სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით სუპერთასის ბილეთებთან დაკავშირებული გაუგებრობის ზვიად სიჭინავაზე გადაბრალება არამართებულია.
ხეჩიკაშვილის განცხადებით, უმადურობაა, როდესაც უეფას ბრალეულობაზე საუბრობენ.
„ყველაზე დიდი უმადურობა ის არის, რომ შექმნილ სიტუაციაში ფეხბურთის ფედერაციის ზოგიერთმა წევრმა თითი გაიშვირა უეფასკენ. ეს არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია და პირიქით, მადლობა უნდა ვუთხრათ, რომ ნდობა გამოგვიცხადა.
დღეს განტევების ვაცი მარტო ზვიად სიჭინავა რომ იყოს, ეს არ იქნება სწორი. ფედერაციაში ბევრი რამ კარგი გაკეთდა და არ უნდა დავუკარგოთ. მაგრამ, იმასაც უნდა მივეჩვიოთ, რომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს გუნდმა. ზვიად სიჭინავას გინება დღეს ყველაზე ადვილია, იმიტომ, რომ ის კაცი მიდის. სხვათაშორის მას ყველაზე დიდი შანსი აქვს, რომ არსებულ სიტუაციაში დარჩეს, მაგრამ მას ეყო ვაჟკაცობა და ამბობს, რომ მიდის. ახლა მასზე ხელის შეწმენდა არ არის სწორი.
პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ყველა იმ ადამიანმა, რომელიც აღმსრულებელ გუნდშია."- განაცხადა ხეჩიკაშვილმა გადაცემაში „რეაქცია."
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)