უეფას სუპერ თასი, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპა ლიგის თასები ქვეყნის 13-ვე რეგიონში იმოგზაურებს.
თასების თავგადასავალი საქართველოში 3 ივლისს სიმბოლურად ქალაქ ფოთიდან - ქართული ფეხბურთისათვის გამორჩეული ქალაქიდან დაიწყება. სწორედ ამ ქალაქში მეოცე საუკუნის ათიან წლებში შეიქმნა პირველი ქართული საფეხბურთო კლუბი და ფეხბურთი, როგორც სპორტის სახეობა შემოვიდა საქართველოში.
თასები 13:00 საათზე ფოთის თეატრის წინ მოწყობილ სცენაზე განთავსდება, სადაც ყველა მსურველს, გულშემატკივარს ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე სასურველი თასების ახლოდან ნახვისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცემა. პარალელურად, გაიმართება კონცერტი, ასევე, მოეწყობა მინი სპორტული მოედანი, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს და ასევე, ფოთში ჩამოსულ ცნობილ ქართველ ფეხბურთელებს შეეჯიბრებიან.
შეგახსენებთ, რომ უეფას სუპერ თასის მატჩი 11 აგვისტოს თბილისში, „დინამო არენაზე" გაიმართება. ერთმანეთს უეფას ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი გამარჯვებული „ბარსელონა" და ევროპა ლიგის გამარჯვებული „სევილია" დაუპირისპირდებიან.