reportiori.ge - სააკაშვილი და მმართველობა სტანისლავსკის სკოლის მეთოდებით
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი, 2024. 20:06
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
სააკაშვილი და მმართველობა სტანისლავსკის სკოლის მეთოდებით
ავტორი:
29 ივნისი, 2015. 18:59


ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა კარიერა იმით გაიკეთა, რომ  საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა: გაიარა სინჯები როლზე, მიიღო როლი, შეასრულა როლი, თან ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში, რეჟისორთან მოლაპარაკებებსაც ახერხებდა. ახლაც იგივე მეორდება. უკრაინის ხელისუფლებამ ის ოდესის გუბერნატორად დანიშნა. ეს იყო საკადრო გადაადგილება, რომელიც სუვერენულმა მთავრობამ სრული უფლებით განახორციელა. თუმცა, ამავე დროს, ასეთმა პოლიტიკურმა სვლამ შესაძლებელია, ანტაგონიზმი გამოიწვიოს აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა რუსულენოვანია.



რამდენადაც წარმატებულად უნდა ჩაითვალოს ეს დანიშვნა, თუ თვალს გადავავლებთ საარქივო ჩანაწერებს, აღმოვაჩენთ, რომ ნებისმიერი თანამდებობა, მის შემთხვევაში, გარემო პირობებისადმი ადაპტაციის უნართან შესაბამისობაშია. სააკაშვილი იურისპრუდენციასა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებს სწავლობდა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ის ითვისებდა  ნორმატიული მიდგომების ტრადიციებს. გაიწაფა რუსული ენა მაშინ, როდესაც რუსულის ცოდნა ძალაუფლებისკენ მიმავალი საფეხური იყო; დახვეწა თავისი ინგლისური მაშინ, როდესაც დრო შეიცვალა. ხუთ ენაზე საუბრობს, მათ შორის უკრაინულადაც. ხელისუფლებაში ყოფნის ცხრა წლის განმავლობაში, მან უმაღლეს წრეებში არც ისე ბევრი მეგობარი შეიძინა. შედეგად: იმ დროს, როდესაც მთელი ყურადღება გადატანილია უკრაინისკენ, მზადყოფნაში მყოფი სააკაშვილი მართლაც კარგ შოუს დადგამს.



მისი რეპერტუარი საკმაოდ ძვირად ფასობს. ის მსოფლიოს ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტებს შორისაა; აგრესიული რეფორმატორი, დასავლური ცივილიზაციის დამცველი; ყოფილი საბჭოთა, პატარა ქვეყნის პროდასავლური ექს-პრეზიდენტი ნებაყოფლობით დევნილობაში იმყოფება; ტაფტის აკადემიკოსი, უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს მთავარი ლობისტი და ამჟამად გუბერნატორი ოდესის რეგიონისა, რომელიც მეექვსე ადგილზე იმყოფება უკრაინის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებს შორის. იგი 200 კილომეტრში მდებარეობს ანექსირებული ყირიმიდან და დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონიდან, რომელსაც მხარს უჭერს რუსეთი.



ქართველ პოლიტიკოსთა პირველი თაობისთვის სააკაშვილი მომავლის სახე იყო. მაშინ ჩვენ განზრახული გვქონდა ისეთი „სახელმწიფოს" შექმნა, რომელიც არამარტო ფეოდალურ მმართველობაზე დაფუძნებულ ქვეყანაზე უკეთესი იქნებოდა, არამედ წარმოდგებოდა, როგორც ახალი ტიპის სახელმწიფო, არჩევანის უფლებითა და რეალური შესაძლებლობებით. და რამდენადაც საქართველო ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე გაღატაკებული ქვეყანა იყო ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით, ჩვენ მიზნის მისაღწევად დიდი ძალისხმევა გვმართებდა. ჩვენ გვჭირდებოდა, რომ მსოფლიოს დავენახეთ არა იმ თვალთახედვიდან, თუ რა ვიყავით, არამედ იმ კუთხით, როგორი შეგვეძლო გავმხდარიყავით.



