სუპერთასის 75-ლარიანი ბილეთი ონლაინ მარკეტზე 300 დოლარად იყიდება. ბილეთების მფლობელი განცხადებაში წერს, რომ ბილეთებს გარანტიით ყიდის. აღნიშნულ ინფორმაციას დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, პარტია „ეროვნულების" ხელმძღვანელი სანდრო ბრეგაძე აღმაშფოთებელ ფაქტს უწოდებს და ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელს მიმართავს:
„არასოდეს მიტრაბახია ამით, მაგრამ თავს ვთვლი (გულშემატკივრის დონეზე) ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო მცოდნედ და გულშემატკივრად. 1979 წლის „დინამო"-„ლივერპულის" თამაშის შემდგომ არ გამომიტოვებია არცერთი მნიშვნელოვანი თამაში (სსრკ ჩემპიონატი, დუბლები, 1ლიგა, 2ლიგა, საქართველოს ჩემპიონატი და ა.შ.). ხშირად ასიოდე მაყურებელთან ერთად მარტო ვმჯდარვარ საქართველოს ჩემპიონატის თამაშზე და ვერც მე, ვერც ჩემმა ნაცნობმა ვერცერთმა გულშემატკივარმა ვერ შევიძინეთ 1 ბილეთიც კი და აგერ ვიღაც ნაძირალა გადამყიდველ-ბარიგები 700 ლარად (300 დოლარი) გვთავაზობენ სუპერთასის ბილეთებს.
მინდა, მივმართო ფედერაციის სამარცხვინო პრეზიდენტ სიჭინავას - შენ, მეგობარო, აქ კატების ცირკი ხომ არ გგონია (დირექტორი იყო კატების ცირკის), აქ ვართ ხალხი, რომლებიც მაშინ, როდესაც შენ მოსკოვის ბაზარში საქონელს ყიდდი, მაშინ წვიმასა და თოვლში ფეხბურთის საგულშემატკივროდ თამაშს არ ვტოვებდით, „ოჩერედში" ჩადექითო, რომ გვეუბნები, შენ ეს ხალხი კუკლაჩოვის ცირკის მოთვინიერებული კატები ხომ არ გგონია? კეთილი ინებე და აიღე პასუხისმგებლობა ამ მარაზმზე და პასუხი აგე, ხოლო ბილეთების გაყიდვა ნაცნობ გადამყიდველებს კი არ მიანდო, არამედ იმ ხალხს, ვისაც ხელეწიფება, უეფა-ს სუპერთასის ფინალი საფეხბურთო ზეიმად აქციოს და არა „დელეცურ" ფულის საშოვნელ საქმედ. იმედია, სამართალდამცავები დაინტერესდებიან ამ სამარცხვინო მოვლენით და არ დაუშვებენ ათიათასობით გაწბილებული პატიოსანი გულშემატკივრის პროტესტს, რომელიც იმ ნაციონალებს აწყობთ, რომელთაც თავის დროზე ძალადობით მოიყვანეს ეს ხელმძღვანელობა", - წერს სანდრო ბრეგაძე.