reportiori.ge - ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
პარასკევი, 08 ნოემბერი, 2024. 19:04
მთავარი თემა
ექსკლუზიური ინტერვიუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან
ავტორი:
01 ივლისი, 2015. 11:23


- ბატონო პრემიერო, ბუნებრივია, ჩვენი ინტერვიუ იმ საშინელ სტიქიურ უბედურებაზე საუბრით უნდა დავიწყოთ, რომელიც თბილისს ამა წლის 13 ივნისს დაატყდა თავს. რამდენად მომზადებული შეხვდა საქართველოს მთავრობა ასეთ მოულოდნელ კატასტროფას და რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი გუნდის მუშაობით სტიქიის დამანგრეველ შედეგებთან ბრძოლაში?

 

- პირველ რიგში, მოგესალმებით! მინდა, განსაკუთრებული პატივისცემითა და სიყვარულით მივესალმო „ასავალ-დასავალის" მკითხველს და მთელს თქვენს რედაქციას წარმატება გისურვოთ!


თქვენ მართლაც ყოველთვის იმ საჭირბოროტო თემებს აშუქებთ, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს.


რაც 13 ივნისს მოხდა, ძალიან დიდი ტრაგედიაა და მინდა, თქვენი გაზეთის მეშვეობით კიდევ ერთხელ უნდა მივუსამძიმრო გარდაცვლილთა ოჯახებს!


მომხდარმა ტრაგედიამ მთელი ერი გააერთიანა და ჩვენ ვნახეთ, როგორი კონსოლიდაცია გამოამჟღავნა საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ახალგაზრდობამ, რომელმაც უპრეცედენტო აქტიურობა გამოიჩინა.


მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა ამ ადამიანებს, ჩვენს მოხალისეებს. თითოეული მოქალაქის მოვალეობაა, ასეთ მძიმე ვითარებაში საკუთარ ქალაქს, სახელმწიფოს, მთავრობას გვერდში დაუდგეს და ჩვენმა ახალგაზრდობამ ეს მოვალეობა ბრწყინვალედ შეასრულა.


ერთი წლის წინათ, როცა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო შევქმენი, ალბათ, გახსოვთ, რომ ამის გამო ბევრმა კრიტიკა გამოთქვა, თითქოს, უშიშროების საბჭოს დუბლირება ხდებოდა და თითქოს მე პირადი უსაფრთხოების საბჭოს ვიკეთებდი, მაგრამ, თუნდაც ამ სტიქიის დღეებში, კარგად გამოჩნდა, რომ ის კრიტიკა არასწორი იყო.


დიახ, მანამდე ქვეყანაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ერთიანი ხედვა არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა ერთიანი სტრატეგია, თუ როგორ უნდა მომხდარიყო კრიზისების მართვა და როგორ უნდა ემოქმედათ მთავრობას და სხვადასხვა უწყებებს კოორდინირებულად.


ყველამ კარგად ვნახეთ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს. როგორ ქაოტურად ხდებოდა კრიზისული პროცესების მართვა, ჯარისკაცებს როგორ აძლევდნენ დავალებებს თბილისის მერი და სხვა გაუგებარი ადამიანები, რომლებსაც იმ პროცესებთან არაფერი ესაქმებოდათ.


კრიზისების მართვის ცენტრი ჩვენ ბრიტანულ მოდელზე ავაგეთ, ასევე კონსულტაციები გვქონდა ამერიკელებთან, ისრაელის წარმომადგენლებთან და მათი გამოცდილება გავიზიარეთ.


13 ივნისს იყო პირველი სერიოზული კრიზისი, როცა მთავრობამ წარმოაჩინა, რომ ორგანიზებულად მუშაობა შეუძლია! დიახ, ყველა უწყებას თავ-თავისი დავალება ჰქონდა მიღებული და კოორდინირებულად ხდებოდა კრიზისის მართვა.


თუმცა, კრიზისის დროს გარკვეული ხარვეზებიც გამოვლინდა, რაც ბუნებრივია, რადგან უშეცდომო არავინ არის.


- მაინც რა შეცდომა იქნა დაშვებული?


- შეცდომა იყო, როცა, გავრცელდა ინფორმაცია, რომელიც ერთადერთ წყაროს - ზოოპარკის ადმინისტრაციას ეყრდნობოდა და ამის მერე ვეფხვმა ადამიანი დაგლიჯა! ეს იყო ძალიან დიდი ტრაგედია!


თუმცა, საბოლოო ჯამში, სახელმწიფო უწყებებმა თავიანთ მოვალეობებს კარგად გაართვეს თავი!


მიუხედავად ამისა, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ეს გამოცდილება და კიდევ უფრო გავაძლიეროთ სახელმწიფო სტრუქტურები.


- სტიქიის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს და ოჯახებს ახლა ყველაზე მეტად თავიანთი ხვალინდელი დღე აღელვებთ - როგორ გაგრძელდება მათი ცხოვრება და რას გააკეთებს სახელმწიფო მათ კეთილდღეობისათვის?

 

- მე უკვე შევქმენი სახელმწიფო კომისია, რომელიც ვერეს ხეობასთან დაკავშირებულ პრობლემას საფუძვლიანად შეისწავლის და დაიწყება მუშაობა ამ ხეობის განვითარების გეგმაზე.


თბილისის მერიაში სამუშაო ჯგუფებია შექმნილი და სტიქიის შედეგად დაზარალებული თითოეული ოჯახის მდგომარეობის აღწერა ხდება. ყველა დაზარალებული ოჯახი დროებით დაბინავებულია და თქვენი გაზეთის საშუალებით კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა გავიმეორო - სტიქიით დაზარალებული არცერთი ოჯახი უსახლკაროდ და ხელისუფლების ყურადღების გარეშე არ დარჩება!


დიახ, სტიქიით დაზარალებულ ყველა ოჯახს სახელმწიფოს მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება და ეს საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას!


- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მთავრობა რა თანხების მოძიებასაც ვერ შეძლებს, ყველაფერს მე დავაფინანსებო. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ გქონდათ საუბარი ექს-პრემიერთან?

 

- დიახ, ამის თაობაზე ბატონ ბიძინასთან მქონდა საუბარი და მან დამიდასტურა ის, რაც საჯაროდ განაცხადა - რა თანხების მობილიზებასაც მთავრობა ვერ მოახერხებს, იგი აანაზღაურებს და ფინანსურად დაგვეხმარება!


ეს არის უდიდესი საქმე და მინდა, მთელი მთავრობის სახელით მადლობა ვუთხრა ბატონ ბიძინას!


მადლობას ვუხდი ასევე ყველა ბიზნესმენს, ვინც სტიქიით დაზარალებულთათვის შემოწირულობა გაიღო და კიდევ აგრძელებს მათ დახმარებას!


მათი მხრიდან ეს არის სახელმწიფოსა და ხალხის გვერდში დგომის გამოხატულება!