დღევანდელი უკრაინის მსგავსად, საქართველოც მცირე და უფრო ფართო მასშტაბის სამოქალაქო ომებისგან წელში იყო გატეხილი. ხალხს ძლიერი ხელი ესაჭიროებოდა, რომელიც ძალაუფლებისთვის ყველა წვრილმან თამაშს ბოლოს მოუღებდა - ჩვენი საკუთარი ლიდერი, და არა მხოლოდ: სააკაშვილი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა. ამ თამაშს არ ერქვა არც „ხალხის ნება -სურვილის განმახორციელებელი დემოკრატი" და არც „ევროპეიზირებული რეფორმატორი", რადგან ეს ორივე იყო ერთსა და იმავე დროს: ერთი მხრივ, ეფექტური, ძლიერი ხელით მმართველი საბჭოთა ტიპის ლიდერი, რომელიც მზად არის, ყველა ძლიერი ხელის მქონე ბელადზე მაღლა იდგეს; და მეორე მხრივ, დასავლური ტიპის ლიდერი, რომელიც ქართველებს კანონის უზენაესობაზე ესაუბრება. ეს კი სხვადასხვა რამაა, სხვადასხვა დროისა და სხვადასხვა ხალხებისთვის განკუთვნილი.



საუბარია იმაზე, თუ როგორ შეიძლება, ერთდროულად იყო საბჭოთა და პოსტ-საბჭოთა. სააკაშვილი აკონტროლებდა უშიშროების ძალებს; თავს ესხმოდა მედიასაშუალებებს; აკონტროლებდა ყველას, ვისი შემოსავალიც რამდენიმე ათას დოლარს აჭარბებდა, მიმართავდა ყველას, ვინც ქვეყანაში ოდნავ შეძლებული იყო და „არწმუნებდა", რომ „შემოწირულობა გაეკეთებინა", და ეს ხშირად საპროცესო გარიგებების კონტექსტში ხდებოდა, ცხადი მინიშნებით „უარესი დაგემართება"; მიმართავდა წამების მეთოდებს ციხეებში, სადაც, როგორც ამბობენ, მოწინააღმდეგეთა მიზანმიმართული მკვლელობებიც კი ხდებოდა. ასეთი იყო ადგილობრივი ბელადი სააკაშვილი, რომელმაც გააკეთა ის, რაც უნდა გაკეთებულიყო.



მაგრამ არსებობდა მთავარი სცენა: სააკაშვილი, რომელიც გმირულად იბრძოდა კორუფციის წინააღმდეგ - მან მთლიანად დაშალა პოლიციის არსებული სისტემა და ნულიდან შექმნა პოლიციის ახალი კორპუსი. კაცი, რომელმაც გააადვილა ქვეყანაში გადაადგილება და გაამარტივა საიჯარო პირობები - შექმნა ხელსაყრელი გარემო (უცხოელი ინვესტორებისთვის). და ის დაუღალავად, ზოგიერთის თქმით, უგუნურადაც ეომა რუსეთს, არა იმიტომ, რომ გაემარჯვა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, არამედ იმისთვის, რომ ეჩვენებინა, თუ როგორ იბრძოდა. სხვადასხვა ვითარებაში პრეზიდენტი სააკაშვილი პრეზიდენტ პუტინთან დუელს აწარმოებდა და ყველა ხედავდა, თუ როგორი გამბედაობით უწოდებდა პატარა „პოსტ-საბჭოთა" ან „ახლო საზღვარგარეთის" სახელმწოფოს პირველი პირი პუტინს მატყუარას, „ლილიპუტინს", სამაგიეროდ კი პუტინი მას „კვერცხებით დაკიდებით" ემუქრებოდა. მოქმედებაში ერთი მეორეს აიყოლიებდა.  



მათთვის, ვინც საქართველოში მიმდინარე პროცესებს თვალყურს სისტემატურად ადევნებდა, ალბათ, ეს იყო სიურრეალისტური ადგილი, სადაც ჯონათან სვიფტისა და ჯორჯ ორუელის ფანტაზიების მოქმედება ერთდროულად ვითარდებოდა, ხოლო როდესაც ეს ორი ერთმანეთს ენაცვლება, სატირალი უფრო მეტია, ვიდრე სასაცილო. მიუხედავად ამისა, პრეზიდენტს ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, რადგან მან არსებული ვითარება შეცვალა.



არ შეიმჩნიო წარუმატებლობა, ალბათ, ეს არის მთავარი საიდუმლო, რასაც შეიძლება სტანისლავსკის სკოლის მეთოდით მმართველობა ეწოდოს. სააკაშვილს არ წაუგია ომი რუსეთთან 2008-ში; მან დაიცვა დასავლეთი! მას არ წაუგია არჩევნები 2012 წელს; მან დიდსულოვნად აღიარა დამარცხება! იგი არ გაქცევია იმ ხალხის რისხვას, რომელსაც აწამებდა; ის „ნებაყოფლობით" დევნილობაში იმყოფება! მას სწამდა კანონის უზენაესობის, რომელიც არსებობს ჩვენთვისაც, დანარჩენებისთვისაც.



