Ambebi.ge-ს ინფორმაციით, ღამით ბათუმის ცენტრში, „ჭაჭის თაუერის" მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეების 21 ჯიხურის აღება დაიწყეს.
გოგებაშვილის ქუჩაზე სუვენირების 10-მდე ჯიხური უკვე აიღეს. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო რამდენიმე ტრაქტორი და მძიმე ტექნიკა. ადგილზე იმყოფებოდნენ ბათუმის მერიის სამსახურების წარმომადგენლები, თუმცა ჟურნალისტების ადგილზე მისვლისთანავე მათ ტერიტორია დატოვეს.
„ჭაჭის თაუერის" მიმდებარედ ჯიხურების მეპატრონეები იყვნენ შეკრებილები და აცხადებდნენ რომ მერიის სამსახურებს ჯიხურების აღების საშუალებას აღარ მისცემდნენ. ადგილზე იმყიფებოდნენ პატრულის თანამშრომლებიც.
ჯიხურები, სადაც ძირითადად, სამკაულებსა და სუვენირებს ყიდიან, გარემოვაჭრეებმა თვითნებურად დაამზადეს და ბათუმის ცენტრში სხვადასხვა ადგილზე განათავსეს. ბათუმის მერიამ საბაგიროს ტერიტორიასა და გოგებაშვილის ქუჩაზე განთავსებული ჯიხურები რამდენიმე დღის წინ, „ჭაჭის თაუერის" გვერდით დადგა.
უსახური ჯიხურების დადგმას დიდი გამოხმაურება და უკმაყოფილება მოჰყვა.
წყარო: AMBEBI.GE, ნინო ხოზრევანიძე