- 13 ივნისის სტიქიასთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოძიება დაიწყო. საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის ექსპერტები და სპეციალისტები, სააკაშვილის ხელისუფლების ბრალეულობაზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ვერეს ხეობაში დატრიალებული უბედურება ნაციონალების უპასუხისმგებლო და პიარზე გათვლილმა ქმედებებმა გამოიწვია, კერძოდ, იმ უხეშმა შეცდომებმა, რაც მათ ვაკე-საბურთალოს ახალი გზის მშენებლობისას დაუშვეს. როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით?

 

- დიახ, ექსპერტები მკაფიოდ საუბრობენ იმ გაუაზრებელ ქმედებებზე, რასაც ვერეს ხეობაში ჩქაროსნული მაგისტრალის გაყვანის დროს ჰქონდა ადგილი და ასევე წინა ხელისუფლების მიერ მდინარე ვერესადმი უპასუხისმგებლოდ მოპყრობაზე.


არ შეიძლება, ადამიანმა ბრძოლა გამოუცხადოს ბუნებას ყოველგვარი შესწავლისა და რისკების შეფასების გარეშე!


სანამ ვერეს ხეობაში ჩქაროსნული ავტომაგისტრალის პროექტი განხორციელდებოდა, გარემოზე ზემოქმედების შეფასება არ გაკეთებულა და ეს არის ყველაზე დიდი დარღვევა!


გარდა ამისა, ვიცი, რომ არსებობდა ბევრად უფრო უსაფრთხო რამდენიმე პროექტი, რომლებშიც საერთოდ არ იყო საუბარი მდინარე ვერეს „გადახურვაზე" და დამატებით გვირაბებში მოქცევაზე.


ასეთი უპასუხისმგებლო ქმედებები აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული!


დიახ, არ შეიძლება ამა თუ იმ მთავრობის ზერელე ქმედებებს უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვეს, ადამიანები დაიღუპონ და ეს საკითხი შესწავლისა და გამოძიების გარეშე დარჩეს!


ყველა მთავრობამ უნდა იცოდეს, რომ თავის ყველა ქმედებაზე თვითონ არის პასუხისმგებელი და ამ პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა!


- პოლიტიკური ოპონენტები სტიქიასთან დაკავშირებით თქვენი მავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობენ - როცა წყნეთი-ბეთანიის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, მთავრობას საკმარისი დრო ჰქონდა, რომ ვერეს ხეობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოეხდინა, მაგრამ ეს არ გააკეთაო. ამაზე რას იტყვით?

 

- ეს არის ჩვენი ოპონენტების მცდელობა, რომ თავიანთი უპასუხისმგებლო ქმედებები და დაშვებული შეცდომები გადაფარონ!


როგორ წარმოუდგენია ვინმეს, რომ ჩვენს მთავრობას და, საერთოდ, ნებისმიერ მთავრობას ამ სტიქიის პრევენცია შეეძლო? ასეთი და უარესი სტიქიები ყველა ქვეყანაში ხდება და ზესახელმწიფოებიც კი ვერ ახერხებენ მის თავიდან აცილებას.


ჩვენმა მთავრობამ გააკეთა ყველაფერი, რისი გაკეთებაც იმ ექსტრემალურ და ფორსმაჟორულ სიტუაციაში შეიძლებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, ტრაგედია და მსხვერპლი უფრო დიდი ყოფილიყო.


- ბატონო ირაკლი, სანამ თბილისში სტიქიური უბედურება მოხდებოდა, საქართველოს მოსახლეობის მთავარი საწუხარი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და ლარის კურსის ვარდნა იყო. ეს პრობლემა, სამწუხაროდ, დღის წესრიგიდან არ მოხსნილა და რისი თქმა შეგიძლიათ ქართველი ხალხისათვის - სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება თუ 13 ივნისს მომხდარი უბედურება კიდევ უფრო გააუარესებს ჩვენს ეკონომიკურ ყოფას?

 

- მკითხველს შევახსენებ, რომ გასულ წელს მთელს რეგიონში უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვქონდა, თუმცა, 2015 წელი ძალიან რთულად დაიწყო, რაც რეგიონში არსებული მძიმე მდგომარეობით არის განპირობებული.


კრიზისი უკრაინაში, რუსეთსა და მთელს ევროპაში, ბუნებრივია, ჩვენს ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას ახდენს.


მოგეხსენებათ, საქართველოში ადილობრივი წარმოება არ არის განვითარებული და ჩვენ სულ ორი წელია, რაც ამ მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა.


დოლარის გამყარების პროცესი დაიწყო თითქმის ყველა სხვა ვალუტის მიმართ, ხოლო ჩვენს რეგიონში, დოლართან მიმართებაში, ყველა ქვეყნის ეროვნული ვალუტა გაუფასურდა.


ყოველივე აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ საგარეო შოკები და მძიმე ეკონომიკური გამოწვევები ჩვენს ეროვნულ ვალუტაზეც აისახა, ისევე, როგორც ჩვენზე ბევრად უფრო მდიდარი და ძლიერი სახელმწიფოების ვალუტებზე.


ლარის კურსის გაუფასურებაზე ასევე გარკვეული გავლენა იქონია იმ აჟიოტაჟმა და ემოციურმა ფონდმა, რომლის შექმნაშიც დიდი როლი ითამაშეს უპასუხისმგებლო ოპონენტებმა, ე.წ. ექსპერტებმა და გარკვეულმა მედიასაშუალებებმა.


- ევრონული ბანკის როლზე რას იტყვით?

 

- უნდა ვაღიაროთ, რომ თავიდანვე იყო გაუგებრობა და კომუნიკაციების ნაკლებობა მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის!


დიახ, ეროვნული ბანკის, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროების მხრიდან შესაძლებელი იყო, მოსახლეობისათვის უფრო კარგად აგვეხსნა, თუ რა იწვევდა ლარის კურსის ვარდნას, რაც პირველ ეტაპზე, სათანადოდ ვერ გაკეთდა.


საერთოდ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის დოლარიზაციის მაღალი დონე. ჩვენს მოქალაქეებს ბანკებიდან სესხები აღებული აქვთ დოლარში. ლარში რომ ჰქონდეთ აღებული, ეროვნული ვალუტის გაუფასურება მათთვის ასეთი მტკივნეული არ აღმოჩნდებოდა. შესაძლოა, კურსის ვარდნა არც კი ეგრძნოთ.


ხაზგასმით ვამბობ, რომ ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო და ეროვნული ბანკი ურთიერთშეთანხმებულად უნდა მუშაობდნენ! მათ შორის კოორდინაციის ძალიან მაღალი დონის არსებობა გარდაუვლად აუცილებელია!


აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავრობის მხრიდან ყოველთვის არსებობდა ეროვნულ ბანკთან კონსტრუქციული ურთიერთობის სურვილი, რადგან ჩვენ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებთ და არა პირადი სურვილებისა და ემოციების მიხედვით!


