ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა და განათლების მინისტრმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ყოფილი ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში გადატანის ინიციატივით მიმართეს. პოეტი დათო მაღრაძე პრემიერ-მინისტრის ამ ინიციატივისადმი დადებით განწყობას მიესალმება.
„ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა და განათლების მინისტრმა პრემიერ-მინისტრს მიმართეს ინიციატივით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში გადატანის თაობაზე. გარდა ამისა, შეიქმნას ხელნაწერთა დაცვის სახელმწიფო ფონდი. ეს არის უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია. ეს მედიის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს. შეთავაზებული იყო რამდენიმე ალტერნატიული ვარიანტი, თუმცა პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ ხელნაწერთა შენობა აუცილებლად ეროვნული ბანკის ისტორიულ შენობაში უნდა იქნას განთავსებული. პრემიერის ეს წინადადება იქნება კულტურაზე ზრუნვის სამაგალითო ნიმუში! პრემიერმა შეთავაზებული ინიციატივებიდან, ყურადღება შეაჩერა ეროვნული ბანკის შენობაზე და თქვა, რომ ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება. კიდევ ვიმეორებ, პრემიერის მხრიდან ეს არის კულტურაზე რეალური ზრუნვის დასაწყისი", - განაცხადა მაღრაძემ.
გარდა ამისა, ხელნაწერთა ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძისა და განათლების მინისტრ თამარ სანიკიძის პრემიერთან შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს კორნელი კეკელიძის სახელი დაუბრუნდება, 30 ივნისი კი ხელნაწერის დღედ დაწესდება.