„რეპორტიორის" შეკითხვებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი პასუხობს:
- სააკაშვილმა სტიქიით დაზარალებული ბავშვების ოდესაში დასვენების სურვილი გამოთქვა. როგორ აფასებთ მის ინიციატივას?
- სააკაშვილის განცხადებების, შეფასება და მორალთან შესაბამისობა უადგილოა. უნდა წავიდნენ თუ არა ბავშვები ოდესაში? მე ვიტყოდი - არ შეიძლება, საზოგადოების თუნდაც მცირე ნაწილს უკარნახო თავისი პიროვნული გადაწყვეტილება, მითუმეტეს, როცა მძიმე მდგომარეობაში არიან.
- უკრაინული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სტიქიის შემდეგ ადეიშვილ-სააკაშვილს შორის საუბარი შედგა. ექს-პრეზიდენტს უთქვამს, უნდა ვიკაიფო, ამ ცხოველებმა ვინმე თუ შეჭამესო...
- ვუშვებ, რომ ეს საუბარი არ შემდგარა, მაგრამ იმდენად ჰგავს ხასიათი და დამოკიდებულება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით სააკაშვილ-ადეიშვილის ფსიქოლოგიას, რომ ნამდვილად შესაძლებელია, ეს საუბარი შემდგარიყო.
ნიანგზე შეუძლია იხუმროს და იშაყიროს, მაგრამ 2008 წლის ომის დროს 300-მდე მებრძოლი ჩავაწვინეთ მიწაში და ეს მძიმე დანაშაულია! სააკაშვილს ყველა რესურსი ჰქონდა და შეეძლო, ყველაფერი თავიდან აერიდებინა. მას ჰქონდა დასავლური მხარდაჭერა, აშშ-ის მხარდაჭერა... ეს ადამიანები რეალურად ეწამნენ, დაიხოცნენ, ვისი სახელითაც დღეს სპეკულირებს!
- რა შეფასებას გაუკეთებთ სააკაშვილის მიმართ დასავლეთის ლოიალურ განწყობებს?
- როდესაც ვსაუბრობთ დასავლეთის დამოკიდებულებაზე სააკაშვილისადმი ან საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი, ეს არ არის საექსპერტო დასკვნა. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს და ამ ინტერესის რეალიზაციისთვის, სააკაშვილი ჩაერთვება პროცესებში თუ სხვა ვინმე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ცალსახად რომ ითქვას, დასავლეთის დამოკიდებულება სააკაშვილისადმი პოზიტიურია-თქო, არ იქნება მართალი. ასე ნამდვილად არ არის. დღეს თუ ის უკრაინაში მოღვაწეობს, შეიძლება, ვიღაცას იმედი აქვს, მისი გამოცდილების, თუნდაც უარყოფითის, რომ შესაძლოა, სწორად გამოიყენონ.
რასაკვირველია, ჩვენ, ყველგან სადაც ვხვდებით მაღალი დონის წარმომადგენლებს, დიპლომატებს ვეუბნებით, რომ სააკაშვილისადმი, ან იმ პირებისადმი, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს საქართველოში, მხარდაჭერის გამოხატვით, ხელს უწყობენ საქართველოს საზოგადოების დიდი ნაწილის სკეპტიკურ განწყობას დასავლეთისადმი. ბოლო პერიოდში შეამჩნევდით კიდეც, რომ მაღალი პოლიტიკური წრეების მხრიდან სააკაშვილისადმი არც კარგი, არც ცუდი არ ისმის.
- უკრაინასთან ნორმალური ურთიერთობა რამდენად გამოსდის საქართველოს ხელისუფლებას?
- ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში პოზივიტი არ არის. ეს ორმხრივი ურთიერთობებიც საკმაოდ თავშეკავებულია. უკრაინა ასე თუ ისე ჩვენი მოკავშირეა, მეგობარი ქვეყანაა. ყველაფრის მიუხედავად თანამშრომლობა საჭიროა და გრძელდება.
- სააკაშვილი ოდესაში - როგორ ფიქრობთ, გაუმკლავდება ოდესაში არსებულ მძიმე გამოწვევებს?
