სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, უეფას სუპერთასის ბილეთების გაყიდვების მხრივ მაქსიმალურად ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ხეჩიკაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ ბილეთები გადამყიდველების ხელში არ მოხვდეს, გარკვეული რეგულაციები იქნება განსაზღვრული.
ამის შესახებ მინისტრმა ჟურნალისტებს უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ის ვალდებულება, რაც აიღო სახელმწიფომ, ბუნებრივია, შესრულებულია და გრაფიკით მიდის. ამაში გულშემატკივრებიც უახლოეს პერიოდში დარწმუნდებიან. ახლა ყველაზე დიდი პრობლემა გულშემატკივრებისთვის არის ბილეთები. ის პრობლემები, რომელიც წარმოიშვა, ძალიან ცუდია და ამას ყველა განვიცდით. აუცილებელია, ერთობლივად გადაწყდეს ეს პრობლემა. უახლოეს პერიოდში კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს უეფას სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამთავრობო კომისია, სადაც განიხილება ყველა შესაძლო რისკები, რომელიც ფედერაციამ და ყველამ, ვინც იქნება ჩართული, უნდა გაითვალისწინოს."- განაცხადა მინისტრმა.
რაც შეეხება კითხვას, რა სანქციები შეიძლება დაწესდეს biletebi.ge-სთვის, ხეჩიკაშვილმა აღნიშნა, რომ დღეს მთავარი ამოცანაა, ბილეთები გაიყიდოს და მაქსიმალურად უნდა შეეცადოს ყველა, რათა კიდევ სხვა გაუგებრობები არ შეიქმნას და ამის შემდეგ შეიძლება ამაზე ფიქრი.
"რაც შეეხება გადამყიდველების რისკს, მაქსიმალურად მუშაობენ ამ მიმართულებით", - განაცხადა ხეჩიკაშვილმა და აღნიშნა, რომ შესაბამისი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, ოპერატიული რეაგირება მოხდება.
(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)