reportiori.ge - ღია წერილი გურამ როგავას: მე, ჟურნალისტი, გურამ გორელიშვილი, ღირსების ორდენის კავალერი, ამჟამად ვმუშაობ ყარაულად!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 09 ნოემბერი, 2024. 20:40
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ღია წერილი გურამ როგავას: მე, ჟურნალისტი, გურამ გორელიშვილი, ღირსების ორდენის კავალერი, ამჟამად ვმუშაობ ყარაულად!
ავტორი:
01 ივლისი, 2015. 18:09


„რეპორტიორში" სტუმრად გვეწვია ცნობილი ჟურნალისტი გურამ გორელიშვილი; ერთ-ერთ კოლეგა ჟურნალისტზე განაწყენებულმა მცირე რეპლიკის გამოქვეყნება გვთხოვა. „რეპორტიორის" სარედაქციო პოლიტიკა თანამოკალმეების საქმიანობის განკითხვას არ ითვალისწინებს; თუმცა ბატონ გურამს უარი ვერ ვუთხარით და მის გულისტკივილით სავსე წერილს უცვლელად გთავაზობთ.


ამასთან მოგვაწოდა უნიკალური კადრები, რომლებიც 1993 წლის თებერვალშია გადაღებული და ამ ამბავთან ერთად პატარა ისტორიაც მოგვიყვა.


სოხუმში მყოფმა ქართველმა ჟურნალისტებმა გაიგეს, რომ ტყვარჩელთან ახლოს დაკავებულ ვერტმფრენში ჟურნალისტებიც იყვნენ და სავარაუდოდ ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულდებოდა. ბატონმა გურამმა საქმის კურსში ჩააყენა ედუარდ შევარდნაძე და მისი საგანგებო ნებართვით შეძლო აფხაზი ჟურნალისტების გადარჩენა, რომლებიც შემდეგ სოფელ მერხეულში გადაიყვანა. დანარჩენს უკვე თავადაც იხილავთ; დავამატებთ, რომ სიუჟეტის ავტორი გახლავთ გურამ გორელიშვილი, ოპერატორები ჯანო ინაძე და რამაზ ბატატუნაშვილი, რეჟისორი თენგიზ მოდებაძე.

 

 

 

 

წუხილი სხვისა სიკეთისა ზედა!...

(სულხან-საბა)


ბილწსიტყვაობას არ ვარ ნაჩვევი, ამიტომ თუ არაკორექტულად რამე წამომცდა, წინასწარ გიხდით ბოდიშს.


ამ დღეებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მასმედიის საშუალებებით გაჟღერდა, რომ 13 ივნისის სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალისა და სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ჟურნალისტთა გარკვეული ნაწილი მართლაც რომ იმსახურებს პატივისცემასა და მადლიერებას. სულ მალე ამ ინიციატივას მოჰყვა ტელეკომპანია „იმედის" ტელეჟურნალისტის,  გურამ როგავას კომენტარი.


მაშ ასე დავიწყოთ: პირველი, რაც თვალში საცემია, facebook-ზე გამოქვეყნებულ ფოტოზე, რომელიც კიევში ცენტრალურ მაიდანზეა გადაღებული, „ჯავშან-ჟილეტში" გამოწყობილ ქართველ ჟურნალისტს თავი ილია მურომეცი ჰგონია და ისეთი მზერა აქვს,  ალბათ ნატრობს ერთი მუზარადი და კარგი  ბედაურიც მომცაო. შემდეგ ეტყობა, შერცხვა, „მარიაჟობაში" არ ჩამეთვალოსო, ჟილეტი გაიხადა, კამერის შტატივი დაიკავა და ნამდვილი ჟურნალისტის სახე მიიღო. იმავდროულად ტექსტში რაღაც-რაღაცეები შეცვალა, თუმცა შინაარსი იგივე დატოვა.


ახლა მოდით ჩეხეთში შევიაროთ, სადაც ჩვენი „მარიაჟი" ჟურნალისტი ერთ-ერთ სემინარზე ყოფილა მივლინებული. თურმე ნუ იტყვით და იქ მეგობრობის ძაფიც კი გაუბავს (მისი მონაყოლია) „ვიზიტკებიც" გაუცვლია და როდესაც კოლეგის ერთ-ერთ ვიზიტკაზე წაუკითხავს „ქვეყნის დამსახურებული ჟურნალისტი" - სიცილისაგან ცხვირიდან „ცინგლები" წასკდომია. ბოლოს თავი იმით დაიმშვიდა, რომ თურმე საქართველოშიც ცხოვრობენ ე.წ. „დამსახურებული" ჟურნალისტები, „გურამიკოს" (სეხნია მაინც არ იყოს) ვერ წარმოუდგენია, ჟურნალისტი, გნებავთ მასწავლებელი, ინჟინერი, ექიმი, მსახიობი, რატომ ან რის გამო უნდა იყოს დამსახურებული. ამ ვაჟბატონს განსაკუთრებული ალერგიააქვს და ელეთ-მელეთი მოსდის ღირსების ორდენითა თუ მედლებით დაჯილდოებულ ჟურნალისტებზე. ვითომ შენი გასარჩევია ვის რა დამსახურება მიუძღვის ქვეყნისა და ერის წინაშე?დასაჯილდოებელ პირთა კომისიის თავმჯდომარე ხარ თუ ერის ავან-ჩავანის დამკანონებელი?


