მსახიობის ოჯახსა და მოქალაქე ნატალი ჭეიშვილს შორის დავა ჯერ კიდევ 2004 წელს დაიწყო. სწორედ ამ დროს კახიანები ჭეიშვილის ბინაში კორპუსის მშენებლის თხოვნით შესახლდნენ. როგორც ნატალი ჭეიშვილი ამბობს, ბინა კახიანებს უფასო რემონტის სანაცვლოდ დროებით დაუთმო. თუმცა მოგვიანებით ბინა სადავო გახდა და საქმე სასამართლომდე მივიდა.
ხმაურიანი სასამართლო პროცესების შემდეგ კახიანების ოჯახს ბინა 15 ივლისს უნდა დაეცალა, თუმცა როგორც ჭეიშვილი აცხადებს, იმედა კახიანმა ეს გადაწყვეტილება გააპროტესტა და სააღსრულებლო სამსახურის წარმომადგენელსა და ადვოკატს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც სააღსრულებლო სამსახურმა ბინის დაცლის ბოლო ვადად 30 ივლისი დაასახელა.
„კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში იმედა კახიანი აცხადებს, რომ ამ ბინის მესაკუთრე არაა და ის ბინა უნდა, რომელიც 2011 წელს უნდა მიეცათ.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მსახიობი ბინის წართმევას მის მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებდა.