თუმანიშვილისა და რუსთაველის თეატრები ქველმოქმედების მიზნით გაერთიანდნენ. 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში სპექტაკლით „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" წარსდგა.
სპექტაკლის დანიშვნის დღესვე ყველა ბილეთი გაიყიდა. რუსთაველის თეატრის დიდი დარბაზი 800-მდე მაყურებლით შეივსო.
სპექტაკლი გამოირჩევა არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლით. განსაკუთრებით აღსანიშნავია გოგა პიპინაშვილისა და ნინელი ჭანკვეტაძის მიერ შექმნილი ოსეფასა და ელისაბედის დაუვიწყარი სახეები.
„ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" - ვოდევილი ორ მოქმედებად:
რეჟისორი - გოგი მარგველაშვილი.კომპოზიტორი - ნინო ჯანჯღავა.მხატვარი - ნინო ჩიტაიშვილიმონაწილეობენ: გია აბესალაშვილი, ეკა ანდრონიკაშვილი, ქეთი ასათიანი, ზურაბ გეწაძე, ირინა გიუნაშვილი, ვანო თარხნიშვილი, გუგა კახიანი, ნანუკა ლითანიშვილი, გოგა პიპინაშვილი, გიორგი ყიფშიძე, ნინო ჩხეიძე, ნინელი ჭანკვეტაძე.
სპექტაკლიდან შემოსული თანხა, რომელიც 9 500 ლარს შეადგენდა, სტიქიით დაზარალებულებს გადაერიცხათ.
რაფიელ ერისთავის პიესის მიხედვით „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს" ტელესპექტაკლის პრემიერა 1975 წელს შედგა. ვასო გოძიაშვილმა და ზაზა (ზაირა) ლებანიძემ დაუვიწყარი სახეები შექმნეს. თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლის პრემიერა 1995 წლის 10 ივლისს გაიმართა.