უეფა-ს გადაწყვეტილებით, უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ხვალ, დილის 09:00 საათიდან დაიწყება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ზვიად სიჭინავას განცხადებით, ხვალ, თბილისის დროით 09:00 საათზე, biletebi.ge დაიწყებს საქართველოს გულშემატკივრებისთვის 24 ათასი ბილეთის გაყიდვას და 1 ივლისს, biletebi.ge დაიწყებს გაყიდვას ევროპაზე.
„ჩვენ გვაქვს გამზადებული ვიდეოინსტრუქცია, სადაც მოყვანილია ყველა ის წესი, როგორ უნდა მოხდეს ბილეთის შეძენა. არ იქნება ლატარეა, იქნება რიგი, ყველა ხარვეზი biletebi.ge-მ გამოასწორა, მონიტორინგი გაიარა და იმედია, ასეთი ხარვეზი აღარ იქნება. ხვალ, 9 საათზე ყველაფერი განულდება და დაიწყება გაყიდვა 9 საათიდან", -განაცხადა სიჭინავამ.
თავის მხრივ, biletebi.ge ბილეთების გაყიდვისთვის მზად არის. როგორც biletebi.ge-ს ტექნიკურმა დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა განაცხადა, პრობლემების აღმოფხვრაში ჩართულნი იყვნენ უეფა-ს სპეციალისტებიც და უეფა-სგან biletebi.ge-ს ბილეთების გაყიდვაზე "მწავნე შუქი" აქვს. რაც შეეხება ბილეთების გაყიდვის წესს, როგორც ჩხიკვიშვილმა განაცხადა, ბილეთები გაიყიდება რიგითობით.
„საიტზე ერთი წუთის განმავლობაში 50 ადამიანი შევა. ბილეთები გაიყიდება რიგითობით. საიტზე შემოსულ ადამიანს მიენიჭება რიგის ნომერი და ეცნობება სავარაუდო დრო, თუ როდის შეძლებს ბილეთის ყიდვას. ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვა შეეძლება", - განაცხადა ჩხიკვიშვილმა.
მისივე თქმით, შექმნილი პრობლემების გამო კომპანიას უეფა-სგან არანაირი სანქცია არ დაწესებია. მისივე თქმით, უეფა-ს ამ დროისთვის ასანაზღაურებელი აქვს სამუშაოებისთვის განკუთვნილი 45 000 ევრო. უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.