წელიწადი და 42 დღე პირველი არხის (მაშინ სხვა არხები არ იყო) საინფორმაციო პროგრამა „მოამბის" გადამღები ჯგუფი ქართველ მეომრებთან ერთად ვიცავდით გაგრას, სოხუმს, ოჩამჩირეს. შენ ვინ მოგცა იმის უფლება გამილანძღო გმირულად დაღუპული ვაჟკაცის, კინოსა და თეატრის მსახიობის, გმირი ვაჟკაცის, გორგასლის ორდენის კავალერის საშა იოსელიანის სახელი?! შენი აუგად სახსენებელია ღირსების ორდენის კავალერი მოამბის სპეცკორესპონდენტი რეზო ოსეფაიშვილი ან ღირსების მედლის ორდენოსანი ქ. ქუთაისის სპეციალური კორესპონდენტი დიანა ციბაძე... ტელეკომპანია „იმედის" ტელე-ოპერატორი ბადრი პატარკაციშვილის თანაკლასელის, გმირი კაცის, ჯანო ინაძის სახელი, რომლის შექმნილია აფხაზეთის ომის ამსახველი დოკუმენტური საარქივო მასალები. შენ, არამარტო ჩვენ, არამედ ომიდან დაბრუნებულ, დაინვალიდებულ და სარეცელს მიჯაჭვულ გმირებსა და მათ ოჯახებსაც მიაყენე შეურაცხყოფა!


რაც შეეხება მთავრობის კალთაგადაფარებულ ჟურნალისტებს (თურმე ბინები მოგვცეს და კრედიტები დაგვიფარეს) გეტყვი, რომ შენნაირმა ვითომ პატრიოტმა (უკრაინაში, სადმე თუ გადააწყდი - მომიკითხე) და ტელევიზიის იმჟამინდელმა ხელმძღვანელმა ზაზა შენგელიამ მარტო ერთ ღამეში სამსახურიდან 200 ადამიანი გამოგვყარა. 11 წელი უმუშევარი ვიყავი და ვიღებდი ომის ვეტერანის 22 ლარიან (8 $) დახმარებას. მე, ჟურნალისტი, გურამ გორელიშვილი, ღირსების ორდენის კავალერი, სვხადასხვა პრემიების ლაურეატი, ამჟამად ვმუშაობ ყარაულად და, ჩემი ყოველთვიური შემოსავალი 420 ლარია. შენ რომ გკითხოს კაცმა, კრედიტები დაგვიფარეს და ბინებით დაგვასაჩუქრეს.


ერთ ადგილას იძახი, რომ მტაცებლის ინსტიქტები კარგად გქონია განვითარებული. უკვე მერამდენედ იქექები და დაუკითხავად მპარავ ჩემი პირადი არქივიდან აფხაზეთში გადაღებულ მასალებს! ნუთუ დედამ ბავშვობაში არ გასწავლა, რომ ასეთ საქციელს ქურდობა ჰქვია? .... შენ რაღაც „სხვა რაკურსით" გვიყურებ. „ზიზილპიპილოები" და „ბროშკიანები" გვერდით კაბინეტებში მოიკითხე.


და ბოლოს, მე ვერ ვუღალატებ ჩემი გარდაცვლილი გმირების სულებს, მე ვერ ვუღალატებ ჩემს გურამ კუციავას, ვახტანგ (გოჩა) ხუნდაძეს, ვახტანგ კობაიძეს, ირინა გოგოსაშვილს (მიკვირს აქამდე ხმას რომ არ იღებს), მარკ რივკინს, მერაბ ბერაძეს, ბადრი ცირამუას, გელა ქოქიაშვილს, გოგა ჭყონიას, ჩემი, ძველი „მოამბის" 200-კაციან შეკრულ კოლექტივს!


წერილის დასასრულს, მინდა ერთი რამ გითხრა: ნებისმიერ შრომას, იქნება ეს ყარაულის, მენაგვისა თუ პრემიერ-მინისტრის, დაფასება სჭირდება და თუ ვინმეს ამისთვის ჯილდოსაც მისცემენ (ნებისმიერს), უნდა გაგვიხარდეს და გვესიამოვნოს. იმით თავის მოწონება - ეს ჩემი საქმეა და ამისთვის მადლობა არ მჭირდებაო, ელემენტარული მეტიჩრობაა და ამით ყელყელაობა კიდევ უფრო უარესი!




პატივისცემით, გურამ გორელიშვილი


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016