reportiori.ge - ბესო კეიდია: ერეკლე კოდუა ბადრი პატარკაციშვილის გაშავებას ცდილობს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:44
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ბესო კეიდია: ერეკლე კოდუა ბადრი პატარკაციშვილის გაშავებას ცდილობს!
ავტორი:
01 ივლისი, 2015. 17:38


„რეპორტიორის" რედაქციამ მიიღო წერილი ბადრი პატარკაციშვილის უახლოესი მეგობრისგან ბესო კეიდიასგან, რომელსაც უცვლედად გთავაზობთ.


არ შემიძლია უყურადღებოდ დავტოვო ვანო მერაბიშვილის დროინდელი შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნის ერეკლე კოდუას თავხედური გამოხდომა, რომელიც „რეპორტიორში" წავიკითხე.


კარგად მესმის, რაზეც მიგვანიშნებს ქართული ანდაზა - ნუ გაქექავ, აყროლდებაო, მაგრამ კოდუასნაირებს თუ არ უპასუხე, თუ სიმართლე პირში არ მიახალე, ისე გათავხედდნენ, რომ ინტერუიუების მიცემა დაიწყეს და საკუთარ პერსონებს საქართველოსთვის თავდადებულ გმირებად წარმოგვიდგენენ.


კოდუას ყური რომ დაუგდო, მან „სპეცოპერაცია განახორციელა ბადრი პატარკაციშვილის მიმართებაში", რომელიც თურმე კანონიერი ყოფილა.


კაცი ასეთ აბდაუბდას რომ ეტყვის ჟურნალისტს - „მანდ რაც მოხდა, ის მოხდა. არაფერი დამატებული არ არის და „დაჟე" პირიქით, აკლია. ბოლომდე ვერ მივიყვანე ის ღონისძიება", ასეთ მოუბარს სერიოზულად ვერ უპასუხებ, მაგრამ როცა სამშობლოდან გაქცეული ეს შეშინებული ვირთხა თავის მართლებას სხვისი დადანაშაულებით ცდილობს, ეს უკვე სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.


„მაგ ადამიანს (ამბობს იგი ბადრი პატარკაციშვილზე) არ უნდოდა საქართველოსთვის არაფერი კარგი, მაგ ადამიანს უნდოდა ხელისუფლების ძალისმიერი გზით გადატრიალება და ბევრი ადამიანი მოკვდებოდა მაგ დროს"... წერს ეს პრიმიტიივი და „გვიხსნის", რას ნიშნავს „ხელისუფლების ძალისმიერი გადატრიალება": „თუ გახსოვთ, ზვიადის დროს რაც იყო, აი მაგ დროს  მივიღებდით".


საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება, რაც ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის გვირგვინი იყო, ამ ყოფილ პოლიციელს „სახელმწიფო გადატრიალებად" მიაჩნია და სუვერენიტეტის ის პერიოდი, რომელიც „ზვიადის დროს იყო", ისეთ უბედურ დროდ, როცა ბევრი ადამიანი კვდებოდა, ან უნდა მომკვდარიყო.


ბოდვაა გაუგებარი!


სააკაშვილის ედემის ბაღში ნაცხოვრებ-გაქსუებული კოდუების კლანის წარმომადგენელს ასე აქვს ტვინი გადატრიალებული! მხოლო ამით თუ აიხსნება მისი ნათქვამი, რომ ბადრი პატარკაციშვილს „არ უნდოდა საქართველოსთვის არაფერი კარგი".


წლების განმავლობაში ბატონ ბადრის გვერდით ვიმყოფებოდი, საქართველოში მის მიერ განხორციელებულ სასიკეთო საქმეებში მიმიღია მონაწილეობა და პირდაპირ ვაცხადებ, იმას, რაც ბადრიმ ჩვენი ქვეყნისთვის გააკეთა, ბევრი ვერ დაიტრაბახებს.


სანამ მის მამულიშვილურ საქმეებს გაგახსენებთ, გაგიმხელთ ერთ ფაქტს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ბევრმა არ იცის.


ერეკლე კოდუა ბადრის ინფორმატორი იყო. მისნაირები ბევრი ჰყავდა სააკაშვილის ხელისუფლებაში, მათ შორის, შინაგან საქმეთა საქმეთა სამინისტროში, ასევე - „ნაციონალურ მოძრაობაში". ისინი და მათთან ერთად, ცხადია, კოდუაც სისტემატიურად აწვდიდნენ ცნობებს მნიშვნელოვანი პროცესებისა და საინტერესო ფაქტების შესახებ.


