დღეს, 26 ივნისს, 19:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გიწვევთ გამოფენაზე „ქართველები მეორე მსოფლიო ომში". გამოფენა ეძღვნება ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავს.
ექსპოზიციაზე, სადაც ეროვნული მუზეუმის აქამდე უცნობი კოლექციები იქნება წარმოდგენილი, დამთვალიერებლი იხილავს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო შენაერთებში ქართველ მებრძოლთა 250-მდე მემორიალურ ნივთს. ესენია: პირადი წერილები, სიგელები, მისალოცი ბარათები, მედლები, ორდენები. აგრეთვე, როგორც საბჭოთა პერიოდის, ასევე ნაცისტური გერმანიის მიერ წარმოებულ საბრძოლო იარაღებს - ტყვიამფრქვევს, ტანკსაწინააღმდეგო შაშხანას, თოფებს, პისტოლეტებსა და სხვა.
მემორიალური ნივთებიდან გამორჩეულია სიმონ ჩიქოვანის მისალოცი წერილი გენერალ-პოლკოვნიკ კონსტანტინე ლესელიძისადმი; კონსტანტინე ლესელიძის ორდენები, გენერალ ჯანჯღავას გმირის მედალი, ქართველი გენერლებისა და ოფიცრების საბრძოლო სამოსი. საბჭოთა არმიაში მებრძოლი ქართული ეროვნული დივიზიების, ასევე საფრანგეთსა და იტალიაში მებრძოლ ქართველ პარტიზანთა უნიკალური დროშები. აქვეა წარმოდგენილი ქართული სამედიცინო იარაღები.
დამთვალიერებელს საშუალება აქვს, იხილოს იოსებ სტალინის პირადი ჩიბუხი და მისი 50 წლის იუბილესათვის დამზადებული სპილოს ძვლის ლარნაკი.
გამოფენის საზღვაო სექციაში აღსანიშნავია საბჭოთა კავშირის გმირის იაროსლავ იოსელიანის ცნობილი წყალქვეშა ნავის „მალიუტკას" მაკეტი. ექსპონატთა შორის გამორჩეულია საბჭოთა კავშირის გმირის მფრინავ დავით ჯაბიძის საფრენოსნო კოსტიუმი/აღჭურვილობა.
ექსპოზიციას ისტორიულ ხაზად მისდევს მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ვიდეო და ფოტო ქრონიკები. აგრეთვე, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმისა და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის კოლექციებში დაცული მეორე მსოფლიო ომის მსვლელობის დროს, პოლიგონებზე გაკეთებული გრაფიკული ჩანახატები და ომის თემატიკისადმი მიძღვნილი გრაფიკული და ფერწერული ნამუშევრები, მათ შორისაა ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, პორფირ კრილოვი, ზურაბ წერეთელი და სხვა.
კერძო კოლექციიდანაა გამოფენილი ვერმახტის ქართული ლეგიონის სამკლავური ნიშანი, ვერმახტის კავკასიური საგანგებო დანიშნულების ბატალიონ „ბერგმანის" ემბლემა-ნიშანი კავკასიური ხანჯლის სახით - პირადი ნომრით 896, ქართული ლეგიონის საველე ბიბლიოთეკიდან ლექსების კრებული „ჩვენი სიმღერები" და სხვა.
გამოფენა ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება.
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ.3.