საერთო შთაბეჭდილებისთვის სააკაშვილი როლს შეასრულებს; თუკი წარუმატებლობას განიცდის, ეს შეცდომა არ იქნება, მაგრამ წაგებული ოდესა აღმოჩნდება. ლიდერი, რომელიც მზად არ არის, თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა განცდილი მარცხის გამო, საშიშია, რადგანაც ის არის სრულიად უგუნური.



დრო შეიცვალა. 2015 წლის უკრაინა არ არის 2000 წლების დასაწყისის საქართველო. ის, რაც ქვეყანაში ხდება, დღეს მეტს ნიშნავს და გასაპროტესტებელიც მეტია. ეკონომიკური კრიზისი რუსეთში, რუსულენოვანი მოსახლეობა, მიმდინარე სამოქალაქო ომი, პროვოკაციული სააკაშვილი, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ტირასპოლიდან და ყირიმიდან, შესაძლოა,  კონფლიქტის კატალიზატორი გახდეს. აქ არ არის ადგილი მოჩვენებითი სიმამაცისა და ტრაბახის პოლიტიკისთვის.



მე განვიცდი, როდესაც ამ მოსაზრებებს გიზიარებთ, რადგან ნამდვილად არ ვცდილობ ქულების დაწერას სააკაშვილის წინააღმდეგ. ჩემი შეშფოთება უკრაინის მომავალს უკავშირდება, რამდენადაც მძიმე შედეგები გავლენას ახდენს როგორც საქართველოს, ასევე მოლდოვას დამოუკიდებლობაზე.



საუბედუროდ, დასავლეთის საზოგადოებას და ზოგჯერ სტრატეგიულ პარტნიორებსაც კი, და მათ შორის უკრაინასაც, ისევ სჯერა სააკაშვილის. ვაშინგტონი გაფრთხილებებს იძლევა იმ პირების პასუხისგებაში ყოფნის გამო, რომელთა წინააღმდეგაც სისხლის სამართლის საქმეებია აღძრული და რომლებიც მაღალ თანამდებობებზე იმყოფებოდნენ სააკაშვილის მმართველობის დროს. ევროპის ქრისტიან-დემოკრატები კვლავაც ცდილობენ მის, როგორც პოსტ-საბჭოთა დემოკრატიის წინამორბედად წარმოჩენას. და ახლა კი ყველასთვის უდიდესი შეურაცხყოფაა ის ფაქტი, რომ უკრაინის მმართველმა ძალებმა კაცი, რომელსაც სისხლისსამართლებრივი ბრალდებების გამო სამშობლოშო დაბრუნების ეშინია, მნიშვნელოვანი რეგიონის გუბერნატორად დანიშნეს, სადაც რუსულენოვანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილია თავმოყრილი.



საქართველო სააკაშვილის უკანასკნელ მანევრს გადაურჩება, მაგრამ იქნება კი უკრაინა ასეთივე იღბლიანი? აპირებს უკრაინა, ისეთივე ძალაუფლებით აღჭურვოს სააკაშვილი, როგორიც მას საქართველოში ჰქონდა? მისცემს მას უფლებას, თავს დაესხას ოპოზიციის შტაბ-ბინებს ან დაარბიოს ოპოზიციური რადიოსადგური და ტელევიზია იმავე მეთოდებით, როგორსაც ის საქართველოში იყენებდა, განსხვავებული აზრის ჩასახშობად? შეეგუება დაპატიმრებებს, წამებას, კერძო საკუთრების კონფისკაციას და მკვლელობებსაც კი, ისეთივე ავტორიტარული სახელმწიფოს მშენებლობისთვის, როგორიც მან  საქართველოში შექმნა? და ყველაფერთან ერთად, სურს უკრაინას, რომ მრავალრიცხოვანი რუსულენოვანი უმცირესობით დასახლებული რეგიონი იმართებოდეს იმ პირის მიერ, რომელმაც არაერთხელ გამოხატა სიძულვილი პრეზიდენტ პუტინისა და რუსეთის ფედერაციის მიმართ?



თუკი სააკაშვილი მართლაც დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, ჩვენ ამ სამწუხარო შეცდომისთვის ზეიმის საბაბი მოგვეცემა, მაგრამ უკრაინას თუ ექნება საქმე საზეიმოდ? ეს სხვა საკითხია.




თედო ჯაფარიძე


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016