reportiori.ge - ჩარლი ჩაპლინის საყვარელი ქალები
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 21 სექტემბერი, 2024. 14:43
სხვადასხვა
ჩარლი ჩაპლინის საყვარელი ქალები
ავტორი:
08 ივლისი, 2015. 10:00


ამბობენ, რომ ბოშა ქალმა მას ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში უწინასწარმეტყველა, რომ მდიდარი და ცნობილი გახდებოდა, 3-ჯერ დაქორწინდებოდა, სამი შვილის მამა იქნებოდა და 82 წლის ასაკში გარდაიცვლებოდა. ამ წინასწარმეტყველების ნაწილი ნამდვილად ახდა _ ჩარლზ სპენსერ ჩაპლინი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი გახდა და 82 წლის ასაკში წავიდა ამქვეყნიდან. მაგრამ ქორწინებებისა და შვილების რაოდენობასთან დაკავშირებით ბოშა ქალი შეცდა. ჩაპლინი 4-ჯერ დაქორწინდა, თავის რჩეულებთან კი 10 შვილი შეეძინა.


მსახიობი ედნა პერვიენსი ჩაპლინს 1915 წელს შეუყვარდა. ის ეძებდა მსახიობს ქალის როლისთვის ფილმში „მთელი ღამე". ჩაპლინს ერთ-ერთმა კოლეგამ ედნა გააცნო. ედნამ ის პირველი ნახვისთანავე მოხიბლა. ჩაპლინმა პერვიენსი თავისი ფილმების მუდმივ გმირად აქცია. ედნამ ჩაპლინის 33 ფილმში ითამაშა. მნიშვნელოვანია, რომ ჩარლიმ მას ფილმებში მონაწილეობა მათი რომანის დასრულების შემდეგაც შესთავაზა. ჩარლისა და ედნას რომანი სამ წელიწადს გაგრძელდა. ისინი ერთმანეთს იმის გამო დაშორდნენ, რომ ურთიერთნდობა დაკარგეს. თუმცა ამის შემდეგაც შეინარჩუნეს მეგობრობა.


ჰოლივუდში ჩაპლინს დონჟუანისა და ქალთა გულთამპყრობელის რეპუტაცია ჩამოუყალიბდა. მის ცდუნებას ვერ უძლებდა ვერც ერთი ახალგაზრდა ქალი. 1917 წელს ჩარლიმ გაიცნო ნორჩი მსახიობი მილდრედ ჰარისი.


ისინი დროს სასიამოვნოდ ატარებდნენ. მაგრამ მასზე დაქორწინებას ჩარლი არ აპირებდა, ვიდრე გოგონამ არ განუცხადა, რომ ორსულად იყო.


სამწუხაროდ, ჩარლის პირველ ქორწინებას ტრაგედია მოჰყვა. მათმა პირმშომ მხოლოდ სამ დღეს იცოცხლა. ეს მათი ურთიერთობის დასასრულის დასაწყისი გახდა. ცოლ-ქმარი გამუდმებით ჩხუბობდა. ჩარლის აღიზიანებდა, რომ მილდრედი ყველაფერს საკუთარი სურვილისამებრ აკეთებდა, მას რჩევას არ ეკითხებოდა. თუ გავითვალისწინებთ, რომ მილდრედი გონიერებით არ გამოირჩეოდა, ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებდა, მარცხით მთავრდებოდა. შედეგად ცოლ-ქმარმა გაყრა გადაწყვიტა, მაგრამ მილდრედმა შეთანხმება დაარღვია. სასამართლოს დარბაზში ქმარი სასტიკ მოპყრობაში დაადანაშაულა. ჩარლიმ მილდრედს 25 ათასის ნაცვლად, რომელიც მას კანონით ეკუთვნოდა, 100 ათასი დოლარი შესთავაზა, იმ პირობით, თუ მის არსებობას სამუდამოდ დაივიწყებდა. მილდრედი დასთანხმდა.


გერმანელ მსახიობთან, პოლა ნეგრისთან ხანმოკლე და მღელვარე რომანის შემდეგ ჩაპლინმა გადაწყვიტა, საკუთარი თავი მთლიანად შემოქმედებისთვის მიეძღვნა. თუმცა ფილმის „ოქროს ციებ-ცხელების" გადაღების დაწყებისთანავე მის ცხოვრებაში ლიტა გრეი გამოჩნდა. ეს ქალი ნამდვილ ციებ-ცხელებასავით იყო. მასთან ურთიერთობა ძალიან მძიმე და მტანჯველი აღმოჩნდა ჩარლის ყველა რომანს შორის. როდესაც 18 წლის ლიტამ ჩაპლინს განუცხადა, რომ მისგან ბავშვს ელოდებოდა, მან ლიტას 20 ათასი დოლარი შესთავაზა, რათა პირადი ცხოვრება უზრუნველეყო, მაგრამ გრეიმ უარი უთხრა. ახალგაზრდობის მიუხედავად, ლიტა იშვიათი პრაგმატიზმით გამოირჩეოდა. მან გაიაზრა, რომ ჩაპლინი მისთვის გამდიდრების იდეალური საშუალება იყო და სასამართლოთი დაემუქრა, თუკი ცოლად არ შეირთავდა.


