საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ „კვირას" ბაზაზე შეიქმნა ახალი ვებგვერდი - az.kvira.ge, სადაც ყოველდღიურად აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნება ის მიმდინარე სიახლეები, რომლებიც პორტალ "„კვირაზე" განთავსდება. ამის შესახებ დღეს ანალიტიკური პორტალის პრესკლუბში „კვირას" რედაქტორებმა - ინგა ქვარცხავამ და ანი შენგელიამ, ასევე აზერბაიჯანული „კვირას" რედაქტორმა აზერ ალიევმა განაცხადეს.
„აზერბაიჯანულ ენაზე ითარგმნება და განთავსდება ყველა ის სიახლე, რაც ქართულენოვანი პორტალის გვერდზე დაიდება. ჩვენ გაცნობიერებული გვაქვს ასეთი ვებგვერდის არსებობის მნიშვნელობა, რადგან საქართველო და აზერბაიჯანი სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამასთანავე, საქართველოში ბევრი ეთნიკური აზერბაიჯანელი ცხოვრობს და მათ დღეიდან ჩვენი პორტალის მეშვეობით საშუალება მიეცემათ, მათთვის გასაგებ ენაზე გაეცნონ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ სხვა სფეროებში არსებულ მოვლენებს. ვებგვერდის ჟურნალისტები სისტემატურად ესტუმრებიან იმ რეგიონებს, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნობიან", - განაცხადა ანი შენგელიამ.
აზერ ალიევის განმარტებით კი, საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო საშუალების არსებობა მნიშვნელოვანია.
„საქართველოში აზერბაიჯანულენოვანი საინფორმაციო საშუალების არსებობა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან საქართველოში ცხოვრობენ ამ ეროვნების მოქალაქეები. ამასთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკა არის საქართველოს მეზობელი, სტრატეგიული პარტნიორი. აზერბაიჯანისთვისაც საკმაოდ საინტერესოა საქართველოში მომხდარი ამბები", - განაცხადა აზერ ალიევმა.
თავის მხრივ, ინგა ქვარცხავამ ანალიტიკური პორტალის მომავალ გეგმებზე და მის აქტივობებზე ისაუბრა.
„კვირა" ქართულ მედიაბაზარზე თითქმის 2 წელია, რაც გამოჩნდა. პორტალი ყოველდღიურად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ, მსოფლიო, კულტურულ, სპორტულ და სხვა სიახლეებს. ცოტა ხნის წინ პორტალის ბაზაზე შეიქმნა პრესკლუბი, სადაც დღის განმავლობაში დაახლოებით 3 პრესკონფერენცია ტარდება. „კვირას" აქვს დამატება - „კვირა+", რომელიც უფრო მეტად გასართობი ვებგვერდია. აღსანიშნავია, რომ პორტალი უახლოეს პერიოდში გეგმავს პორტალის სომხური ვერსიის დამატების შექმნას. საქართველოში, ისევე როგორც ეთნიკური აზერბაიჯანელები, მრავლად არიან სომეხი ეროვნების მოქალაქეები. მათაც ხშირად აქვთ იდენტური პრობლემები. სომხურენოვანი „კვირა" დაეხმარება მათ ინფორმაციული ვაკუუმის გარღვევაში. შესაბამისად, სულ მალე პორტალი სამხრეთ კავკასიის რეგიონებს მოიცავს და, დარწმუნებული ვარ, მას მალე ერთგული მკითხველი ეყოლება", - განაცხადა ინგა ქვარცხავამ.