„ამ ფილმის გადაღება დავასრულე და მისი პრემიერა 11-12 ივლისს ტელკომპანია „იმედის" ეთერში შედგება. ფილმს ჰქვია „მერაბ კოსტავა - ცხოვრება და მოღვაწეობა!" - განცხადებას კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში აკეთებს:
„7 ივლისს 60 წლის ვხდები და ისე დაემთხვა, რომ ამ ფილმებით ქართველ საზოგადოებას თითქოს ანგარიშს ვაბარებ!
მე რომ ვარ ავტორი, ამიტომ არ ვამბობ, უბრალოდ, მერაბ კოსტავას შესახებ გადაღებული 2-საათიანი დოკუმენტური ფილმი მართლა ძალიან საინტერესო გამოვიდა! ამ ფილმით ქართველი საზოგადოება მერაბ კოსტავაზე ისეთ რაღაცებს გაიგეს, რაც არავინ იცის!
ამ ფილმის გადასაღებად ხუთ ქვეყანაში - პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიაში, უკრაინასა და რუსეთში ვიყავი. ინტერვიუები ჩავწერე მსოფლიოში სახელგანთქმულ დისიდენტებთან, რომლებიც ფილმში მერაბ კოსტავაზე ლაპარაკობენ!
ვფიქრობ, ქართველი საზოგადოება მერაბ კოსტავაზე გამაოგნებელ ამბებს შეიტყობს!
მადლობა მინდა გადავუხადო ტელეკომპანია „იმედს", რომელიც ამ ფილმს საკუთარ ეთერში უშვებს!
საერთოდ, იმედი მქონდა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი" გაუშვებდა, მაგრამ უარი მითხრეს! ეტყობა, „პირველ არხზე" არსებულმა საბჭომ მიიჩნია, რომ მერაბ კოსტავაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი ქართველი საზოგადოებისათვის საინტერესო არ არის!" - აცხადებს გოგა ხაინდრავა.
წყარო: „ასავალ-დასავალი"