ჩაპლინი იძულებული გახდა, დანებებულიყო, მაგრამ ოჯახური ცხოვრება ჯოჯოხეთად ექცა. ვითარება არ შეცვლილა ორი ვაჟის დაბადების შემდეგაც. ბოლოს ლიტამ თავად შეიტანა სასამართლოში განცხადება გაყრის შესახებ. მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ის პრაგმატული ქალი იყო. სწორედ ამიტომ მოითხოვა უფლება ჩაპლინის ქონებაზე - ფულზე, აქციებზე, სტუდიაზე და ფილმ „ოქროს ციებ-ცხელებაზეც" კი, რომელიც ეკრანებზე ახალი გამოსული იყო. ყველაფერი იმით დამთავრდა, რომ ჩაპლინმა ლიტას 800 ათასი დოლარი გადაუხადა, მათ შორის 200 ათასი დოლარი დედასთან დარჩენილ შვილებს ეკუთვნოდათ.


ყოფილ ცოლთან გატარებული ჯოჯოხეთის შემდეგ ჩაპლინი გონზე დიდხანს ვერ მოვიდა. მაგრამ უკვე „ახალი დროების" გადაღების დროს, 1932 წელს მის ცხოვრებაში ახალი ქალი გამოჩნდა - პოლეტ გოდარი. მათ ღია ზღვაში, იახტაზე იქორწინეს. პოლეტმა დიდი ენთუზიაზმით დაიწყო „ვარსკვლავის მეუღლის" როლის თამაში. ის ბევერლი-ჰილზში, ჩარლის სახლში გადავიდა. თუმცა თავად ჩაპლინისთვის ეს ქორწინებაც მძიმე ტვირთი აღმოჩნდა. ფილმ „დიდი დიქტატორის" გამოსვლის შემდეგ ჩარლი და პოლეტი ერთმანეთს დაშორდნენ.


ბედი ჩარლის კიდევ ერთ სიყვარულს უმზადებდა. ამჯერად ეს მშვიდი, ბედნიერი და გულწრფელი სიყვარული იყო. ჩაპლინს ცნობილი დრამატურგის იუჯინ ო'ნილის ქალიშვილი უნა ო'ნილი შეუყვარდა.


თითქოს მათ საერთო არაფერი ჰქონდათ. ეს იყო ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც კინოში კარიერის გაკეთებას ცდილობდა. რით უნდა მოეხიბლა, უკვე ასაკოვანი, სიყვარულისგან იმედგაცრუებული მამაკაცი? ან როგორ მიიზიდა ჩაპლინმა ის?


ჩაპლინი ეჭვობდა. ის ფიქრობდა, რომ კვლავ ფულსა და დიდებაზე მონადირე ქალს შეხვდა. ის თავიდან ვერ მიხვდა, რომ უნას მისი ფული არ აინტერესებდა. კოლოსალური ასაკობრივი სხვაობის მიუხედავად, უნას ჩარლი უგონოდ შეუყვარდა. ჩარლი უნაზე 36 წლით იყო უფროსი.


ჩარლის ყოფილი საყვარლების ინტრიგების, რეპორტიორების გამუდმებული დევნისა და უნას მამის პროტესტის მიუხედავად, ისინი მაინც დაქორწინდნენ. აღსანიშნავია, რომ ჩაპლინი სიმამრზე ერთი წლით უფროსი იყო.


დაქორწინების შემდეგ მალევე უნამ კინოკარიერაზე უარი თქვა და თავი მთლიანად ოჯახს მიუძღვნა. ცოლ-ქმარი შვეიცარიაში გადავიდა და ქალაქ ვევესთან ახლოს დასახლდა. მათ ბედნიერი ოჯახი შექმნეს. ამდენი ძიების შემდეგ ჩაპლინმა ნამდვილი სიყვარული იპოვა და სიცოცხლის ბოლომდე მისი ერთგული დარჩა. უნასა და ჩარლის 8 შვილი შეეძინათ, ყველაზე უმცროსი მაშინ დაიბადა, როდესაც ჩარლი 72 წლის იყო.




წყარო: premieri.ghn.ge, მოამზადა მაკა სვიმონიშვილმა


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016