ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე სოფელ მერიაში მოცვის გადამმუშავებელ საწარმოში იმყოფებოდა.
კომპანია „ვანრიკ-აგრო" ოზურგეთში, დაბა ლაითურში ლურჯი მოცვის მოყვანა-გადამუშავების პროექტს ახორციელებს. თანამედროვე ამერიკული ტექნოლოგიით აღჭურვილ გადამმუშავებელ საწარმოში, ლურჯი მოცვის ნაყოფის კალიბრაცია, შეფუთვა და სარეალიზაციოდ მომზადება ხდება.
კომპანია წარმოებული პროდუქციის 90%-ს საექსპორტოდ ამზადებს. წელს ლურჯ მოცვს ბრიტანეთის სუპერმარკეტების ქსელი „Walmart" შეისყიდის.
პროდუქცია მიმდინარე წელს ასევე გაიყიდება ჰოლანდიის, რუსეთის, სომხეთის და ბალკანეთის ქვეყნების ბაზრებზე. მოცვის გადამამუშავებელ ქარხანაში 150-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.
გამგებელი სოფელ მერიაში ახალი საგზაო კონსტრუქციის მონტაჟის პროცესს დაესწრო, რომელიც ჩინური წარმოების პროდუქტით ხორციელდება.
„ჯეო-სელი" ჩინური წარმოების ინოვაციური პროდუქტია, რომელიც ე.წ. შებენის დამჭერ კონსტრუქციას წარმოადგენს. ჯეო-ბადე დამზადებულია უმაღლესი ხარისხის სინთეტიკური მასალით და წყლის მაღალი გამტარიანობით გამოირჩევა.
„ბადის ტიპის მოწყობილობას აქტიურად იყენებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში რთული საგზაო მონაკვეთების მოსაწყობად, სკვერებსა და პარკებში. მისი შევსება შესაძლებელია ხრეშით, მიწით და ბეტონით. ეს არის საკმაოდ გამძლე პროდუქტი, რომელიც არ დეფორმირდება. კომპაქტურად განლაგებული ბადე კი გამორიცხავს დანაკარგს, მარტივად ატარებს წყალს და მისი მოწყობა განსაკუთრებით მოსახერხებელი სოფლებში, რთულ საგზაო მონაკვეთებზე იქნება", - აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.