წინა წელთან შედარებით ქვეყანა ერთი საფეხურით დაწინაურდა. მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) მიერ შედგენილი Doing Buisness 2014 ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს მოიცავს. მასში მითითებულია, რომ 2005 წლის შემდგომ რეგიონის ყველა ქვეყანაში ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის რეფორმები გატარდა იმ სფეროებში, რომლებიც „ბიზნესის წარმოებაშია" შეფასებული. 26-მა ქვეყანამ ბიზნესის გამარტივებაზე მიმართული სულ 477 რეფორმა განახორციელა - ანუ საშუალოდ თითო ქვეყანაში 18 რეფორმა გატარდა, რაც გაცილებით მეტია ნებისმიერი სხვა რეგიონის მონაცემებზე. ამ პერიოდში რეგიონში ყველაზე მეტი რეფორმა (36) საქართველომ განახორციელა (რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით), მას მოჰყვება ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა - მაკედონია 31 რეფორმით.
Doing Buisness 2014-ში მსოფლიოს 189 ქვეყანა მოხვდა, საქართველოს სამხრეთ კორეა უსწრებს და ნორვეგია მოსდევს. რეიტინგის წამყვან პოზიციებზეა სინგაპური, ჰონგ-კონგი, ახალი ზელანდია, აშშ, დანია, მალაიზია. საქართველოს მეზობელი სომხეთი 37-ე პოზიციას იკავებს, აზერბაიჯანი - 70-ე, რუსეთი 92-ე, უკრაინა 112-ე, თურქეთი კი 69-ე ადგილზეა.
მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC-ის) ერთობლივი კვლევა „ბიზნესის წარმოება" რეგულაციების იმ პროცედურების ანალიზს აკეთებს, რომლებიც კონკრეტული ქვეყნის ბიზნესებს მათი არსებობის მანძილზე შეეხება; მათ შორის ხდება ბიზნესის დაწყებასთან და ოპერირებასთან, საერთაშორისო ვაჭრობასთან, გადასახადის გადახდასთან და გადახდისუუნარობის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებული რეგულირების პროცედურების ანალიზი. ბიზნესის წარმოების საერთო შეფასება 10 ინდიკატორს ეყრდნობა.
ცალკეული კატეგორიების მიხედვით საქართველოს პოზიცია ასე გამოიყურება: სამშენებლო ნებართვების მიღება - მე-2 ადგილი; ელექტოენერგიის ხელმისაწვდომობა - 54-ე; ქონების რეგისტრაცია - პირველი; კრედიტების ხელმისაწვდომობა - მე-3; ინვესტორთა დაცვა - მე-16; გადასახადების გადახდა - 29-ე; ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა - 43-ე; კონტრაქტების შესრულების უზრუნველყოფა - 33-ე, გაკოტრების დარეგულირება - 88-ე.