- სამომავლო პროგნოზი როგორია?

 

- ეროვნული ბანკის პროგნოზით, უახლოესი თვეების განმავლობაში, ლარის კურსის შემდგომი ვარდნა მოსალოდნელი არ არის! პირიქით, ზაფხულში კურსის გამყარებას ელოდებიან, რადგან ტურისტული ნაკადების რაოდენობა იმატებს და, შესაბამისად, ქვეყანაში უცხოური ვალუტის შემოდინებაც გაიზრდება.


საერთოდ, ასეთ კრიზისულ სიტუაციაში ყველაზე მთავარია სიმშვიდის შენარჩუნება. არც მოქალაქეებმა, არც მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ემოციური გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღონ და მიზანმიმართულად შექმნილ ხელოვნურ აჟიოტაჟს არ უნდა აჰყვნენ!


- ვხვდები, რომ შეგნებულად აუარეთ გვერდი ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ქადაგიძეზე ლაპარაკს, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ - იმან, რომ ქადაგიძე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელია, არანაირი გავლენა არ იქონია ლარის კურსის ვარდნაზე? ბიძინა ივანიშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საბოტაჟში პირდაპირ დაადანაშაულა და ისიც თქვა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებმა მთხოვეს, „ქადაგიძისათვის „ქართუ ბანკის" გაკოტრების დანაშაულებრივ სქემაში მონაწილეობა მეპატიებინა და არ დამეპატიმრებინაო...

 

- ჩემი თანამდებობრივი პოზიცია არ მაძლევს იმის საშუალებას, რომ ეროვნულ ბანკსა და მის ხელმძღვანელს რამეში ღიად დავდო ბრალი. ჩემგან, როგორც მოქმედი პრემიერ-მინისტრისაგან, ამის გაკეთება მართალი არ იქნება.


თუმცა, ერთ რამეს პირდაპირ ვიტყვი - თუ იკვეთება, რომ ესა თუ ის ადამიანი რაიმე ფორმით ქვეყნის განვითარებას ხელს უშლის, ამაზე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა იმუშაონ და ყველა შესაძლო საფრთხის პრევენცია მოახდინონ.


დიახ, ყველა ცივილიზებულ სახემწიფოში უმთავრესია კანონის უზენაესობა და კანონზე მაღლა არავინ დგას! ასე უნდა იყოს ჩვენთანაც და ნებისმიერმა ადამიანმა, ვინც არ უნდა იყოს ის და რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს, ჩადენილი დანაშაულის გამო პასუხი უნდა აგოს!


- პარლამენტი იხილავს კანონპროექტს, რომლის თანახმადაც ეროვნულ ბანკს კერძო ბანკების საქმიანობაზე ზედამხედველობის ფუნქცია უნდა ჩამოერთვას. ამ ინიციატივას კატეგორიულად ეწინააღმდეგება არამარტო ნაციონალური მოძრაობა, არამედ პრეზიდენტი მარგველაშვილი და მისი ადმინისტრაციაც. ამასთან დაკავშირებით რას იტყვით?

 

- ამ კანონპროექტმა თავდაპირველად მღელვარება გამოიწვია საერთაშორისო სავალუტრო ფონდში, აზიის განვითარების ბანკ „იბიარდში", მსოფლიო ბანკში და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებში, რომლებთანაც საქართველოს მთავრობა, წლებია, თანამშრომლობს.


ეს ორგანიზაციები ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია და ჩვენ დაინტერესებულნი ვართ, რომ მათთან თანამშრომლობა კიდევ უფრო გავაღმრავოთ.


შესაბამისად, ამ საერთაშორისო ორგანიზაციებს ავუხსენით, რომ ჩვენი მიზანი არ არის ეროვნული ბანკის პოლიტიზება, პირიქით, ჩვენი ამოცანა მისი დეპოლიტიზებაა!


მეგობრებმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ძალიან სასარგებლო რჩევები მოგვცეს და მიხარია, რომ ჩვენმა პარლამენტმა ეს რეკომენდაციები გაიზიარა.


რაც შეეხება პრეზიდენტსა და მის ეკონომიკურ მრჩევლებს, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია,რატომ აქვთ მათ ასეთი სკეპტიკური დამოკიდებულება ეროვნული ბანკიდან კომერციულ ბანკებზე საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფასთან დაკავშირებით?! მათი ამგვარი პოზიცია ბევრ კითხვას აჩენს!


- პრეზიდენტი მარგველაშვილი არ გამორიცხავს, რომ ამ კანონპროექტს ვეტო დაადოს!

 

- თუ პრეზიდენტი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, მაშინ პარლამენტი მოახდენს მობილიზებას ამ ვეტოს დასაძლევად, როგორც ეს წინა რამდენიმე შემთხვევაში მოხდა და პრეზიდენტის ვეტოები დაძლეული იქნა!


- რატომ ხდება, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მთავრობასა და საპარლამენტო უმრავლესობას კრიჭაში უდგას?

 

- ეს მისი უფლებაა, სხვას ვერაფერს გეტყვით! იქნებ თავად პრეზიდენტთან ჩაწეროთ ინტერვიუ და მისგან მიიღოთ პასუხი ამ კითხვაზე!


პირადად მე, როგორც პრემიერ-მინისტრს, არამხოლოდ პრეზიდენტთან, არამედ ყველა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელთან აბსოლუტურად საქმიანი და კონსტრუქციული დამოკიდებულება მაქვს!


ჩემთვის უმთავრესია ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები!


თუ დავინახავ, რომ ხელისუფლების რომელიმე შტო საქართველოსა და ქართველი ერის ინტერესებს ეწინააღმდეგება, რა თქმა უნდა, ამაზე ძალიან მძაფრი და მკაფიო პოზიცია მექნება!


- ათონელის ქუჩაზე ახალი საპრეზიდენტო რეზიდენცია აშენდა, რომელზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 28 მილიონი ლარი დაიხარჯა, მაგრამ პრეზიდენტი მარგველაშვილი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებასა და ახალ რეზიდენციაში გადასვლაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. რა გამოდის, ხალხის ჯიბიდან 28 მილიონი წყალში გადაიყარა?

 

- აბსოლუტურად ლოგიკური შეკითხვაა და კარგი იქნება, საზოგადოებამ პრეზიდენტისაგან მოისმინოს განმარტება, რისთვის დაიხარჯა 28 მილიონი ახალი რეზიდენციის ასაშენებლად, თუკი იგი ავლაბრის რეზიდენციის დატოვებას არ აპირებდა?!


ჩემი მთავარი საზრუნავი არის ის პრობლემები, რომლებიც ჩვენს მოსახლეობას აწუხებს და არა ის, რომელ რეზიენციაში იცხოვრებს და იმუშავებს პრეზიდენტი!


