სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების მსჯავრდებულებს შეხვდა, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ინდივიდუალური კონდიცირების ახალი სისტემის მონტაჟის სამუშაოები დაათვალიერა და პატიმართა სამედიცინო პრევენციულ გამოკვლევებს დაესწრო. მსჯავრდებულთა კვლევები სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინიციატივით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მხარდაჭერითა და N1 პოლიკლინიკის ექიმ-სპეციალისტების დახმარებით ჩატარდა.
ექიმ-კონსულტანტებმა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N3 დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს სამედიცინო მომსახურება უსასყიდლოდ გაუწიეს. ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს კონსულტაცია შემდეგი ექიმ-სპეციალისტების მიერ გაეწიათ: ნევროლოგი, უროლოგი, ნარკოლოგი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, დერმატოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი. ასევე ჩაუტარდათ ელექტროკარდიოგრაფიული, ექოკარდიოგრაფიული და ულტრასონოგრაფიული კვლევები, ღვიძლის ელასტოგრაფია.
დაწესებულებაში განახლდა აფთიაქი, რომლის მედიკამენტებით აღჭურვა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, თვეში ერთხელ გეგმიურად მიმდინარეობს. აფთიაქში ბრალდებულებისა და მსჯავრდებულებისთვის 500-მდე დასახელების მაღალი ხარისხის მედიკამენტია ხელმისაწვდომი.
სასჯელაღსრულების N3 დაწესებულების პარალელურად პრევენციული გამოკვლევები N15 დაწესებულებაშიც ჩატარდა და ივლისის განმავლობაში მსჯავრდებულები სრულად იქნებიან გამოკვლეულები. აღნიშნული გამოკვლევები უკვე ჩატარდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის N5, N8, N11, N17 დაწესებულებებში.
სამედიცინო პროფილაქტიკური გამოკვლევები წლის ბოლომდე გაგრძელდება და სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებას მოიცავს.