- ზოგადად, ძალიან ნეგატიურად ვუყურებ სააკაშვილის ადმინისტრაციულ საქმიანობას საქართველოში და გამოცდილებას, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა ამ მდგომარეობამდე. არ ვფიქრობ, რომ კორუფციასთან ბრძოლის მისი მეთოდი არის ის, რომელიც ქვეყანას გამოადგებოდა. კრიმინალთან ბრძოლის ის მეთოდი, რომელიც სააკაშვილს გააჩნია, პოროშენკომ ჩათვალა, რომ ოდესისთვის საჭიროა. რაშიც მე ეჭვი მეპარება.
- სტიქიის ზონაში გადაღებული ნაციონალების ცნობილი ფოტო, ბარებით ხელში, რომელიც სოციალურ ქსელებში სახუმარო თემად იქცა, თქვენ როგორ შეაფასეთ?
- ამ ფოტოზე არსებულ პირებს აქვთ თავიანთი ძალიან დიდი პრობლემები, ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობა და ამ თემაზე შეიძლება აღარც გაკეთდეს კომენტარი. ზოგადად კი, მადლობა ყველას, ვინც ბარი ერთხელ მაინც გაიქნია.
- „ჟმოტი" მილიონერები საქართველოს პარლამენტიდან - (დავით ბეჟუაშვილი, კობა ნაყოფია, გოგი თოფაძე, ვალერი გელაშვილი, გოგი ლიპარტელიანი, ზურაბ ტყემალაძე, გოდერძი ბუკია და სხვა) - ამ სახელწოდების სტატიები გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა მხოლოდ ერთი მილიონი გამოყო სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად. რას უპასუხებდით საზოგადოებას, რომელსაც ეს კითხვა აქვს?
- ეს ერთი მილიონი პარლამენტის ბიუჯეტიდან არის გაღებული და არა დეპუტატების პირადი ანგარიშიდან. ეს ორი საქმე ერთმანეთს არ უკავშირდება. თავისი ბიზნესსაქმიანობიდან ვინ რა გაიღო - ეს მათი საკითხია. ამ ადამიანებს უნდა შევეკითხოთ. მე პირადად არ მქონია შეხება დიდ ფულად რესურსებთან, ასე რომ, ცხოვრების სტილი, მანერა, დამოკიდებულებები საკითხების მიმართ ერთმანეთისგან განსხვავებული გვაქვს. თუმცა, განსხვავებაა აქ ჩამოთვლილ ადამიანებს შორისაც. მე დეტალებში ვერ დაგელაპარაკებით, თუმცა, ვიცი, რომ ქველმოქმედებისათვის ამ ადამიანებს გარკვეული სახსრები გამოყოფილი აქვთ. ჩამოთვლილთაგან, არ დავასახელებ კონკრეტულ პიროვნებებს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აქტიურადაც მუშაობენ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად და საკმაოდ პროდუქტიულებიც არიან. თუმცა, ამას ყველაზე ვერ ვიტყვი. დაე, ამომრჩეველმა გადაწყვიტოს არჩევნებზე.
- სტიქიის შემდეგ, როდესაც დადგა პასუხისმგებლობების საკითხი, მიხეილ მაჭავარიანმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა - თუ ბიძინა იტყვის, ლავრენტი ბერიას და ვასილ მჟავანაძესაც დაჰკითხავს პროკურატურაო...
- მიხეილ მაჭავარიანმა გააკეთა უზრდელური განცხადება, რომელიც ყოველგვარ აზრს მოკლებულია! ის ცდილობდა, უზრდელობით გადაეფარა ის სერიოზული საკითხი, რაზეც რეალური პასუხი უნდა გასცეს გამოძიებამ. უზრდელობით მნიშვნელოვანი საკითხების გადაფარვა „ნაციონალების" სტილია! ნებისმიერ შემთხვევაში, პარლამენტშიც, საზოგადოებრივი განხილვების დროსაც, მაჭავარიანი გამოირჩევა უზრდელური, არაკორექტული კომენტარებით, თუნდაც ბიძინა ივანიშვილის მიმართ.
ეს არის მათი ინსტრუქცია - იძახონ, რომ ქვეყანას ბიძინა მართავს და ხელისუფლებას უნიათო ეძახონ!