დიახ, ჩემი მთავარი საზრუნავია ეკონომიკა, ჯანდაცვა განათლება, უსაფრთხოების საკითხები, ჩვენი ახალგაზრდობა, ბავშვები, რომლებსაც ჯანსაღი საცხოვრებელი პირობები არა აქვთ და ბევრი მათგანი ხარისხიან განათლებას ვერ იღებს!


სხვა რამეებზე ფიქრისთვის, უბრალოდ, დროც აღარ მრჩება!


ჩვენს სახელმწიფოს არა აქვს ფუფუნების რესურსი, თავს ფუფუნებაში ცხოვრების უფლებას ვერ მივცემთ!


ფუფუნებაში მცხოვრები მთავრობა ჩვენ 2012 წელს გავისტუმრეთ!


ავლაბრის რეზიდენციის აშენებაში სააკაშვილმა ნახევარ მილიარდ ლარზე მეტი დახარჯა, ქუთაისში პარლამენტის შენობა 360 მილიონი დაჯდა და კიდევ უამრავი უმსგავსო შენობა გვაქვს, რომლებიც აბსოლუტურად გამოუსადეგარია და მათი აშენებით ჩვენს მოსახლეობას არავითარი სარგებელი არ უგრძნია.


- მიგაჩნიათ, რომ ქუთაისის პარლამენტის შენობა გამოუსადეგარია?

 

- ჩემთვის აუხსნელია,  რისთვის იყო საჭირო პარლამენტის ქუთაისში გადატანა და რას ეფუძნებოდა ეს იდეა, თუ არა ერთი ახირებული ადამიანის ხუშტურებს?!


- თანაც, ქუთაისში პარლამენტის შენობის აშენებას დედა-შვილის სიცოცხლე შეეწირა, რომლებიც მემორიალის აფეთქებას ემსხვერპლნენ...

 

- ჩვენ მოვისმინეთ ნაციონალების უსუსური არგუმენტი, რომ პარლამენტის გადატანა ქუთაისის განვითარებას შეუწყობდა ხელს, რაც ხალხისათვის თვალებში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი. ამ შენობის აშენებისას რომ ტრაგედია მოხდა და დედა-შვილი დაიღუპა, ეს წინა ხელისუფლების დაუდევრობის შედეგია.


და ამას აკეთებდნენ მაშინ, როცა ქუთაისელებს წყლის მიწოდების მწვავე პრობლემა ჰქონდათ. ორი წლის წინათ ჩვენმა ხელისუფლებამ დაიწყო ქუთაისის საკანალიზაციო და წყალმომარაგების სისტემების აღდგენა-რეაბილიტაცია, რაშიც 100 მილიონი ევრო იხარჯება!


- ე.ი. თქვენ ფიქრობთ, რომ პარლამენტი ისევ თბილისში უნდა გადმოვიდეს?

 

- დიახ, პარლამენტი თბილისში უნდა დაბრუნდეს!


აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ უნდა იარონ დეპუტატებმა ქუთაისში და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამხელა ხარჯს რატომ უნდა ვწევდეთ?


გარდა ამისა, მთავრობასა და პარლამენტს შორის კომუნიკაციაც გართულებულია!


რაც შეეხება ქუთაისის განვითარებას, უნდა ვიფიქროთ, რომ იქ შევქმნათ კარგი საგანმანათლებლო ცენტრი და ქუთაისს თავისი ისტორიული როლი და ფუნქცია დავუბრუნოთ!


- თქვენ ზემოთ კანონის უზენაესობაზე ლაპარაკობდით, „ქართული ოცნების" ერთ-ერთი უმთავრესი წინასაარჩევნო დაპირება ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა იყო, თუმცა, ამ კუთხით, საზგადოების მოლიდინები ბოლომდე არ არის გამართლებული, თუნდაც, იმიტომ, რომ სააკაშვილის რეჟიმის სამი წარმომადგენლის - ახალაიას, მერაბიშვილისა და უგულავას გარდა, ჯერჯერობით არავინ დასჯილა. არის თუ არა სამართლიანობის აღდგენა თქვენი ხელისუფლების პრიორიტეტი?

 

- ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მძიმე გამოწვევაა!


როცა ხელისუფლებაში მოვედით, ჩვენ დაგვხვდა ათასობით დაჩაგრული, უფლებაშელახული, შეურაცხყოფილი მოქალაქე. ბოლო 9 წლის განმავლობაში 320 ათასი ადამიანი იქნა პასუხისგებაში მიცემული, ათასობით ადამიანს წაართვეს ბიზნესი, ჩამოართვეს ქონება და ა.შ.


სწორედ ამიტომ, ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ 9-წლიანი დანაშაულებრივი სისტემის არქიტექტორები, სააკაშვილით დაწყებული და სხვა მაღალი თუ საშუალო თანამდებობის პირებით დამთავრებული, პასუხისგებაში მიეცნენ და კანონის ძალით დაისაჯნენ.


- სააკაშვილს დასჯილი როგორ ჰქვია, როცა დღეს უკრაინაში ნავარდობს და ოდესის ოლქის გუბერნატორია?

 

- ეს ცალკე საკითხია, თუმცა, ჩვენმა ხელისუფლებამ გააკეთა ყველაფერი, რაც უნდა გაეკეთებინა!


ჩვენ ვერ გავიმეორებდით იმავე შეცდომას, რაც სააკაშვილის რეჟიმმა დაუშვა და ვერ დავიჭერდით ათასობით საჯარო მოხელეს, რომლებიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ჩართულნი იყვნენ 9-წლიან დანაშაულებრივ სისტემაში.


ეს ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, რეჟიმის მსხვერპლნი აღმოჩნდნენ. ბუნებრივია, ჯალათებსა და მკვლელებზე არ ვსაუბრობ, იმ თანამდებობის პირებს ვგულისხმობ, რომლებიც ნაციონალური მოძრაობის წევრები არც ყოფილან, მაგრამ მათ დროს მუშაობდნენ.


ჩვენ უნდა გადაგვედგა ნაბიჯები ერის კონსოლიდაციისა და გამთლიანებისაკენ! ჩვენს საზოგადოებას არ სჭირდება ზედმეტად გახლეჩა და დაყოფა, რადგან ბოლო 25 წლის განმავლობაში ისედაც ბევრი პრობლემა გამოვიარეთ!


ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი, აფხაზეთი, ოსეთი - ჩვენ, საქართველოს შვილებს, ამ ყველაფრის გამო ერთმანეთისათვის ბოდიშიც კი არ მოგვიხდია და ეს ცოდვა და პასუხისმგებლობა დღემდე მხრებზე გვაწევს!


მოდით, რეალისტები ვიყოთ და პირდაპირ ვთქვათ - დღეს ჩვენ არ შეგვიძლია პასუხისმგებლობა ავიღოთ იმაზე, რომ 9-წლიანი რეჟიმის დროს ჩამორთმეულ ქონებებსა და ბიზნესებს ვალუტაში დავაკონვერტირებთ და ჩვენს მოქალაქეებს თანხის სახით დავუბრუნებთ!


დიახ, ჩვენ ამის ფინანსური შესაძლებლობა არა გვაქვს, ამას ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გასწვდება და ამან,შეიძლება ისეთი კოლაფსი გამოიწვიოს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი საფრთხის წინაშე დადგეს!


- აბა, ქონებაჩამორთმეულ და ბიზნესწართმეულ ადამიანებს, რომლებიც სამართალს ეძებენ, რისი იმედი უნდა ჰქონდეთ?

 

- მოგეხსენებათ, პროკურატურაში სპეციალური დეპარტამენტი შეიქმნა, რომელმაც მსგავსი საქმეების გამოძიება დაიწყო და რამდენიმე საქმე უკვე გახსნილია - ჩვენს მოქალაქეებს წინა ხელისუფლების დროს უკანონოდ ჩამორთმეული ავტომობილები დაუბრუნდათ!


სასურველია, რომ ასეთი საქმეები პროკურატურამ უფრო დაჩქარებული ტემპით გამოიძიოს!


ჩვენმა ხელისუფლებამ ათასობით ადამიანს აღუდგინა დარღვეული უფლებები და სამართლიანობა. 17 ათასი პატიმარი ამნისტიის შედეგად ციხეებიდან გავათავისუფლეთ. ასეულობით პოლიტპატიმარს თავისუფლება მოვუტანეთ.


- პოლიტპატიმრები კი გაათავისუფლეთ, მაგრამ არცერთ იმ პროკურორსა და მოსამართლეს, რომლებმაც ამ პატიმრებს პოლიტიკური საქმეები შეუთითხნეს და ციხეში უკანონოდ გაუშვეს, დღემდე პასუხი არ უგია!


- უამრავი რიგითი პროკურორი თუ პოლიციელი, ნებსით თუ უნებლიეთ, უკანონობის მონაწილე გახდა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს ამის სურვილი არ ჰქონდა.


კიდევ ვიმეორებ, რომ არ ვგულისხმობ იმ ჯალათებს, რომლებიც საკუთარ მოქალაქეებზე ფიზიკურად ძალადობდნენ!


გავიხსენებ ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს სამეგრელოში აღმოჩენილ ფირებს, რომლებზეც, ამაზრზენი, ყოვლად არაადამიანური, სადისტური დანაშაულები იყო აღბეჭდილი! ჩვენ ეს საქმე გამოვიძიეთ, ყველა დამნაშავე პასუხისგებაში მივეცით და დღეს ისინი ციხეში სხედან!


მინდა ვთქვა, რომ სამეგრელოში აღმოჩენილი საზარელი ვიდეოფირები არის სააკაშვილის რეჟიმის რეალური სახე და ტიპური მაგალითი, თუ როგორ ეპყრობოდა ის რეჟიმი საკუთარ მოქალაქეებს!


რაც შეეხებათ მოსამართლეებს, ისინიც, რა თქმა უნდა, დანაშაულებრივი სისტემის თანამონაწილენი იყვნენ და საჭიროა მათი ჩანაცვლება სხვა უფრო ჯანსაღი, გაუსვრელი, ახალი თაობის მოსამართლეებით!


ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო სისტემას ძალიან ფაქიზად მოვეპყარით, რადგან მართლმსაჯულების პოლიტიზება არ გვსურდა!


დიახ, მოქმედ მოსამართლეებს ხელფასებიც კი გავუზარდეთ და აბსოლუტურად არ ჩავერიეთ სასამართლო სისტემაში, რადგან ვინმეს არ დაებრალებინა, რომ სააკაშვილის რეჟიმივით ვიქცეოდით და სასამართლოს ხელში ჩაგდებას ვცდილობდით!


სწორედ ამიტომ მივიღეთ დღეს დამოუკიდებელი სასამართლო, რომელიც ხელისუფლების ჩარევებისაგან აბსოლუტურად თავისუფალია!


- სასამართლომ, დეპუტატების პირადი თავდებობის საფუძველზე, წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, რომლებსაც დიდი ოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვა ედებათ ბრალად. სწორედ ეს ე.წ. „კაბელების საქმე" გახლდა ირაკლი ალასანიასა და მისი გუნდის ოპოზიციაში გადასვლის საფუძველი, დღეს კი თავდაცვის ყოფილი მინისტრი რიხიანად აცხადებს, „კაბელების საქმეში" ბიძინა ივანიშვილი დამარცხდა და მისი პირადი პოლიტიკური ტუსაღები გათავისუფლდნენო. როგორია თქვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით?

 

- ალასანიას მცდელობა, რომ ე.წ. „კაბელების საქმე" პოლიტიკურად მოტივირებულად წარმოაჩინოს, აბსოლუტურად უსაფუძვლო და ხელოვნურია!


ხელისუფლებაში რომ მოვედით და ალასანია თავდაცვის მინისტრად დაინიშნა, მან პარტიის თავმჯდომარის პოსტი დატოვა, ვინაიდან თქვა, რომ ის არის საქართველოს თავდაცვის მინისტრი და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის ლიდერი, რაც, მისი მხრიდან, სწორი საქციელი იყო.


მაგრამ, როცა ალასანიამ შეიტყო, რომ პროკურატურას გამოძიება ჰქონდა დაწყებული, იგი ჩემთან მოვიდა და მითხრა, პარტიის თავმჯდომარედ დაბრუნებას ვაპირებო! წარმოიდგინეთ, ამას მეუბნება თავდაცვის მინისტრი, რაც ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი იყო!


რამდენიმე კვირის გასვლის შემდეგ ალასანია კვლავ მოვიდა ჩემთან და მითხრა, ინფორმაცია მაქვს, რომ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების მიმართ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობსო! მთხოვა, მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაში დამეხმარე, იქნებ „დავლაგდეთო"!


ერთი სიტყვით, მთავარ პროკურორთან შეხვედრის ორგანიზებაზე უარი ვუთხარი, „დასალაგებელი" არაფერია, თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა დაისაჯოს და თუ არაფერი ჩაუდენიათ, რატომ ნერვიულობ-მეთქი?!


ამის შემდეგ ყველამ ვნახეთ, რა რეაქციაც ჰქონდა ალასანიას და ძალიან სამწუხარო იყო ის, რაც მან მოიმოქმედა!


დიახ, არცერთი ნორმალური მთავრობა და მთავრობის მეთაური არ მიიღებდა იმას, რაც ალასანიამ ჩაიდინა - თავდაცვის მინისტრის რანგში პარტიის ოფისში პრეს-კონფერენცია ჩაატარა და პოლიტიკურ განცხადებები  გააკეთა! ეს იყო თავდაცვის სამინისტროსა და ჯარის პოლიტიზების პირდაპირი მცდელობა!


შესაბამისად, მე გავაკეთე ის, რაც უნდა გამეკეთებინა! დიახ, აბსოლუტურად სწორი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება მივიღე, როცა ალასანია თანამდებობიდან გავათავისუფლე!


ის დემაგოგია, რასაც დღეს ალასანია ეწევა, აბსოლუტურად მიუღებელია! სამწუხაროდ, იგი ბაძავს თავის ყოფილ თანაგუნდელებს - ნაციონალებს, რომლებთან ერთადაც წლების განმავლობაში იმყოფებოდა!


რატომ უნდა ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებული ამა თუ იმ ადამიანის ციხეში ჩასმით? რა მოტივაცია უნდა ჰქონოდა ამისათვის? ეს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება და აბსოლუტური სიცრუეა, რასაც საზოგადოება არასოდეს მიიღებს!


- აუცილებლად უნდა გკითხოთ სააკაშვილისა და ნაციონალების უკრაინულ ეპოპეაზე...

 

- ნაციონალების დაშლილ პარტიაზე საუბარი არ გვინდა, რადგან ეს წარსულია, ჩავლილი ამბავია და ეს ადამიანები ვეღარასოდეს მოიპოვებენ საქართველოს მოსახლეობის ნდობას?


დიახ, ნაციონალებმა იმდენი დანაშაული ჩაიდინეს და ჩვენს ქვეყანას იმხელა ტკივილი მიაყენეს, ქართველი ხალხი ამას ვერასოდეს დაივიწყებს!


ქართველ ხალხს სააკაშვილისათვის განაჩენი გამოტანილი აქვს და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი!


სააკაშვილმა, რომელიც 9 წლის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტის სტატუსს ატარებდა, უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, რაშიც კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება ქართული ხალხისა და ქართული სახელმწიფოს მიმართ!


ასე რომ, სააკაშვილი არის წარსული და მასზე დროის დაკარგვა არ ღირს! ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ!


- ნაციონალურ მოძრაობას, რომელსაც თქვენ დაშლილ პარტიას უწოდებთ, ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი აქვს?

 

- გამორიცხულია, რომ ნაციონალებმა რაიმე სახით, თუნდაც სხვა პოლიტიკურ ძალებთან მიკედლებით და ალიანსის შექმნით, ხელისუფლებაში დაბრუნება მოახერხონ!


ჩემთვის ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი არ არის და დიდი ხანია, ნაციონალებზე აღარც ვფიქრობ, რადგან მათი სახით დაშლილი და ძალაგამოცლილი პარტია დავინახე!


ჩვენს მოსახლეობასაც ვურჩევ, რომ ამ საკითხზე ფიქრში დროს ნუღარ დაკარგავენ!


ჩვენს წარსულზე და ნაცმოძრაობაზე კი არა, მომავალსა და ქვეყნის გაძლიერებაზე უნდა ვიფიქროთ!


- ნაციონალებიც, ალასანიას გუნდიც, ექსპერტებიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც ძალიან ბევრს საუბრობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას კულუარებიდან მართავს და პირადად თქვენზეც, როგორც პრემიერ-მინისტრზე, დიდი გავლენა აქვს. რას იტყვით?

 

- ჩვენი ქვეყნის რეალობაში ბიძინა ივანიშვილის როლი განუზომლად დიდია და ეს ბუნებრივიცაა!


წლების განმავლობაში ვერცერთმა ლიდერმა ვერ მოახერხა საზოგადოებისა და ოპოზიციური ძალების კონსოლიდაცია, რათა ქვეყნისათვის სააკაშვილის რეჟიმი მოეშორებინა, ბიძინა ივანიშვილმა კი ეს შეძლო - მთელი ერისა და პოლიტიკური სპექტრის კონსოლიდაცია მოახდინა და უმტკივნეულოდ, ყოველგვარი გართულებების გარეშე, არჩევნების გზით შეცვალა ნაციონალების ხელისუფლება!


მე, როგორც მოქმედ პრემიერ-მინისტრს, ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილთან კომუნიკაცია რომ მქონდეს, ამაში უჩვეულო არაფერია!


ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში - ამერიკის შეერთებულოი შტატები იქნება თუ ევროპის წამყვანი ქვეყნები - მოქმედი პრემიერები და პრეზიდენტები რჩევებსა და კონსულტაციებს იღებენ ყოფილი პრეზიდენტებისა და პრემიერებისაგან, მათთან ერთად მსჯელობენ ქვეყნისათვის საჭირბოროტო საკითხებზე და ეს აბსოლუტურად ჯანსაღი მოვლენაა!


ამდენად, ყოვლად მიუღებელი და გაუგებარია ის სპეკულაციები, რაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისაგან მომდინარეობს!


- ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, შესაძლოა, პოლიტიკაში დავბრუნდეო...

 

- დიახ, თუ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების სურვილი გაუჩნდება და ამის აუცილებლობას დაინახავს, იგი ამას ყოველგვარი აჟიოტაჟისა და ხმაურის გარეშე გააკეთებს, ისე, რომ წინ ვერფერი აღუდგება!


- თქვენ ისურვებდით პოლიტიკაში მის დაბრუნებას?

 

- თავის დროზე, როცა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მე ვფიქრობდი, რომ არ უნდა წასულიყო, მაგრამ მან სხვაგვარად გადაწყვიტა!


ასე რომ, თუ დაბრუნებას გადაწყვეტს, დაბრუნდება კიდეც და ხელს არაფერი შეუშლის!


დიახ, როგორც თავად განაცხადა, თუკი საჭიროებას დაინახავს, დაბრუნების გადაწყვეტილებას მიიღებს და ამას გააკეთებს მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე!


- ცოტა ხნის წინათ იყო პერიოდი, როცა აქტიურად ვრცელდებოდა ხმები, რომ თქვენსა და ბიძინა ივანიშვილს შორის ურთიერთობა დაიძაბა. ამ ხმების აგორება გარკვეულწილად იმანაც განაპირობა, რმ ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, ღარიბაშვილს რამდენჯერმე ვუთხარი, რომ საკუთარი ნათესავები პრობლემებს შეუქმნიდნენო. ამის შემდეგ იყო მთავრობაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და ითქვა, რომ ყველა, ვინც თანამდებობები დატოვა, პირადად თქვენი კადრები იყვნენ - ჭიკაიძე, ჯანყარაშვილი, ზედელაშვილი, ჩხენკელები და ა.შ. ამ ყველაფერთან დაკავშირებით რისი თქმა შეგიძლიათ?

 

- ამ რამდენიმე წლის განმავლობაში რაც ხელისუფლებაში ვარ, როგორც იტყვიან, მტერი გავიმრავლე, იმიტომ, რომ ჩემი პრინციპებიდან და ცხოვრების წესიდან გადახვევა არ მჩვევია!


ჩემთვის კანონზე მაღლა არავინ დგას - ეს არაერთხელ განმიცხადებია და ჩემი საქმით არაერთხელ დამიმტკიცებია, რაც ყველაზე უკეთ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა იცის!


დიახ, ჩემთვის მთავარია სამართლიანობა, კანონიერება და ადამიანურობა - ამ პრინციპებზე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა და ამ პრინციპებზე ვზრდი ჩემს შვილებს!


მიმაჩნია, რომ არცერთმა თანამდებობამ და ძალაუფლებამ ადამიანური სახე არ უნდა დაგვაკარგვინოს!


სპეკულაციები და ტალახის სროლა, რასაც ამ თვეების განმავლობაში ჩემი და ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ჰქონდა ადგილი, აბსოლუტურად მიზანმიმართული, ბინძური კამპანია იყო, მაგრამ, როცა პოლიტიკაში ხარ, ასეთი რამ არ უნდა გაგიკვირდეს და უნდა აიტანო კიდეც!


ალბათ, კიდევ ბევრჯერ შეეცდებიან ჩემსა და ბიძინა ივანიშვილს შორის წყლის ამღვრევას და ჭორების მიტან-მოტანას, მაგრამ ეს სპეკულაციები სპეკულაციებად დარჩება და ამით დაინტერესებული ადამიანები საწადელს ვერ მიაღწევენ!


მე და ჩემმა მეუღლემ ოჯახი ნულიდან შევქმენით, არაფერი გამაჩნდა, მაგრამ დღეს ყველაზე ძვირფასი, რაც გამაჩნია, ეს არის ჩემი ოჯახი და ჩემი სამი ვაჟკაცი, რომლებსაც ჩემს სამშობლოს ვუზრდი!


ეს არის ჩემთვის მთავარი! სხვა დანარჩენი - კარიერაც, თანამდებობაც, ფინანსური მდგომარეობაც - დროებითია!


მე ყოველთვის ერთიანობასა და სიყვარულზე ვაფუძნებდი და ვაფუძნებ ჩემს საქმეს! ჩემთვის მიუღებელია პრინციპი - „გათიშე და იბატონე!"  ჩემი მთავარი პრინციპია - გააერთიანე და ისე მართე! მხოლოდ ერთიანობით და სიყვარულით არის შესაძლებელი კარგი საქმეების გაკეთება!


რაც შეეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს შეკითხვაში ჩამოთვალეთ, ყველა მათგანი ერთგულად ემახურა სამშობლოს!


- თქვენ თქვით, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჩემი ოჯახიაო... ცოტა ხნის წინათ ინიციატივით გამოხვედით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა, რის გამოც კრიტიკის ქარცეცხლი დაგატყდათ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. ამის შემდეგ პოზიცია ხომ არ შეგიცვლიათ?

 

- აზრი არ შემიცვლია, ისევ იმ პოზიციაზე ვარ და ვიქნები ყოველთვის!


რაზე დგას ქართული სახელმწიფო? - ჩვენს სარწმუნოებაზე, რამაც დღემდე მოგვიყვანა და ოჯახის ინსტიტუტზე, რასაც თანამედროვე, ძლიერი საქართველო უნდა დაეფუძნოს!


ოჯახს მეორე ტაძარს უწოდებენ და მწამს, რომ სწორედ ოჯახია ყველანაირი სიკეთის საწინდარი!


ამდენად, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი  და როგორც საქართველოს მოქალაქე, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კონსტიტუციაში გაკეთდეს ჩანაწერი, რომ ქორწინება და ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა! დღეს მსოფლიოში ყველა სახელმწიფო ამ საკითხს თავისებურად წყვეტს, ჩვენ კი ვთვლით, რომ საქართველოში ეს საკითხი ასე უნდა მოგვარდეს!


- ვხედავ, რომ კაბინეტში დიდი ქართველი მოღვაწეების - ილიას, ვაჟას, იაკობ გოგებაშვილის პორტრეტები გიკიდიათ. რას ნიშნავს თქვენთვის ქართველობა?

 

- ჩემი აზრით, ქართველები მთელ მსოფლიოში გამორჩეული ერი ვართ, ჩვენი ენით, დამწერლობით, კულტურით, ისტორიით, გაუტეხელი სულითა და ბუნებით, რომელიც ვერცერთმა მტერმა ვერ დაჯაბნა!


ქართველობა ჩემთვის არის დიდი სიმდიდრე და დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი დიდი წინაპრების წინაშე!


ქართველობა საამაყოა, იმიტომ, რომ ქართველი კაცი თავგანწირვას არასოდეს გაურბოდა! ჩვენი წინაპრები საკუთარ „მე"-ზე არასოდეს ფიქრობდნენ და ყველაზე მაღლა სამშოლოს ინტერესებს აყენებდნენ!


დღეს კი გადახედეთ, რა ხდება - ის ადამიანები, რომლებიც ოჯახის ინსტიტუტს ეწინააღმდეგებიან, მხოლოდ საკუთარი პირადიდან გამოდიან და მეტი არაფერი ანაღვლებთ!


გადახედეთ, როგორი ადამიანები მოისწრაფიან პოლიტიკაში - მხოლოდ ანგარება და პირადი კეთილდღეობა ამოძრავებთ, საზოგადოებაზე კი საერთოდ არ ფიქრობენ!


ჩვენი ამოსავალი წერტილი ერის გაერთიანება უნდა იყოს. პირველ რიგში, უახლოეს წარსულში დაშვებული შეცდომები უნდა ვაღიაროთ და მოვინანიოთ. კარგად უნდა გავიზიაროთ, ბოლო 25 წლის განმავლობაში რა შეგვეშალა!


ავიღოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა და დღემდე არ არის დადგენილი, რა მოხდა სინამდვილეში!


დიახ, ჩვენი სირცხვილია, რომ დღემდე ვერ გავარკვიეთ, რა ვითარებაში გარდაიცვალა საქართველოს პირველი პრეზიდენტი!


- ბატონო ირაკლი, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, „ასავალ-დასავალი" ჟურნალისტურ გამოძიებას აწარმოებს. სამეგრელოს იმ სოფლებშიც ვიმოგზაურეთ, სადაც დევნილი პრეზიდენტი სიცოცხლის ბოლო დღეებში გადაადგილდებოდა და ძალიან მნიშვნელოვანი გარემოებები იკვეთება, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ, რომ პირველი პრეზიდენტი მოკლულია! როგორ ფიქრობთ, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ოფიციალური გამოძიების საკითხი დღის წესრიგში აღარ უნდა დადგეს?

 

- მე მინდა, მივესალმო „ასავალ-დასავალის" წამოწყებას საქართველოს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალების გამოძიებასთან დაკავშირებით და მხარდაჭერა აღგითქვათ ამ საქმეში!


თუ ქვეყანაში სამართლიანობის დამკვიდრება გვინდა, აუცილებლად უნდა დავადგინოთ, როგორ და რა ვითარებაში მოკვდა დამოუკიდებელი საქართველოს პირველი პრეზიდენტი!


- ბატონო პრემიერო, ჯერ კიდევ შარშან „ასავალ-დასავალის" ფურცლებზე გამოქვეყნდა ქართველი საზოგადოების თვალსაჩინო წარმომადგენლების - ცნობილი ხელოვანების, მეცნიერების, მწერლების, პოეტების მიმართვა პირადად თქვენდამი, სადაც ისინი ითხოვდნენ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ თბილისის ცენტრიდან დემონსტრაციულად გაძევებული დავით აღმაშენებლის ძეგლი კვლავ თავის ძველ ადგილას დაბრუნდეს. რა პოზიცია გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

 

- დიახ, სააკაშვილმა ყოვლად უზნეო საქციელი ჩაიდინა, როცა ჩვენი უდიდესი და წმინდა მეფის ძეგლს შეეხო და, მოსახლეობის აზრის გათვალისწინების გარეშე, სხვაგან გადაიტანა!


ვფიქრობ, რომ მერიამ და საკრებულომ დავით აღმაშენებლის ძეგლის თბილისის ცენტრში დარუნების საკითხი უნდა განიხილონ, სპეციალისტები მოიწვიონ, საჯარო დისკუსია დაიწყონ და ამაში საზოგადოებაც ჩართონ!


რაც შეხება ველოსიპედის ძეგლს, თანამედროვე სკულპტურების წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს და არ შეიძლება, ჩვენი დიდი მეფის ძეგლს ასე უპასუხისმგებლოდ მოვეპყრათ!


- თქვენ გეკუთვნით ინიციატივა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს შოთა რუსთაველის სახელი დაერქვას. თანაც, 2016 წელს დიდი რუსთველის 850 წლის იუბილეა და როგორ აპირებს სახელმწიფო ამ უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნას?

 

- ჩემი ინფორმაციით, თბილისის მერიამ და საკრებულომ ყველა საჭირო პროცედურა უკვე გაიარეს და მომავალი კვირისათვის აპირებენ, აეროპორტს ოფიციალურად მიანიჭონ რუსთაველის სახელი!


რუსთაველი ჩემთვის, ალბათ, ისევე როგორც ყველა ქართველისათვის, ქართველობის სიმბოლოა! „ვეფხისტყაოსანი" არის გზამკვლევი და სახელმძღვანელო, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ და ვიღვაწოთ!


გადაწყეტილია, რომ შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც უმაღლეს დონეზე ჩაატარებს შოთა რუსთაველის 850 წლის იუილეს! ეს მოიცავს მთელ საქართველოს და ეს უნდა იყოს ნამდვილი სახალხო ზეიმი, ერთიანი ეროვნული დღესასწაული!


- ბოლოსკენ აუცილებლად უნდა გკითხოთ საქართველოს საგარეო პოლიტიკაზეც... ვხედავთ, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის კუთხით მაინცდამაინც სახარბიელოდ არ გვაქვს საქმე და არც რუსეთთან ურთიერთობების დალაგება ხერხდება. ცოტა ხნის წინათ სოციალურ ქსელებში ერთი ფოტოც გავრცელდა, რომელზეც ჩანს, რომ ბაქოში ვიზიტის დროს რუსეთის პრეზიდენტი პუტინი თქვენგან ერთი სკამის გამოტოვებით ზის, მასსა და თქვენს შორის კი სკამი ცარიელია. სურათზე ჩანს, რომ თქვენ, თითქოს პუტინისგან ზურშექცევით ზიხართ, რასაც ინტერნეტში დიდი განხილვები მოჰყვა. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

 

- ამ ფოტოსთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი აბსოლუტურად უსაფუძვლოა. იქ იყო მიღება, სადაც ჩვენ შედარებით ადრე მივედით და უბრალოდ, როცა ეს ფოტო გადაიღეს, ადგილები შევსებული არ იყო, მერე კი ჩვეულებრივად შეივსო!


- ანუ თქვენ რუსეთის პრეზიდენტისათვის ზურგი დემონსტრაციულად არ შეგიქცევიათ?

 

- რა თქმა უნდა, არა! გვერდით ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი მეჯდა და მას ვესაუბრებოდი, როცა ეს ფოტო გადაიღეს!


როცა უცხოეთში ვარ, ქართულ სახელმწიფოს წარმოვადგენ და ისეთს არაფერს გავაკეთებ, რითაც ჩემს ქვეყანას ჩრდილი მიადგება! ჩვენ ყოველთვის ღირსეულად უნდა მოვიქცეთ!


ორი წლის წინათ რუსეთთან პირდაპირი დიალოგი დავიწყეთ და ეს აუცილებელი იყო, რადგან არ შეიძლება, მეზობელ ქვეყანასთან სხვაგვარი ურთიერთობა გვქონდეს!


ჩვენსა და რუსეთის ურთიეროთბაში მთავარი პრობლემა, რა თქმა უნდა, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებია, მაგრამ ჩვენ პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური დიალოგი ერთმანეთისაგან გავმიჯნეთ და ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებით დიდ წარმატებებსაც მივაღწიეთ!


დიახ, ის, რომ ქართული პროდუქციისათვის რუსეთის ბაზარი გაიხსნა, ჩვენი მოქალაქეებისათვის დიდი შეღავათია და კარგია, რომ ეს მოვახერხეთ!


რუსეთთან დიალოგი უნდა გაგრძელდეს და ჩვენ მხოლოდ დიალოგის გზით უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას!


დიახ, მაქსიმალურად პრაგმატული, კონსტრუქციული დიალოგის გზით უნდა შევძლოთ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება და ჩვენ ამას ვახერხებთ!


საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ გამორჩეული ადგილმდებარეობა გვაქვს და აქედან გამომდინარე, ჩვენი ფასი კარგად უნდა გამოვკვეთოთ, რომელიც ჩვენ ქვეყანას მხოლოდ და მხოლოდ წაადგება!


- აფხაზური ენის სწავლა მართლა დაიწყეთ?

 

- დიახ, აფხაზური ენის სწავლა დავიწყე! ჩვენთან ადმინისტრაციაში მუშაობს აფხაზი გოგონა, რომელიც მეხმარება!


- რატომ გადაწყვიტეთ აფხაზურის შესწავლა?

 

- ვთვლი, რომ ამით ჩვენი აფხაზი ძმებისადმი პატივისცემას გამოვხატავ!


- დაბოლოს, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი დრო აღარ არის დარჩენილი და როგორ ფიქრობთ, გამარჯვების რა შანსები აქვს „ქართულ ოცნებას"?

 

- ეჭვიც არ მეპარება, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება" გაიმარჯვებს!


ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ადამიანებსა და ხალხზე ორიენტირებული მთავრობა ვართ!


ჩვენ ვართ სამართლიანობაზე, ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ხელისუფლება!


ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენი საქართველო გავაძლიეროთ!


კიდევ ერთხელ ვისურვებ, რომ ძლიერი ქართული სახელმწიფოს ასაშენებლად ყველანი გავერთიანდეთ!




ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი"


 

23 დეკემბერი, 2015. 17:51
‹ წინა123...910შემდეგი ›
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016