საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინავას განცხადებით biletebi.ge-ს მიერ, სუპერთასზე დასასწრები ბილეთების რეალიზებისას დაშვებული ხარვეზების გამო, შესაძლოა UEFA-მ კრიტიკული ნაბიჯები გადადგას.
ამის შესახებ სიჭინავამ გადაცემაში „არჩევანი" ისაუბრა.
„საქმე პროფესიონალმა უნდა გააკეთოს. 6 წლის გამოცდილება არ აღმოჩნდა საკმარისი. თითის დაქნევა იქნება UEFA-გან. ცუდი რაღაც შეიძლება ამ პრობლემამ გამოიღოს. UEFA -ს ასეთი დონის მატჩის ბილეთები სალაროში არასდროს არ გაუყიდია. ამ ყველაფრის გამო ისტორიაში ნამდვილად შევედით.
მოხდება ყველა კომპანიის შემოწმება, ვინც ამ პროცესში არის ჩართული. დეტალურად შევისწავლით მათ საქმიანობას, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი პრობლემები," - განაცხადა ზვიად სიჭინავამ და რეზი არველაძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ biletebi.ge-ის გარშემო განვითარებულ პროცესებში საგამოძიებო სტრუქტურები უნდა ჩაერთოს.
„გარკვეული ეჭვები გაჩნდა, თუმცა ვერ გეტყვით, ვის ინტერესში შედიოდა ეს ყველაფერი. საბოტაჟის მცდელობები იყო. ონლაინ- რეჟიმში გაჩნდა რაღაც საიტები, რომ, თუ არა გაქვთ ქართუ ბანკის ბარათი, ბილეთს ვერ იყიდი, რაღაც მაიმუნობას ჰქონდა ადგილი," - განაცხადა ზვიად სიჭინავამ.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)