- რამდენად ხშირად აქვს ურთიერთობა ბიძინა ივანიშვილთან თქვენს გუნდს?
- ამ საკითხზე პრინციპულად ჩემს აზრს გეტყვით - არც ისე შორს ვარ ზოგიერთი საკითხის გადაწყვეტისგან, მითუმეტეს, პოლიტსაბჭოს წევრი ვარ. არის საკითხები, სადაც არც ვერევი და არც მაქვს ამის კომპეტენცია.
არის საკითხები, რაზეც გიდასტურებთ, რომ მეც, პრემიერ-მინისტრიც და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ბიძინა ივანიშვილთან ვსაუბრობთ. პრემიერი უფრო ხშირად.
ღარიბაშვილი ყოფილ პრემიერს, გამოცდილ ადამიანს ეკითხება თავის მოსაზრებას. მაგრამ, არის საკითხების ძალიან დიდი წრე, რომელიც ყოველდღიურ მართვას ეხება, მათ შორის საგანგებო საკითხების გადაწყვეტა, რაშიც რჩევისთვისაც არ არის მიზანშეწონილი მიმართვა. იმიტომ, რომ ვერ აიღებს ბიძინა ივანიშვილი თავის თავზე პასუხისმგებლობას, რაშიც თავად არ მონაწილეობს. ყოველდღიურ მართვაში როცა არ ხარ და იძლევი მითითებებს, შეიძლება, შენი მითითება არასწორად განხორციელდეს. ამიტომ, ამგვარი მითითებებისგან ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის თავს შეიკავებს.
ქვეყანას მართავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი! ამას გარდა, ეს არის ერთი გუნდი, რომელიც ერთად მოვიდა 2012 წელს, რომელსაც აქვს ერთნაირი მოსაზრებები და ამავდროულად სხვადასხვა სფეროში გამოცდილება. გიდასტურებთ, არის საკითხები, რაზედაც ირაკლი ღარიბაშვილი მეც მეკითხება რჩევას. არის საკითხები, რაც წინა პრემიერს აქვს წამოწყებული და მასთან კონსულტაციები არათუ გამოსარიცხი, არამედ საჭიროა. თუმცა, მართვის საკითხებში ჩარევისგან ივანიშვილი თავს იკავებს.
- „ნაციონალური მოძრაობა" უნიათო ხელისუფლებად აფასებს მმართველ გუნდს...
- რაც შეეხება უნიათობას, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ დამუშავებულია და კარგად იციან, როგორ უნდა მოახვიონ საზოგადოებას და შთაუნერგონ, რომ არსებობს აქტიური მოქმედებების აუცილებლობა, როგორიც არის დაუფიქრებლად სახლების აშენება ყველა ქუჩაზე, ყველა უბანზე, ყველანაირი კონსტრუქციით, ოღონდ კი ფული შემოვიდეს სახელმწიფო ბიუჯეტში, რომ კრიმინალური მენტალიტეტის ადამიანები ქუჩაში უნდა დახოცო (თუმცა ბევრი მათგანი არ აღმოჩნდა კრიმინალთან დაკავშირებული), რომ უნდა გააუპატიურო და აწამო ადამიანები ციხეებში, მოსამართლეები თავიდან ბოლომდე უნდა იყვნენ დამოკიდებულები ერთი ადამიანის ხუშტურებზე, სასამართლო პროცესები ორი-სამი თვე არ უნდა იწელებოდეს და გადაწყვეტილება მიღებული იყოს ორ წამში და ამის შემდეგ იქნება ქვეყანაში წესრიგი და დემოკრატია. და ამ ყველაფრის ანალიზი რომ გააკეთონ ახალგაზრდებმა, პარალელურად უნდა ჩაუნერგო მეორე სიტყვა - უნიათო.
როცა პასუხისმგებლობა გაქვს სახელმწიფოსა და საზოგადოების წინაშე, არ უნდა აჰყვე მათ პროვოკაციებს. თუმცა, მე ვიტყოდი, რომ სააკაშვილის რეჟიმი იყო დანაშაულებრივი ხელისუფლება, რომელსაც ეფექტურად მიაჩნია უკანონო მოქმედებები. ხოლო, დანარჩენ, სხვა ყველა მოქმედებას მიიჩნევენ უნიათოდ!..