ამან რაღაცნაირად გაჟონა და ამიტომ იყო, კოდუას მისმა ხელმძღვანელებმა ეჭვის თვალით რომ შეხედეს და მის ლოიალობაში დასარწმუნებლად ბადრისთან დაკავშირებული საეჭვო ოპერაციის განხორციელება მაინცდამაინც მას დაავალეს. ისიც იძულებული გახდა, დათანხმებულიყო, რადგან მხოლოდ ასე შეძლებდა თავის გადარჩენას: დავალების მიმცემთა ლოგიკით ბადრი კოდუას ენდობოდა, რადგან გადაბირებულ კაცად მიაჩნდა, რაც კოდუას გაუადვილებდა საიდუმლო დავალების შესრულებას. თუ გაიშიფრებოდა, შსს ხელს დაიბანდა და უსიტყვოდ გასწირავდა კოდუას.


აქვე დავძენ, ბადრი არ იყო ისეთი გულუბრყვილო და მიმნდობი ადამიანი, როგორიც ერთი შეხედვით ჩანდა. მეგობრებისთვის თავგადადებული იყო, მტრების მიმართ - დაუნდობელი. კოდუამ ეს იცოდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ თუ ბოლომდე გაიშიფრებოდა, მარტო თანამდებობა კი არა, შეიძლება თავიც დაეკარგა.


კოდუას თუ დავუჯერებთ, მას ბოლომდე ვერ მიუყვანია თავისი საქმე. ინტერვიუში ნათქვამი აქვს, რომ ბადრის მისთვის არ მიუცია იმ პირების სია, რომელთა ლიკვიდაცია უნდა მოეხდინათ, თუმცა მათზე ელაპარაკა. იგი სიტყვასიტყვით ამბობს:  ბადრი „იმ ადამიანების სიას მომცემდა, ვისზეც მან მითხრა, რომ ეს ადამიანები უნდა მომკვდარიყვნენ"... ანუ დაუსახელა, უთხრა, ვინ უნდა მოეკლათ („მომკვდარიყვნენ"), მაგრამ მათი სია არ მიუცია.


მაინცდამაინც დაწერილი სია უნდა მიეცა?! აკი უთხრა, ვინც უნდა „მომკვდარიყვნენ"?!


ე.ი. ამ თემაზე ლაპარაკი საერთოდ არ ყოფილა!


არ გაინტერესებთ, რა იყო მიზეზი, ბოლომდე რომ ვერ მიიყვანა ბადრი პატარკაციშვილის მხილების საქმე? პოლიტიკოსების სიჩქარე! რას ნიშნავს „პოლიტიკოსების სიჩქარე", მიდით და არკვიეთ! როგორი ქართულიც იცის, იმ ქართულით ლაპარაკობს.  მადლობა ჟურნალისტს, ვინც ამ ჩიქორთულის გამართვით თავი არ შეიწუხა...


კატეგორიულად ვაცხადებ: ბადრი პატარკაციშვილი არ იყო ის პიროვნება, რომელიც ვინმეს ლიკვიდაციას შესთავაზებდა კოდუას. თავის პოლიტიკურ ცხოვრებას იგი სხვის გვამებზე არ ააგებდა. მით უფრო გამორიცხული იყო, პოლიციის გადმობირებული თანამშრომლისთვის შეეთავაზებინა ვინმეს მოკვლა.


ეს ერთი.


მეორე. აი, ბადრის ლიკვიდაციას კი არაერთხელ შეეცადნენ. „რეპორტიორისთვის" მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში მე უკვე ვილაპარაკე ამის შესახებ. ახლა გავიმეორებ.


საქართველოს სპეცსამსახურების ერთ-ერთმა თანამშრომელმა ზუგდიდში ყოფნისას ფრიად საიდუმლოდ შემატყობინა, რომ დღე-დღეზე ბადრის ტერაქტს მოუწყობდნენ.


პატარკაციშვილი ურეკში ისვენებდა. ასეთ საიდუმლოს ბადრის ტელეფონით ვერ შევატყობინებდი. ჩავჯექი მანქანაში და რამდენიმე საათში, ახალ გათენებულზე ბადრის სახლთან ვიყავი. ვხედავ, ბადრი ეზოში სეირნობს. მივედი და ვუთხარი, რაც შევიტყვე.


- ვიციო, - მიპასუხა ბადრიმ, - ყველა ზომა მიღებულია და ნუ ღელავო.


მალე ვივიწყებთ ყოფილი დიდმოხელეების უღირს საქმეებს. ასეთი ამნეზია გვჭირს. ამიტომ გაგახსენებთ იმას, რაც ყველამ ვიცოდით: ერთი კოდუა რომ აპატიმრებდა, მეორე კოდუა, მისი ძმა, ბიზნესს ართმევდა პატიოსან ადამიანებს.


ახლა იმაზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას, რაც კოდუას მიხედვით ასე ჟღერს: „მაგ ადამიანს არ უნდოდა საქართველოსთვის არაფერი კარგი".


უამრავ ეკლესიაში ვყოფილვართ და ღვთის ყველა სახლისთვის ფული შეუწირავს ბადრის, მცირე თანხა არ ყოფილა.


მცხეთის ქალაქის რეკონსტრუქცია ჰქონდა ჩაფიქრებული. დახურულ ქალაქს აკეთებდა, დაცულ ქალაქს, რომლის ცენტრში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მთელი თავისი დიდებულებით იქნებოდა აღმართული.


ეს პროექტი დაახლოებით 130 მილიონი დოლარი ჯდებოდა. ფული გამოყოფილი ჰქონდა. ბოლომდე რომ მივედით, ატეხეს ერთი ამბავი პრესაში, აქეთ გუბერნატორმა - მცხეთას რომ აკეთებ, თიანეთსაც და ყაზბეგსაც მოგვიხედეო, იქით „პატრიოტებმა" - ბადრის კაზინოების გახსნა უნდაო. დიდი ყვირილი ატყდა და უარი ათქმევინეს შევარდნაძეს ამ პროექტზე. არადა, მასთან ყველაფერი იმთავითვე იყო შეთანხმებული.


მოკლედ აფხაზეთის შესახებ.


ჯერ ძალისმიერი მეთოდით ამ კუთხის დაბრუნებას აპირებდა 2000-კაციანი მობილური, სრულად აღჭურვილი ჯარის ნაწილის მეშვეობით. შევარდნაძემ თავიდან მოიწონა ეს პროექტი, შემდეგ უპირატესობა აფხაზეთში ეკონომიკური განვითარების გზით შესვლას მიანიჭა. ბადრის დავალებით თითქმის ორი წლის განმავლობაში ვიყავი აფხაზეთში, ვიყიდეთ ბიჭვინთის ტერიტორია, სანატორიუმები. ცხონებული ფულს მაძლევდა აფხაზეთის ომში დაღუპული ჩვენი მოხალისეების საფლავების მოსავლელად. გუდაუთაში აფხაზებთან ერთად ავამუშავეთ თამბაქოს ფაბრიკა.


აფხაზეთში ისე მიღებდნენ, როგორც შინაურს, თანაც ის აფხაზები, რომლებიც მაგარი სეპარატისტები იყვნენ. გუდაუთაში მათთან ვცხოვრობდი.


დავაზუსტებ, რომ ფული, რომელიც აფხაზეთში იხარჯებოდა, მარტო ბადრის არ იყო, ბერეზოვსკისაც ეკუთვნოდა. ბერეზოვსკი მაქსიმალურად ცდილობდა, აფხაზეთი საქართველოს დაბრუნებოდა. მისი და ბადრის 20-30 მილიონი დოლარი დღესაც არის აქ ჩადებული.


ჭეშმარიტი მამულიშვილი იყო.


თქვენს მკითხველებს ისიც მინდა ვუთხრა, რომ ბადრის მემკვიდრეობას დღეს ნამდვილი პატრონი ჰყავს მისი ქვრივის ინგა გუდავაძის სახით. ამ ადამიანმა გამოცდილი ბიზნესმენივით მისხალ-მისხალ თავი მოუყარა ბადრის გაფანტულ ქონებას, რომლის მითვისებას ბევრი არაკეთილსინდისიერი ადამიანი ცდილობდა. ქალბატონი ინგა ბადრის ხსოვნის სადარაჯოზე შეურყევლად დგას და დარწმუნებული ვარ, რომ კოდუას მსგავს ბინძურ ცილისმწამებლებს საკადრის პასუხს გასცემს.


მე კი ჩემი ვთქვი.

 

ბესო კეიდია


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016