თუ თქვენ გიყვართ ბიზნეს-წიგნების, ონლაინ-სტატიებისა და მხატვრული ლიტერატურის კითხვა, ალბათ ცდილობთ წაკითხულიდან მაქსიმუმი შეიცნოთ. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას მათთვის, ვისაც სამსახურში უწევს ბევრი ელექტრონული და ბეჭდური, ტექსტური მასალის კითხვა.
1. გააკეთეთ ჩანიშვნები წაკითხულის შესახებ
ყველაფერს თავში ვერ დაიტევთ, ხოლო ყველაზე ფასეული ფაქტები, საგულისხმო სტატისტიკური მონაცემები, გამონათქვამები ან აზრები, რომლებიც გაჟღერებულია წიგნის პერსონაჟების მიერ, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. აქვე ჩაინიშნეთ თქვენი ზოგადი შთაბეჭდილება წაკითხული წიგნის შესახებ (გამოგადგებათ თუ ვინმე გთხოვთ რეკომენდაციას ან კრიტიკულ შეფასებას წაკითხული წიგნის თაობაზე).
2. ამოიწერეთ ციტატები, რომლებიც მოგეწონებათ
ეს ეხება არამარტო საქმიან, არამედ მხატვრულ ლიტერატურასაც. ციტატები შეიძლება შთაგონების წყარო გახდეს ან უბრალოდ პრეზენტაციების, ტექსტებისა და ანალიტიკური სტატიების მომზადების დროს გამოგადგეთ.
3. ნუ წაიკითხვთ ერთდროულად რამდენიმე წიგნს
პირველ რიგში ყველაფერი ერთმანეთში აგერევათ; მეორე - ეს იგივეა, რომ ერთდროულად რამდენიმე სახის კერძი მიირთვათ. მიეცით საკუთარ თავს წაკითხულის „მონელებისა" და „გემოთი ტკბობის" საშუალება. ნუ აჩქარდებით მხოლოდ იმის გამო, რომ ერთდროულად რამდენიმე წიგნის წაკითხვა მოასწროთ.
4. შეადგინეთ იმ წიგნების ჩამონათვალი, რომელთა წაკითხვაც გსურთ
ამ ჩამონათვალში შეგიძლიათ შეიტანოთ წიგნები, რომელთა შესახებაც გსმენიათ ან ვინმემ გირჩიათ. თვეში ერთხელ ჩაიხედეთ ამ სიაში და ამოირჩიეთ 2-3 წიგნი უახლოესი კვირეულისთვის წასაკითხად. შემდეგ აუცილებლად შეიძინეთ, ბიბლიოთეკიდან გამოიტანეთ ან მეგობრებს და ნაცნობებს სთხოვეთ ეს წიგნები და აუცილებლად წაიკითხეთ. წლის ბოლოს თქვენ შეძლებთ შეაფასოთ რამდენს კითხულობთ და რა თემატიკაზე, რომელი ავტორები და ჟანრი გაინტერესებთ.
5. გამოიყენეთ წაკითხული, როგორც რესურსი ახალი იდეებისთვის, პროექტებისთვის ან ცხოვრებისეული ცვლილებებისთვის
საქმიანი ლიტერატურა - როგორც ახალი იდეების პოვნის და სამუშაო ამოცანების გადაჭრის საშუალება საქმიანობაში. მხატვრული ლიტერატურა - როგორც გარკვეული ცხოვრებისეული პრინციპების, მოტივებისა და პრიორიტეტების წყარო. პუბლიცისტიკა - როგორც საინტერესო ფაქტების წყარო. იკითხეთ არამარტო დასვენებისა და სიამოვნებისთვის (თუმცა ესეც მნიშვნელოვანია), ასევე აქტიურად გამოიყენეთ ის, რის შესახებაც გაიგეთ წიგნებიდან.
(მოამზადა ნენე სტეფანიშვილმა)
წყარო: b2p.ge