდიოზურ „ცნობად სახედ" გადაიქცა.
„როგორ მოხდა, რომ თქვენს ქვეყანაში ძალაუფლება მავნე საბავშვო ბაღმა (ევილ კინდერგარტენ) ჩაიგდო ხელში და ამდენი ხანი მართავს ქვეყანას?," მეუბნებოდნენ ევროპელი დიპლომატები 2008 წლის აგვისტოს ,,ომის" დროს და იმუქრებოდნენ, რომ თუ შეშლილი (ლუნატიც) სააკაშვილი და მისი საბავშვო ბაღი არ შეწყვეტდნენ გიჟურ მოქმედებას, ისინი დათანმხდებოდნენ თავისი დედაქალაქების წინადადებას და დატოვებდნენ საქართველოს საელჩოების მუშაკებთან ერთად.
მართლაც, როგორ მოხდა ეს ყველაფერი? მოკლე წერილში არ ვაპირებ გამზადებული პასუხების გაცემას, აღვნიშნავ მხოლოდ, რომ ჩვენში საკმაოდ პოპულარული შეთქმულების თეორიები, რომელთა თანახმად ვარდების რევოლუცია აშშ-ს მაშინდელი ადმინისტრაციის ან/და ჯორჯ სოროსის მოწყობილია, არ შეესაბამება სინამდვილეს.
„ჩვენი გოგო-ბიჭები, რომელთა ასაკი ჯერ ათ-თორმეტ წელს არ გადაცდენია და რომლებიც ისეთები არიან, აშკარად უკეთეს მშობლებსა და უკეთეს სამშობლოს იმსახურებენ, ოცი-ოცდახუთი წლის შემდეგ ქვეყნის ბატონ-პატრონები უნდა გახდნენ. უკანასკნელ ხანებში ჩვენ პირდაპირ ენადა ვართ გაკრეფილები და ლაპარაკის ნამდვილი ზღვა დავაყენეთ, რომელსაც ეს ჩვენი ინტერვიუ კიდევ რამდენიმე წვეთით აადიდებს. მაგრამ რა გავაკეთოთ? პრაქტიკულად რა ვიღონოთ, რომ ქვეყნის ეს ბატონ-პატრონები ღირსეული ბატონ-პატრონები გამოდგნენ, განათლებულები, გონიერები, ზრდილები, მშრომელები, პროფესიონალები, ქვეყნის პატრიოტები და მოჭირნახულენი, ღვთისმოსავები, პატიოსნები, კაცთმოყვარეები, ამაყები და თავისუფლები? მე ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს. თქვენ თუ შეგიძლიათ მიპასუხოთ, მიპასუხეთ, თუ არა და, მოდით, ერთად ვკითხოთ სხვებს - იქნებ ვინმემ იცოდეს პასუხი..." იკითხა, ქეთევან სადღობელაშვილისთვის მიცემულ ცნობილ ინტერვიუში, გამოჩენილმა მწერალმა ჯემალ ქარჩხაძემ 1989 წლის 7 ივლისს, ანუ თითქმის 26 წლის წინათ, 9 აპრილის ტრაგედიიდან ოთხი თვის შემდეგ.
ნამდვილ მწერალს ყოველთვის უდევს ხელი ერის მაჯისცემაზე. ცხადია, ქარჩხაძე ნათლად ხედავდა, რომ ე.წ. ,,ეროვნულ განმათავისუფლებელი" მოძრაობის წიაღში ევოლუციურად ყალიბდებოდა მის მიერ ჩამოთვლილ ღირსებებს მოკლებული და სრულიად საპირისპირო თვისებების მატარებელი ახალგაზრდობ: ,,განათლებულების, გონიერების, ზრდილების, მშრომელების, პროფესიონალების, ქვეყნის პატრიოტების და მოჭირნახულების, ღვთისმოსავების, პატიოსნების, კაცთმოყვარეების, ამაყებისა და თავისუფლების" ნაცვლად მოდიოდნენ გაუნათლებელი, გონებაშეზღუდული, უზრდელი, შრომისუუნარო, არაპროფესიონალი, ,,გარეწარი-პატრიოტი," მტაცებელი, ნიჰილისტი, ცინიკოსი, უპატიოსნო, კაცთმოძულე, უღირსი, მონური ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები. გავითვალისწინოთ, რომ მაშინდელ გოგო-ბიჭებს, რომლებიც უკეთეს მშობლებს და სამშობლოს იმსახურებდნენ, ნამდვილად ვერ დავაბრალებთ იმას, რომ ისინი განწირულები იყვნენ ასეთებად ჩამოყალიბებულიყვნენ...
ამ ადამიანებს ღრმად სწამდათ და ახლაც სწამთ, რომ მიზანი ამართლებს ნებისმიერ საშუალებას, ხოლო ერთადერთი მიზანი არის პირადი კეთილდღეობის მიღწევა და კარიერის კეთება. სწორედ ასეთი ადამიანებისაგან დაკომპლექტდნენ ნაცისტური მოძრაობის მბრძანებლებიც და შემსრულებლებიც.
ის რაც მოხდა საქართველოში გასულ წლებში განსაკუთრებულს არაფერს არ წარმოადგენს. უარესი რეჟიმებიც შექმნილა ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებულ ევროპულ ქვეყნებშიც, საზოგადოდ ყველგან, სადაც ამა თუ იმ მიზეზის გამო წარმოქმნილა სათანადო ეკონომიკურ-სოციალური ნიადაგი.
„მან შეცდომა დაუშვა, საბედისწერო შეცდომა. ეს დასასრულის დასაწყისია. გიჟია ეს ჰიტლერი?... დიახ. ის ნამდვილი გიჟია, მადლობა ღმერთს!
თავისი სიგიჟით იგი მიაღწევს იმას, რასაც ვერანაირი დიპლომატია ვერ მიაღწევდა: აღმოსავლეთის და დასავლეთის, ბოლშევიზმისა და დემოკრატიის, მოსკოვისა და პარიზი-ლონდონი-ვაშინგტონის გაერთიანებას!." - ეს სიტყვები დაიწერა 74 წლის წინათ, 1941 წლის 29 ივნისს, ანუ ჰიტლერის ნაცისტური გერმანიის სსრკ-ზე თავდსხმიდან ერთი კვირის თავზე. მათი ავტორი კი ცნობილი გერმანელი მწერალი კლაუს მანია, რომელიც თავის მამასთან (თომას მანთან) და ბიძასთან (ჰაინრიხ მანთან) ერთად ნაცისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ემიგრაციაში იმყოფებოდა. კლაუს მანის აზრს მთლიანად იზიარებდა გერმანიის ინტელექტუალთა უდიდესი ნაწილი. ნაცისტური გერმანიის განადგურების შემდეგ გერმანიის მაშინდელი ცნობილი სამხედრო მოღვაწეების დღიურებიდან გაირკვა, რომ გერმანულ სამხედრო ელიტასაც შესანიშნავად ესმოდა, რომ ჰიტლერმა საბედისწერო შეცდომა დაუშვა. მაგრამ სახელგანთქმული მხედართმთავრები კიდევ დიდხანს განაგრძობდნენ გაუნათლებელი ეფრეიტორის ადოლფ ჰიტლერის „ხუშტურების" შესრულებას. მათ კარგად ესმოდათ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯა და ერის მოღალატის სახელის მიკერება არ ასცდებოდათ.
დღეს კა-გე-ბეს ჯარების ეფრეიტორი, ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე სააკაშვილი აცხადებს, რომ რუსმა ოლიგარქმა ,,დაამიწა" ფრანგული ვერტმფრენები, რომელთა გამოყენებით, თურმე, შეიძლებოდა ვერეს ხეობაში მოსახლეობის გადარჩენა. ეს უბინძურესი ცილისწამებაა, მაგრამ ბინძური ცილისწამება ეფრეიტორ სააკაშვილისათვის ისეთივე ბუნებრივი რამ არის, როგორც მორიელისათვის შხამის დანთხევა.
შემსრულებლებს არ ვამართლებ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მბრძანებლების დანაშაული და პასუხისმგებლობა ბევრად უფრო დიდია ცალკეული შემსრულებლის დანაშაულზე და პასუხისმგებლობაზე.
13 ივნისს მომხდარმა უბედურებამ ბევრი რამ რელიეფურად გამოაშკარავა. ისიც გაირკვა, რომ გვყოლია ახალგაზრდები, რომლებიც უნდობლობით და ზიზღით უყურებენ ყველა ჯურის პოლიტიკოსს, მაგრამ მზად არიან ყოველგვარი მბრძანებელის ბრძანების გარეშე, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, აკეთონ ეროვნული საქმე (ახალგაზრდებს შესანიშნავად ესმოდათ, რომ ვერეს ხეობის შლამში ყოველნაირი ნაგავი იყო ჩაფლული ცხოველების ხრწნად ლეშთან ერთად), და ამის შემდეგ არ იტრაბახონ და არ ისპეკულირონ გაკეთებულით.
ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენში შედგა სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ გარკვეული ოპტიმიზმის საფუძველს უდავოდ იძლევა. დარწმუნებული ვარ ,,იგის" და ,,ზებულონის" ავტორი კმაყოფილი იქნებოდა. თავისი შემოქმედებით მან ბევრი გააკეთა ასეთი ახალგაზრდების აღსაზრდელად.
პეტრე მამრაძე
24 ივნისი, 2015 წელი
http://www.kvirispalitra.ge/petre-mamradzis-blogi/25594-mbrdzaneblebi-da-shemsruleblebi.html